შემოგვიერთდი

09.05.2014 12:33

ერთწლიან ომს ასწლიანი მოლაპარაკებებები სჯობს - ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი

media.ge
სტატიები ჟურნალისტის ჩანაწერები

გოგა აფციაური, ერევანი

დამოუკიდებლობის აღიარება, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება-ამ მოთხოვნებს აფხაზი და ოსი სამოქალაქო აქტივისტები ქართველი კოლეგების წინაშე აყენებდნენ, მიუხედავად იმისა რომ მათ შორის გადაწყვეტილების მიმღები არ ყოფილა. ქართველი ჟურნელისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კი კოლეგებს ურჩევდნენ, რომ წარსულით და მუდმივად ომის მოგონებებით ცხოვრება  სიკეთეს არ მოიტანს და დროა მომავალ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივას მეტი დრო დაუთმონ.  აქვს თუ არა საერთოდ სამოქალაქო დიალოგის გაგრძელებას აზრი? ეს კითხვაც დაისვა ერევანში გამართულ სამოქალაქო მოსმენაზე, რომელსაც სოხუმელი, ცხინვალელი და თბილისელი ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  „სამოქალაქო საზოგადოების როლი და გავლენა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“. -ეს იყო  შეხვედრის მთავარი თემა. სოხუმში გამომავალი გაზეთის „ნუჟნაიას“ ჟურნალისტი კადირ არღუნი, ცხინვალის არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ირინა იანოვსკაია და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ზვიად მჭედლიშვილი საზოგადოების წინაშე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შესახებ მოხსენებებით წარსდგნენ.

მათი თქმით, ცხინვალსა და სოხუმში მცირე დაფინანსების პირობებში, არასამთავრობო სექტორი სათანადოდ ვერ ვითარდება, რაც ადგილებზე ადამიანის უფლებების დაცვის, მედიის განვითარების თვალსაზრისით კრიტიკულ სურათს ქმნის. ირინა იანოვსკაიას აზრით, სამოქალაქო საზოგადოებამ ორივე მხარეს შესაძლოა შეხების წერტილები ჰუმანიტარული პროექტების მომზადებისას იპოვონ. სამივე მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება დღეს არ არის იმდენად ძლიერი, რომ გავლენა იქონიოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. მხარეებს შორის კამათიც გაიმართა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრებზე შეხების წერტილების მოძებნა მაინც შესაძლებელია. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „შენი არჩევანი-ოსეთის“ ლიდერი ალან ჯუსოევი მიიჩნევს, რომ ნდობის აღსადგენად საკმარისი დრო არ არის გასული, საზოგადოება კი მოსაზრებებს სწრაფად ვერ ცვლის,  შესაბამისად, სამხრეთ ოსეთში ისევ ფიქრობენ, რომ პრობლემების გადაჭრა ძალისმიერი მეთოდებით მოხდება . მისი აზრით, დიდი ხანია მსგავსი შეხვედრები იმართება, მაგრამ ხელშესახები შედეგი ჯერ არ დამდგარა.

ალანისგან განსხვავებით უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი სოხუმელი ჟურნალისტი როინ აგრბა. მისი აზრით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ურთიერთობას ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია, მედიის, კულტურის, ჯანდაცვის, სამეცნიერო სფეროების განვითარების მიმართულებით. აგრბა აღნიშნავს, რომ დღეს აფხაზურ ენას მძიმე დრო უდგას, ერთ დროს კი თბილისში აფხაზური ენის ძლიერი ცენტრი არსებობდა, შესაბამისი პროფილის მეცნიერებით. მისი აზრით, განათლების სისტემა, რომელმაც საქართველოში ძირეული ცვლილებები განიცადა, შესაძლოა სოხუმისთვის მაგალითად გამოდგეს, გარდა ამისა, საარქივო მასალების აღდგენის თვალსაზრისითაც შესაძლებელია თანამშრომლობა შედგეს.

ერევანში გამართული სამოქალაქო მოსმენა კობერმის (COBERM) პროგრამით ჩატარდა, რომელსაც ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში აფინანსებს.

შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის წარმომადგენელი ნინო გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ მხარეთა წარმომადგენლები ასეთი შეხვედრების დროს ერთმანეთის პოზიციას უკეთესად ეცნობიან, ინფორმაციას პირველწყაროდან იღებენ და დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. 

ცხინვალის არასამთავრობო ორგანიზაციის „ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ირინა იანოვსკაია მიიჩნევს, რომ შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ფორმატის მონაწილეებმა კი შემდეგ შეხვედრებზე უნდა განსაზღვრონ კონკრეტული მიზნები.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერი ზურაბ დვალი მიიჩნევს, რომ  ოსური და აფხაზური საზოგადოება 2008 წლის ომის შემდეგ შეცვლილია. თითქოს მათ საქართველოში მიმდინარე პროცესები ისე აღარ აღელვებთ, მაგრამ ჰუმანიტარული და ადამიანური ურთიერთობები აუცილებლად უნდა აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუცხოების პროცესი გაგრძელდება. 

ქართველების, ოსების და აფხაზების შეხვედრამ და მათ შორის გამართულმა  დიალოგმა  უფრო მეტად მოსკოვში ზოგიერთი ექსპერტი ააღელვა. რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელმა იანა ამელინამ ფესიბუკის საკუთარ გვერდზე  ამ შეხვედრას მარაზმი უწოდა, ოსი და აფხაზი სამოქალაქო აქტივისტების მიმართ კი სალანძღავი სიტყვებიც არ დაიშურა. მისი აზრით აფხაზები და ოსები მტრულად განწყობილი საზოგადოების წარმომადგენლებს არ უნდა ხვდებოდნენ. ამელინას მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ, მაგრამ შეხვედრის მონაწილეებმა მას მიანიშნეს,  რომ აფხაზური და ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების კურატორად ის არავის დაუნიშნავს, ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა თემურ ცხურბათიმ კი ასეთი კომენტარი დაწერა- „მოლაპარაკებების ალტერნატივა მხოლოდ ომია, უკეთესია 100-წლიანი  მოლაპარაკებები,   ვიდრე ერთწლიანი ომი.“

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test