შემოგვიერთდი

ირაკლი ტაბლიაშვილი

მე მაქვს ჩემი რეაქცია! - რამდენიმე შენიშვნა გრიგოლიას „რეაქციაზე“

04.05.2014 10:56

საქართველოს პარლამენტის მიერ აწ უკვე სამი მოსმენით მიღებულ და პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაგზავნილ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე საკუთარი პოზიცია, მგონი, ყველამ დააფიქსირა - ეკლესია... პოლიტიკური პარტიები... ცალკეული პოლიტიკოსები... ექსპერტები... - უკანასკნელი დღეებია, გადაივსო ეთერი „ყველა ჯურის“  სპიკერით - თავდაცვის ყოფილიმა და მივიწყებულმა მინისტრმა კიტოვანმაც კი  თქვა საკუთარი სიტყვა - ტრადიციულად რთულად, მაგრამ - ბევრისათვის მისახვედრი - გასაგები გზავნილებით!

ამ, სიტყვა-უხვ სპიკერთა ნაწილის არაკვალიფიციურ მოსაზრებათა განხილვა არ არის ჩვენი დღევანდელი საზრუნავი - არანაკლებ საინტერესოა მედიის ქმედება მოჭარბებული და გადმოხეთქილი ემოციების ფონზე... იმ „მედიის ქცევა“, რომელიც, თემას, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ აუვლიდა.

არ მინდა, შევცდე, მაგრამ, ანტიდისკრიმინაციული კანონის განშლა პირველად  „ევრონიუსის“ „მიმბაძველ“ „მაესტროზე“ ვიხილეთ - ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი, რომლის სტილიც ძალიანაც მოგვწონდა არხის განახლებამდე და, უფრო კი, ერთი მისი კოლეგის ეთერში აგრესიულად დაბრუნებამდე, მშვიდი სახით ესაუბრებოდა ერთ „გამორჩეულ“  სტუმარს - „რაინდ“ ლევან ვასაძეს.

მიუხედავად „სოდომისა და გომორის“ ცოდვის „დაკანონებისა“, ბედნიერებას რომ არ ეძებს ის სტუმარი, დიდად აღელვებული არ ჩანდა...ტრადიციულად, წონასწორობა არ დაუკარგავს არც მშვიდ წამყვანს... ესაუბრა, ესაუბრა - ვასაძის აზრებს თავადაც უსმინა და ჩვენც გვასმენინა და მშვიდადვე მიამთავრა ათწუთიანი, მაგრამ, მაინც მოსაწყენი ეთერი. არადა, წამყვანს „რაინდისათვის“ შეეძლო ეკითხა, მაგალითად - აპირებს თუ არა ეს უკანასკნელი ვეტოს დადების შესახებ რჩევის მიცემას მეგობარი გიორგი მარგველაშვილისათვის, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტია... მაღალი ალბათობით, ვასაძე ამ კითხვას დადებითად უპასუხებდა - რესპექტაბელურ მედიას მიეცემოდა ვასაძის გავლენებზე სერიოზული მსჯელობის საინფორმაციო საფუძველი, ხოლო ყვითელ მედიას კი გაუჩნდებოდა სურვილი, ავლაბრის რეზიდენციის საშვთა ბიუროსთან დაედარაჯებინა ვასაძისათვის!...წამყვანმა  „გამაზა“ - როგორც იტყვიან - “გამაზა" ეს კითხვა თუ თემა!

ასე გაილია, გასრულდა ჟიჟილაშვილის ეთერი და, სავარაუდოდ იმ დღიდან (ოთხშაბათიდან) დაიწყო პარასკევის „რეაქცისათვის“  მზადება ინგა გრიგოლიამ!

მშობლიურ „იმედზე“ თვეების წინ დაბრუნებულის ეთერი ყოველთვის ზე-დინამიურია - „რაღაცნაირი ენერგია მოდის ამ ქალიდან“, ასე ახასიათებს თბილისის ფორუმზე გრიგოლიას ერთ-ერთი იუზერი...და, სიმართლე ითქვას, ერთგვარად მართალიცაა - გადაცემა „რეაქცია“ პოპულარობას იხვეჭს, ხოლო მისი წამყვანი ისეთივე რეიტინგულია, როგორც - 10-12 წლის წინ.

მოკლედ, როგორც ვთქვით, როგორც კი „მაესტრომ“ ამოწურა ანტიდისკრიმინაციულის თემა, ესტაფეტა, ბუნებრივად აიღეს „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“, ჩვენც ამ უკანასკნელზე ვისაუბრებთ - წვრილად და კრიტიკულად:

ამთავითვე ვთქვათ - ეს ბოლო, ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ გადაცემა ცუდი (ან ძალიან ცუდი) არ ყოფილა! შესაბამისად, ამის გამო, წამყვან-ავტორმა უხვადმიიღო სტატუსები  facebook- ზე მწერალი-კრიტიკოსებისაგან. ავტორიც თავმდაბლად მადლობდა ყველა მაქებარს.

