შემოგვიერთდი

08.04.2014 12:48

გადაცემა „განსხვავებული აქცენტები“ „რუსთავი 2“-ზე - ინტერვიუ ეკა კვესიტაძესთან

გელა ბოჩიკაშვილი
ინტერვიუ

ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს 6 თვეზე მეტია, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში საავტორო გადაცემა -„აქცენტები“ დაუხურეს და ხელშეკრულება შეუწყვიტეს. ამის შემდეგ მას ჟურნალისტად არ უმუშავია. მიმდინარე 2014 წლის 26 თებერვალს კი სტუდია „დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი“ დააარსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან გააფორმა ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით კვესიტაძის სტუდიამ „რუსთავი 2“-თვის გადაცემები უნდა მოამზადოს.

ახალი გადაცემის შესახებ Media.Ge ეკა კვესიტაძეს ესაუბრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. 

ეკა კვესიტაძე

ეკა, რა ტიპის გადაცემას ამზადებთ?

ავირჩევთ ერთ მთავარ თემას და გადაცემა დაეთმობა ამ თემის ანალიზს - გავშლით საკითხს და იმას, რაც ხდება, მოვყვებით ისე, რომ მაყურებლისთვის გასაგები იყოს.

გვაქვს პრეტენზია გადაცემა იყოს ანალიტიკური, საგამოძიებო ელემენტებით. თემებად იმ საკითხებს შევარჩევთ, რაც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ეს თემები აქტუალურიც იქნება. გადაცემა კვირის მთავარ თემაზე მიბმული არ იქნება, მით უფრო, რომ ეს არ იქნება ყოველკვირეული.

გადაცემების მომზადებისას აქტიურად ვითანამშრომლებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

რა პეროდულობით გავა ეთერში და რა ხანგრძლივობის იქნება?  

რა პერიოდულობით გავა გადაცემა არ ვიცი. ჯერ იყო საუბარი, რომ გასულიყო თვეში ერთხელ. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ თვეში ორჯერ გავუშვათ. არ ვგეგმავთ ყოველკვირეულ გადაცემას, რადგან თემების ღრმად დამუშავებას დიდი დრო სჭირდება.

ნახევარ საათიანი გადაცემები მომზადდება - ამაზე ჩამოვყალიბდით. შეთანხმებული ვართ გადაცემის დღესა და დროზეც. შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე გვგემავთ, რომ გადაცემა კვირას საღამოს „კურიერი P.S.“-ის შემდეგ გავიდეს. 

ახლა რა ეტაპზეა პროექტი და როდიდან დაიწყება?

დედლაინი არ გვაქვს გადაცემის დაწყებისთვის. უკვე თემებზე და გადაცემის შეფუთვაზე ვმუშაობთ. როგორც კი მზად გვექნება დავიწყებთ. ალბათ, 1 ან 2 კვირაში გაირკვევა, როდის შევძლებთ ეთერში გასვლას.

გადაცემის სახელზე უკვე შეთანხმდით?

„განსხვავებული აქცენტები“ ერქმევა.

ეს სახელი რატომ შეარჩიეთ?

იმიტომ არა, რომ გადაცემა „აქცენტებს“ ვაკეთებდი 5 წელი. ძალიან მომწონს ეს სახელი. „განსხვავებული აქცენტები“ ძალიან კარგად ასახავს გადაცემის მიმართულებას, დანიშნულებას და მიზანს. ჩვენ შევეცდებით განსხვავებული აქცენტებით ვაჩვენოთ თემები. იმის გამო, რომ ბევრ სახელზე ვიფიქრეთ და ეს განსაკუთრებით მოგვეწონა, გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა.

გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე ვინ გგონიათ თქვენი კონკურენტები ქართულ მედიაში?

მგონი, სხვა არხზე არ არის მსგავსი პროექტი, ერთ თემას რომ ვრცლად შლიდნენ და ცალკე გადაცემა მზადდებოდეს.

