შემოგვიერთდი

25.05.2014 22:00

გრიგოლ გოგელიას გეგმები

გელა ბოჩიკაშვილი
სტატიები ინტერვიუ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.  მეურვის თანამდებობაზე გრიგოლ გოგელიას კანდიდატურა პარლამენტმა  კოალიცია „ქართული ოცნების“ წარდგინებით დაამტკიცა,  21 მაისს კი,  ახალმა  სამეურვეო საბჭომ თავმჯდომარედ აირჩია. მანამდე ის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო.

Media.Ge გრიგოლ  გოგელიას მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანის მისეულ  ხედვებზე ესაუბრა.

რატომ გადაწყვიტეთ   სამეურვეო  საბჭოს წევრობა და შემდეგ რატომ  დათანხმდით თავმჯდომარეობას?

რომელი სამხედრო არ ფიქრობს გენერლობაზე? პროფესიით მართვის სპეციალისტი ვარ. ჩემი სპეციალიზიაციაა - სტრატეგიები, ინოვაციის მენეჯმენტი და ბრენდინგი. სამივე ეს ნაწილი ამ ორგანიზაციას ძალიან სჭირდება. აი, ბი-ბი-სი ამბობს, რომ ბრენდი ჩვენი მთავარი ღირებულებააო, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვისაც ანალოგიურად უნდა იყოს.

გარდა ამისა, როცა ადამიანი  დებს თავის   შრომას რაღაც საქმეში და ის პატიოსნად მუშაობს,  ამ საქმის გულშემატკივარია. როცა გიჩნდება შანსი, რომ საკუთარი ნააზრევი და ჩანაფიქრი რეალობაად  აქციო,  ამაზე უარს ვერ იტყვი, უარს ვერც  ერთი პროფესიონალი ვერ იტყვის. ადმაინისთვის პროფესიული გამოწვევბი და მისთვის თავის გართმევა, მორალური გაგებით, კარგი ცხოვრების ერთ-ერთი გარანტიაა.

თქვენი  მამა, არჩილ  გოგელია, გასული საუკუნის 90-იან წლებში  სახელმწიფო ტელევიზიხელმძღვანელობდა. ხომ არ იმოქმედა მისმა   ფაქტორმა საზოგადოებრივ მაუწყებელში თქვენს მისვლაზე?    

მამაჩემს არ უნდოდა, რომ  მე აქ დამეწყო მუშაობა. მიზეზი ჩვენი ოჯახის მიერ გადატანილი უამრავი მტკივნეული სიტუაციებია. როცა ის შემოვიდა ტელევიზიაში  2 კამერა  და ნახევრად დანგრეული ტელევიზია დახვდა,  ასევე, ოთხი ათასი თანამშრომელი, რომელიც  შუაზე გაიყო სამოქალაქო ომის დროს. მეამაყება, რომ, როცა ადამინები მხვდებიან, კარგის მეტს არაფერს მეუბნებიან მამაჩემის შესახებ. ცუდად, რომ იხსენიებდნენ - აქ ვერც შემოვიდოდი.

იმ შემთხვევაში, თუ  ვერ ვივარგე და თავი ვერ გავართვი მოვალეობას,  ეს  არა მხოლოდ  ჩემი სახელისთვის იქნება ცუდი,  დააზიანებს ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის გაკეთებულსაც.

მაუწყებლის  პრობლემებზე რას გვეტყვით?   შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ?

2013 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ვიყავი  მრჩეველთა ჯგუფის წევრი, რომელმაც შექმნა მაუწყებლის სტრატეგიასთან დაკავშირებით რეკომენდაციები.  ამიტომ აქ არსებული სიტუაცია და პრობლემები ჩემთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. თითქმის ყველა სფეროში პრობლემებია. სამსახურებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა, გაუმართავი სტრუქტურა, მენეჯმენტის მხრიდან მონიტორინგის - კონტროლის არ არსებობა. ჩემი აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელში არ არსებობს თანამშრომელთა წახალისების და მოტივირების  სტრატეგია, ან,  უფრო სწორად,  არსებობს, მაგრამ ცუდი სტრატეგიაა. უამრავი პრობლემაა, რასაც მენეჯმენტი არ უარყოფს და ჩვენც ამის გამო ვართ აქ.