... თუმცა, სიმართლე ითქვას, ინგა გრიგოლიას ამდენი ქათინაური, რეალურად, არ დაუმსახურია - გარდა დეპუტატ ბესელიასთვის დასმული შეკითხვისა: „რას ნიშნავს სექსუალურად გამომწვევი ქცევა ქალბატონო ეკა?“ და პირველი ბლოკის ბოლოს გაკეთებული განმარტებისა, რომ მას (გრიგოლიას) ძალიან სურს, საქართველო იყოს ევროპის ნაწილი, გადაცემის ავტორი განსხვავებული და საკუთარ თავზე უკეთესი, პრინციპში, არც ამჯერად ყოფილა.

მაგალითად, მას, იმავე ბესელიასთვის არ უკითხავს: ჩაითვლება თუ არა სექსუალურ გამომწვევ ქცევად, თუ გრძელთმიან მამაკაცს შენიშნავს სხვა მამაკაცთა ერთი ნაწილი და ამის გამო ეცდება გამოასწოროს იმ პირველი მამაკაცის ზნეობრივი სახე? , - ადამიანის უფლებათა კომიტეტის ისედაც დაბნეულ და იქნებ გადაღლილ თავმჯდომარეს, ამ კითხვაზეც ექნებოდა  ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გაჯერებული პასუხი.

როდესაც ამ შეკითხვაზე პასუხს მოისმენდა, გრიგოლიას თავად უნდა გახსენებოდა, რომ „გრიგოლიაა“ და უნდა ჩასძიებოდა რესპოდენტს, მაგალითად, უნდა ეკითხა: „ჩაითვლება თუ არა სექსუალურ გამომწვევ საქციელად ქვედაბოლოებიანი მამაკაცების ხილვა ვთქვათ რუსთაველის გამზირზე? - კომიტეტის დაღლილი თავმჯდომარე უთუოდ „გამოფხიზლდებოდა“ და დაგმობდა მამაკაცთაგან ამგვარად შემოსვას -  „ შოტლანდიელები? მაშ - შოტლანდიელები?..  და მათი ტრადიციული კუბოკრული ქვედაბოლოები?“ „თავდაპირველად დაფიქრდი და მერე თქვი აზრი“ - კიკაბიძის პერსონაჟი მიზანდარი რომ ამბობს „მიმინოში“, იმგვარი იერი უნდა მიეღო გრიგოლიას.

... მაგრამ, აკი ვთქვით კიდეც - გრიგოლია მხოლოდ პირველი შეკითხვით შემოიფარგლა და, ვიყოთ გულრწფელები, ესეც მისასალმებელი და აღსანიშნია.

სამაგიეროდ, არაა მისასალმებელი დარბაზის სრული დისბალანსი - გრიგოლიას და მისი გუნდის მიერ სტუდიაში დამსწრეთა შორის აშკარად სჭარბობდნენ კანონის მოწინააღმდეგეები, რომელთა ერთ-ერთმა „ლიდერმაც“, ახალგაზრდა კაცმა „გაუგონარი და საოცარი რამ“ თქვა ბლოკის მიწურულს - „თუ ასოცირების ხელშეკრულებაა ამის მიზეზი, საერთოდაც არ გვსურს ასეთი ასოცირება...“ თავად გრიგოლიას მოუწია საპირისპიროს მტკიცება: „დიახ, მე ერთ რიგით მოქალაქეს, ძალიანაც მინდა, რომ საქართველო მიდიოდეს ევროპისაკენ...“

ეს „გაუგებრობა“ არ ყოფილა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე შემდგარი გადაცემის მთავარი პრობლემა  - გადაცემას ბოლომდე გასდევდა სრულიად უაზრო ინტერაქტივი, რომლის კითხვაც ასეთი იყო:

„უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია ხელისუფლების საქმიანობაში?“  – „იმედში“ სულ 15 ათასამდე მოქალაქემ დარეკა და 13 ათასზე მეტმა (!!!) გასცა ამ კითხვას დადებითი პასუხი! საოცარი შედეგის მიზეზი თავად საოცარი შეკითხვაა - რომლის გამოტანა-გამოფენაც, რა თქმა უნდა, ისეთივე მიზანშეუწონელია, როგორც, ვთქვათ კითხვა - „დაწერა თუ „არა ვეფხისტყაოსანი რუსთაველმა“, ამ უკანასკნელზე, ბუნებრივია, არსებობს მხოლოდ ცალსახა პასუხი, ისევე როგორც „რეაქციის“ ინტერაქტივის პასუხია უ-აპელაციო - დამოუკიდებლად იმისა, რას ფიქრობს ამ თემაზე ინტერაქტივში მონაწილე თუნდაც უმრავლესობა!

ეს იყო და ეს - პარასკევის „რეაქცია“, აკი ვთქვით კიდეც, ცუდი როდი იყო, თუმცა, გრიგოლიას უკეთესი გადაცემებიც ჰქონია...

მთავარი კი ისაა, რომ მედია ჩვენში კვლავაც რჩება მხოლოდ რეიტინგზე ორიენტირებულად და, შესაბამისად, საზოგადოების არა-პარტნიორად! ...და ეს  თითქმის თანაბარად ეხება პრაქტიკულად ყველა არხს - „აქუს“ - „კავკასიასაც“, „პროვოკატორ“  „რუსთავი 2“-საც... ხსენებულ „მაესტროსაც“ და სკანდალურ „იმედსაც“...

საზოგადოების პარტნიორის როლს ყველაზე კარგად საზოგადოებრივი მაუწყებელი კისრულობს, თუმცა, ეს მას კანონითაც ერთგვარად ევალება.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test