შემოგვიერთდი

ირაკლი ტაბლიაშვილი

ამბავი „ძველი“ კვესიტაძის დაბრუნებისა!

11.05.2014 15:25

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, როდესაც გაზეთი „ალია“ ისეთივე ყვითელი იყო როგორც ახლა და „ასავალ-დასავალი“ კი საკუთარ შავრაზმელობას იწყებდა, ენამოსწრებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა: „ხანდახან მგონია, რომ საქართველოში სულ 300 პირია, ეს ჟურნალისტები სულ ერთი და იმავე ადამიანებს ელაპარაკებიან...“ - მართალი იყო შევარდნაძე - ქართული მედია, მაშინაც უგვანი და უნიათო, ძალიან ცოტა, არა-ბევრ სპიკერს ესაუბრებოდა... შესაბამისად, იმხანად ადვილი შესამჩნევი იყო, რომ „ცოტა“ ექსპერტიდან რომელიმე ერთი, პირობითად ორშაბათს, სოფლის მეუნეობაზე საუბრობდა, ხოლო სამშაბათს, ასეთივე დამაჯერებლობით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტზე.

ხანი კი გამოხდა, მაგრამ, ვითარება, პრინციპში, ამ მხრივ არ შეცვლილა - შევარდნაძის „300 ქართველი“ დაახლოებით 200-300 ქართველით გაიზარდა... სივრციდან ცოტა თუ გავიდა, ძირითადი ნაწილი - დარჩა... და, ამდენად, „პროვინციულ საქართველოში“  კვალიფიციურად მოსაუბრეთა რაოდენობა დღესაც მცირეა - ჰა, ჰა, 600-700 პერსონის გარშემო ტრიალებს მედია საქართველოში.

... მაგრამ, ახლა რესპოდენტებზე კი არა, ჟურნალისტებზე ვსაუბრობთ - „ბრალეულებზე“ საკითხში, რომ ამ ექვსასიოდე სპიკერიდან უმრავლესობა, ზედაპირზე ხელოვნურად ტივტივებს.  ისინი - ჟურნალისტები ქმნიან დღის, კვირის, თვის  თუ წლის „გმირებს“, ისინი ჩორკნიან ეკრანებიდან მოსაუბრეებს, „განადიდებენ“ და „განაქიქებენ“ პირებს, რომლებსაც იერი არ ეცვლებათ!

რა არის ბევრი გიორგის, ირაკლის, ეკას, ნინოს, დათოს, ლევანის და სხვათა და ... ერთი მიშას თუ ერთი ბიძინას ეკრანებზე  შერჩენის მიზეზი? განა მხოლოდ ის, რომ ეს პირები საინფორმაციო მიზეზებს თავად ქმნიან ან ისეთი პრო-აქტიურები არიან, რომ მედია იძულებული თუ ვალდებულია,  სწორედ მათ დაეკითხოს აზრს. არა - რესპოდენტთა აქტიურობის გარდა, ექვსასიოდე სპიკერთან (ში) მედიის ბზრიალ-ტრიალის მიზეზი თავად მედიაა... რომელიც შეეჩვია საკუთარ პერსონაჟებს, რომელიც მიუახლოვდა საკუთარ სტუმრებს... შეიყვარა და შეიძულა ისინი... ეს მედია ვერ და იღებს ახალ სპიკერებს, გაურბის, რიყავს მათ.

თავად მედიაც ხომ ასეთია - „ჩაკეტილი წრის ბომონდი“ -  თუ პატარა პრაქტიკანტ „გოგოშკებს“ არ ჩავთვლით და ერთ წამს მიგვავიწყდება „რუსთავი-2“-ის კარგი, მაგრამ, მუსიკალურ შოუებში ანგლი წამყვანი გიორგი გაბუნია, მედია სივრცეში პრაქტიკულად ვერ გავიხსენებთ ახალ სახეს. ის - მედია, ისეთივეა, როგორიც შორეულ 90-იან წლებში, როდესაც „ალია“ ყვითელი იყო, ხოლო „ასავალ-დასავალი“ შავრაზმელობას იწყებდა.

... მაგალითად, მედიაში, უფრო ზუსტად, მის თანა-ნაწილ ტვ-სივრცეში კვლავაცაა ჟურნალ „სითიდან“ დაბრუნებული ეკა ხოფერია... მართალია, მას აღარ მიჰყავს პოლიტიკური ტოკ-შოუ, მაგრამ, ჩვენში ხომ ყველაფერი პოლიტიკაა და, თემები, რომლებსაც ხოფერია მიმოიხილავს, სულაც არაა სფეროდან სრულად მოწყვეტილი.

