შემოგვიერთდი

26.04.2014 21:18

GNCC-იმ ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გამოცხადებული კონკურსის ვადა გაახანგრძლივა

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

ციფრული

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად ქსელის (მულტიპლექსი) აშენებისთვის გამოცხადებული კონკურსის ვადა გაახანგრძლივა. საბუთების მიღება 2 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მულტიპლექსის აშენების მსურველ პირებს განაცხადების მიღება 28 მაისს 19:00 საათამდე შეეძლებათ.

კონკურსის ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თიკო ტყეშელაშვილმა ჯერ კიდევ 16 აპრილს განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელმა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო კონკურსის გადაწევა, იმისათვის რომ მსურველებს მეტი დრო ჰქონოდათ მოსამზადებლად. საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს ეკონომიკის სამინისტრო ხელმძღვანელობს.

კონკურსი ხუთი ლიცენზიის მოსაპოვებლად ცხადდება. თითოეული ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 1000 ლარია.  ლიცენზიიდან, ორი MUX-A და MUX-B მულტიპლექს პლატფორმების შესაბამისი სიხშირული რესურსი გაიცემა მხოლოდ ღია საეთერო მაუწყებლობისთვის. ორივე ლიცენზია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობის გავრცელებას უზრუნველყოფს.

კონკურსის ფარგლებში განსაზღვრულია 10 ლოტი.

თითიეული კონკურსანტის მიერ წარდგენილი საბუთები კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შეფასდება, რომელიც წინასწარ განსაზღვრული ფორმულით გამოითვლება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის თანახმად, კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს და სხვა საჯარო მოხელეს; პოლიტიკურ პარტიას და იურიდიულ პირს, რომლის წილს, ან აქციებს პირდაპირ, ან ირიბად ფლობს სახელმწიფო. კომისიის განცხადებით, კონკურსანტის ბენეფიციარი მესაკუთრეებიც შემოწმდება.

კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძველი შეიძლება გახდეს კონკურსანტის მიერ წარდგენილი ყალბი ინფორმაცია, პირი აგრეთვე  ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას თუ წარდგენილი დოკუმენტაციიდან თუნდაც ერთ-ერთი არ შეესაბამება კონკურსით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან წარდგენილია ალტერნატიული გეოგრაფიული კოორდინატების  შესაბამისად ქსელის დაგეგმარების  პროექტი, რომელიც არ იქნა დამტკიცებული კომისიის მიერ.

მოსამზადებელი საკონკურსო სხდომა, სადაც კონკურსში მონაწილე პირების დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნება,  2014 წლის 2 ივნისს 13:00 საათზე ჩატარდება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კონკურსთან დაკავშირებით ყველა კონკურსანტს და დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების და პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცემა, 2014 წლის 30 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება. უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, სადაც გამარჯვებული კომპანია/კომპანიები გამოვლინდება, 2014  წლის 1 ივლისს  13:00 საათზე ჩატარდება.

ამ ეტაპზე მხოლოდ „სტერეო+“-ს წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა, რომ მისი კომპანია კონკურსში მონაწილეობას აპირებს, სხვა კონკურსანტების ვინაობა უცნობია.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test