იმისთვის,  რომ დაძლიო პრობლემა და  მიაღწიო წარმატებას, საჭიროა  სამი რამ - დიაგნოსტიკა, აქედან გამომდინარე  პოლიტიკის შემუშავება  და მისი თანმიმდევრული განხორციელება.

ზუსტი დიაგნოზისთვის   საკმარისი დრო არ გვქონდა, არც სამუშაო   გარემო იყო შესაბამისი -   მეორედ მოხსნეს მაუწყებლის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან და მოადგილე ასრულებდა მის მოვალეობას. ადვილია, როცა აწყობილ მენეჯმენტთან გაქვს ურთიერთობა.

მაგალითად, ჰარვარდის ბიზნეს სკოლა, იმისთვის,  რომ განისაზღვროს    პრობლემების ნუსხა და  საჭიროებები,   მთავრობებს  და ბიზნეს ორგანიზაციებს  90-დღიან ვადას სთავაზობს. ჩვენთან   უამრავი რამ არის  საჭირო - ინფორმაციის მიღება, გაანალიზება, გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, დროის სწორი დაგეგმვა, პირიორიტეტების განსაზღვრა და ა.შ.

პრობლემებს ახლა ვსწავლობთ, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადავდგამთ, ჯერ ამის თქმა  არ შემიძლია.  უნდა გაანალიზდეს ყველაფერი, ნაწილობრივ ეს საქმე გაკეთებული გვაქვს. შეხვედრები მიმდინარეობს ბიუჯეტთან დაკავშირებითაც. ახლა საგანგაშო მდგომარეობაა - დეტალური ბიუჯეტი  მალე  უნდა  დამტკიცდეს.    კრიზისის მოგვარება მაშინ დაიწყება,  როცა შემუშავდება    განვითარების სტრატეგია და ახალი  სტრუქტურა. სხვა შემთხვევაში კრიზისს ვერ დავძლევთ. თუმცა, ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია მუშაობს - ქმნის პროდუქციას. ხშირად ხდება ხოლმე, როცა დიდი ორგანიზაცია ინერციით მოძრაობს, თავისი კულტურა და ისტორია მოყვება. შეიძლება ეს ინერცია უარყოფითიც იყოს და დადებითიც.

საზოგადოებრივი  მაუწყებლის  შემთხვევაში  ინერცია როგორია?

უარყოფითი რომ არ იყოს,  აქ დამხვდებოდა   სწორ სტრატეგიაზე მომუშავე გამართული სტრუქტურა.

ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ საერთო ხედვა, შემდეგ გენერალურ დირექტორსა და ბორდს შორის ხედვა. ეს საერთო ხედვა უნდა გავუზიაროთ თითოეულ თანამშრომელს. აქ ნებისმიერმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს - რას მიზანს ემსახურება, რა ღირებულებებს, სად მივდივართ... საბოლოო ჯამში ადამიანებმა გააზრებულად უნდა იმოქმედონ. ჩვენ კომერციული ორგანიზაცია არ ვართ, რომ მფლობელის კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ, ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ საზოგადოებრივი სიკეთისთვის  და იმისთვის, რომ თანამშრომლებს შევუქმნათ კარგი სამუშაო გარემო.

ახალი კანონის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეიქმნა  მონიტორინგის საბჭო, როგორ წარმოგიდგენიათ  ძველ მეურვეებთან ურთიერთობა და აპირებთ  თუ არა მათი გამოცდიელბის გაზიარებას?

სამართლებრივად მათ აქვთ რეკომენდაციების მოცემის უფლება. ჩვენ უფლებაა ისინი  გავიზიაროთ, ან არ გავიზიაროთ. ნებისმიერ ადამინთან შეიძლება  საუბარი. შესაბამისად, ყველაფერი,  რაც სასარგებლო იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის - ინტელექტუალური პროდუქტი, თუ სათანამშრომლო გარემო, რატომაც არა?!  უგუნური არავინაა, რომ სიკეთეზე თქვას უარი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test