ტვ-სივრცეშია ხოფერიას თაობის ინგა გრიგოლიაც - იგი პოლიტიკიდან დაბრუნდა! კარგია, რომ მას არ ემჩნევა ქრისტიან-დემოკრატიული წიაღსვლები, მაგრამ, „პოლიტიკოსი გრიგოლია“ ერთგვარი დამღაა ჟურნალისტი გრიგოლიასათვის!

სივრცეშია ნანუკა ჟორჟოლიანიც - იგი, თუ გახსოვთ, „ნატო-ს საინფორმაციო ცენტრსაც“ ხელმძღვანელობდა ერთხანს... ახლა კი არხიდან არხზე მოხეტიალე გადაცემა აქვს - „რუსთავზეა“ - ისეთივე ელიტურიბით, როგორც სხვაგან იყო და ამდენად გამორჩეული მაგალითად „პროფილისაგან“, რომელშიც სულ ტირიან... სხვათა შორის, ხსენებული ხოფერია „გა-ჟორჟოლიანებულია“, ჟორჟოლიანი საკუთარ თავს არ ღალატობს, ხოლო ასათიანს - „პროფილის“ ავტორს, რატომღაც მგონია, „ჟორჟოლიანობა“ უნდა.

მათგან განსხვავებით, საქმეს დაუბრუნდა, უფრო ზუსტად, ეწია - შალვა რამიშვილიც - გრიგოლიას ექს-დეპუტატობა თუ „პრობლემაა“, მით უფრო დიდი პრობლემაა ამ, ოდესღაც „ნიჭიერი“ ჟურნალისტის ექს-მრჩეველობა.  რამიშვილი ხომ პრეზიდენტის ადმინისტაციიდან დაბრუნდა... ამას ვინ ჩივის, თვით დე-ფაქტო მმართველის შტაბში იყო... აი, იმის - ერთ-ერთიდან ერთი როა!

სივრცეში არიან ეკა მიშველაძე და დავით პაიჭაძე - მათი, ისევე როგორც, ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას ამ მხრივ კრიტიკა გაგვიჭირდება - არც არსად წასულან, მგონი!

... და „ძველებიდან“ არც არავინ გამომრჩენია!.. ეკა კვესიტაძის გარდა!

სწორედ მას და მის გადაცემას ეხება ჩემი დღევანდელი „კრიტიკა“.

კვესიტაძე ტვ-სივრცეში „განსხვავებული აქცენტებით“ დაბრუნდა - ვფიქრობ, გადაცემის სახელწოდება, ერთი მხრივ, ზუსტად ესადაგება მის შინაარსს, თუმცა, მეორე მხრივ, ავტორის კრიტიკოსებს „ათქმევინებს“  - „განსხვავებული“ აქცენტები კვესიტაძეს არ დაუსვამს - ის ჯერაც ისეთია, ადრე რომ იყო - „ოცნება-მოძულე“ და „ნაციონალ-მოყვარული“.

ჩვენ კი, ამოჩემებულად მისი კრიტიკოსებისაგან განსხვავებულად და ობიექტურად ვთქვათ -  გარდა არც თუ იშვიათი ტექნიკური წუნისა (კადრიდან კადრზე გადასვლა, უხეში მონტაჟი), კვესიტაძის დაბრუნება, პრინციპში, შედგა!!! ოღონდ... ოღონდ ამის მთავარი მიზეზი თავად თემაა - „ვერ-დასრულებული მოსმენები“ თავისთავად იმდენად აქტუალურია, რომ თემის „ცუდად“ გაკეთება, პრინციპში, შეუძლებელია.

ეს ამბავი - მოსმენებისა - ბუნებრივად „ყლაპავს“ თუ კარგავს სხვა, ძალიან საინტერესო მიმოსახილებს - მაგალითად, ევროასოციაციას, ნატო-ს მომავალ სამმიტს, ომს უკრაინაში თუ შესაძლო ომს საქართველოში...

რაც შეეხება ავტორს - მის კრიტიკოსებს, ბუნებრივად კი უჩნდებათ შეკითხვა, რატომ არ მიმოიხილავდა ჟურნალისტი მოსმენების თემას მაშინ, როდესაც საზოგადოებრივ არხზე არა „განსხვავებულ“, არამედ, ჩვეულებრივ „აქცენტებს“ ამზადებდა...  წამყვანს, ალბათ აქვს შემდეგი პასუხი: „ჯერ ერთი, ვამზადებდი, მეორე - თემა ახლაა აქტუალური და მესამე - ვთქვათ და არ ვამზადებდი -  რა თქვენი საქმეა?..“

უნდა ითქვას, რომ სივრცეში დაბრუნებულმა კვესიტაძემ საკმაოდ ოსტატურად „ააწყო“ გადაცემა - ჯერ ერთი, დეტალურად გვიამბო მოსმენების ტექნიკის შესახებ, მეორე - საგანმანათლებლო და შეფასებითი აქცენტებით რესპოდენტებად მოიწვია პირები, რომლებსაც წარსულში ან, როგორც იტყვიან, „აიგნორებდა“, ანაც, ხშირად - ეჩხუბებოდა...