ვინ მუშაობს „განსხვავებული აქცენტების“ მომზადებაზე და იგეგმება თუ არა ვინმეს დამატება?

მუშაობს ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი, სამი ანალიტიკოსი და მე. მე ვიქნები გადაცემის ავტორი და წამყვანი. მუშაობის პროცესში გამოჩნდება, თუ იქნება საჭირო ვინმეს დამატება.

თქვენ დარეგისტრიდით ცალკე ორგანიზაციად, რატომ?

ჩვენ არ ვართ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები. დავრეგისტრირდით შეზღუდლი პასუხისმგებლობის საზოგადოებად (შპს), დამოუკიდებელი ორგანიზაცია ვართ და „რუსთავი 2“ შეიძენს ჩვენს პროდუქციას.

გადავწყვიტეთ, რომ ცალკე სტუდია გაგვეკეთებინა, ცალკე ორგანიზაცია. ვუთხარით, „რუსთავი 2“-ის ხელმძღავნელობას, ეს იდეა მოეწონათ და ორმხრივი შეთანხმებით ვარჩიეთ ასეთი ურთიერთობა.

რატომ გადაწყვიტეთ „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობა?

ბუნებრივია, როცა აკეთებ გადაცემას გინდა, რომ ყველაზე რეიტინგულ არხზე გავიდეს. ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“ არის საკუეთესო არხი საქართველოში. ჩემი სურვილი ნამდვილად იყო, რომ ამ არხზე გაკეთებულიყო გადაცემა. ასეთი სურვილი გაუჩნდა ნიკა გვარამიასაც და ჩვენი სურვილები დაემთხვა.

თქვენ მუშაობდით წინა წელისუფლების დროსაც, თქვენი აზრით შეიცვალა თუ არა რამე მედიაში და რა როლი ექნება თვქენს გადაცემას?

რადიკალურ ცვლილებებს მედიაში ვერ ვხედავ. გადათამშება მოხდა, დღეს „რუსთავი 2“ არის ოპოზიციური არხი. ოპოზიციურს ამას დავარქმევ - არხი, სადაც ყველაზე მეტი კრიტიკა ისმის. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მონოპოლიის აღებას ცდილობს ხელისუფლება, ამის მაგალითი გვაქვს. არის ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც პროსახელისუფლებო არხად ითვლება და არის შედარებით უფრო ნეიტრალური „მაესტრო“.  რეალურად სიტუაცია არ შეცვლილა - წინა ხელისუფლების დროსაც იყო ლოიალურად და კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ხდება, რამაც შეიძლება ყველაფერი შეცვალოს „ფიფლმეტრებია“. იმ ორგანიზაციაზე [TV MR საქართველოზე] შეტევამ, რომელიც ტელერეიტინგებს ადგენს, შეიძლება მთლიანად დაანგრიო ბაზარი. დამოუკიდებელი მედია დამოკიდებულია რეიტინგებზე და შემოსავლებზე. ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა „რუსთავი 2“-თვის. ყველაზე მეტი რეიტინგი მას აქვს და სარეკლამო ბაზრის ყველაზე დიდი წილიც მასზე მოდის.

რაც შეეხება ჩვენს გადაცემას. არ ვიცი, რას შეცვლის ჩვენი გადაცემა და რა როლი ექნება მას მედიაში. ყოველშემთხვევაში, ჩვენი მიზანია, რომ მაყურებელს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემაზე და ამან რეზონანსი გამოიწვიოს, გადაცემის შემდეგ დაიწყოს ამ თემაზე საუბარი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პროფესიულად მომზადებული, ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით და არა შეფასებებით გავაკეთით გადაცემა. ალბთ, ეს იქნება განსხვავება სხვა გადაცემებისგან. შევეცდებით, ფაქტები და არგუმენტები ავკინძოთ, შეფასებები კი მინიმალურად გამოვიყენოთ. მაყურებელს ფაქტებს როცა მიაწვდი, მან თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა, რა ხდება და როგორ ხდება. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test