ავტორმა საკმაოდ კრიტიკული შეკითხვები (მაგალითად, პასუხისმგებლობის შესახებ) დაუსვა უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან ბოკერიას და, საერთოდაც, კარგი ქნა, რომ ყურადღება გაამახვილა არა მისთვის ექსკლუზიურად მიწოდებული ჩანაწერების შინაარსზე, არამედ, თავად თემაზე - მიყურადება, მოსმენა, თვალთვალი და ა.შ.

ამ თემებზე აქცენტების გადატანა, საუკეთესო ხერხი იყო, რომ მაყურებელს ყურადღება გაემახვილებინა არა „კოაბიტაციაზე“ ალასანია-ბოკერიას ან უსუფაშვილ-ბოკერიას შორის, არამედ მთავარ თემაზე - „გვისმენენ, ჯერაც გვისმენენ“.

თუმცა, კვესიტაძის დირექტორ გვარამიას მიერ წინა დღით და ნაჩქარევად დაანონსებული „აპოკალიფსი“, უკაცრავად, „ჯოჯოხეთი“ მაინც არ შედგა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეთერში... და ამის მიზეზი ისიცაა, რომ გადაცემა არ იყო დრამატული თუ საბრძოლო სულისა... ეკა კვესიტაძემ, როგორც თავად თქვა, ვერ მოახერხა  ხელისუფლების  წარმომადგენლებისაგან კომენტარის მოპოვება და ეს მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას დიდად არც ანაღვლებს, რას იტყვის ზოგადად რ2 ან მისი ჟურნალისტი მოსმენების თემაზე... თუმცა, ერთია პოლიტიკოსები და მეორე ის სხვა პირები, რომელთა აუდიო-ჩანაწერების ფრაგმენტები ავტორმა გადაცემაში მოგვასმენინა... მაგალითად, ეცადა კი ავტორი ბიზნესმენ სანადირაძესთან დაკავშირებას? იქნებ სწორედ ამ უკანასკნელს უნდა „ეყვირა“: „ნუ მისმენთ, ახლა მაინც ნუღა მისმენთ“.

მოსთხოვო ხელისუფლებას ჩხუბი თემაზე „მოსმენები“, ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია - არა იმიტომ, რომ მოსმენილ ხელისუფალთაგან უმრავლესობას ამ ჩხუბისა ეშინია, არამედ, იმ მიზეზით, რომ ხსენებულ ხელისუფალთ ჯერაც აქვთ განცდა, რომ შიგნიდან, კულისებიდან მოაგვარებენ ამ პრობლემას. ესეც რომ არა - მათგან ჩხუბის, ანუ გამწვავების შემთხვევაში, მომსმენი და ნამდვილი ხელისუფლება მათ იოლად შეელევა, შესაბამისად, ერთი უსუფაშვილის და ერთი ალასანიას ადგილს დაიკავებენ კოლექტიური ის პირები, რომლებიც მოსმენებზე არათუ სდუმან, არამედ - ამართლებენ და რომლებიც ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, უხვად არიან.

წინ კი, აკი აღვნიშნეთ კიდეც, ბევრი გამოწვევაა, მაგალითად - ნატო-ს სამმიტი... „ოცნების“ დასავლური ფრთისაგან, სრული უპასუხისმგებლობა იქნებოდა ვითარების ისე გამწვავება, რომ ამ სამმიტზე საქართველო წარმოადგინოს სხვა, არადასავლელ პირთა ჯგუფმა.

... თუმცა, კვესიტაძე ჟურნალისტია... ამასთან, ისეთი, რომ იტყვიან - ჩასაფრებული და ამგვარი სენტიმენტები მას, შესაძლოა, არც აქვს - „რაც უარესად იქნება საქმე, მით უკეთესია“  - არ არის გამორიცხული, ამგვარად ფიქრობდეს „განსხვავებული აქცენტების“ავტორი...

ასეთია „ამბავი კვესიტაძის დაბრუნებისა“... კარგია, რომ ის კვლავაც სივრცეშია. ხოლო არხების მენეჯერებმა უნდა ეძიონ არა მხოლოდ ძველი და კარგი, არამედ ახალი და ასევე კარგი ჟურნალისტები, როცა იქნება, სხვადასხვა დროს,  ძველები ლურსმნებზე ჩამოჰკიდებენ საკუთარ ხელთათმანებს და სივრცე თუ დაცარიელდა, ტელემედია დაემსგავსება შავრაზმულ გაზეთებს, რომლებმაც „შეჭამეს“  ოდესღაც კარგი და კვალიფიციური ნამდვილი გაზეთები!

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test