შემოგვიერთდი

27.05.2014 11:10

“დელიკატესი” ჯონჯოლი და დაკავებების სერია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან

თამარ სვანიძე
ჟურნალისტის ჩანაწერები

საზღვარი

ჯონჯოლის კრეფის სეზონი საქართველოში “ოფიციალურად” გაიხსნა. მოთხოვნა გაზაფხულის სეზონურ საკვებზე ამ პერიოდში იზრდება, თუმცა ცოტა თუ დაფიქრებულა იმ ადამიანებზე, რომლებიც გარდა იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში კილომეტრებს გადიან ტყეში ამ უწყინარი და სასარგებლო მცენარის მოსაძებდან და მოსაკრეფად, საღამოს სახლში დაბრუნებულებს ეკალ-ბარდებისგან დაკაწრული ხელების და დაღლილი კუნთების გარდა რამდენიმე ლარი რჩებათ.

თუმცა სამხრეთ ოსეთის ეგრეთწოდებულ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანები, რამდენიმე ლარის საშოვნელად ჯონჯოლის მოსაკრეფად სიცოცხლეს რისკავენ ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლით.

ეს იმიტომ ხდება, რომ გაზაფხულზე მათი შემოსავლის და გამოკვების ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ ჯონჯოლია.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  (EUMM) მონაცემებით, 2 მაისის შემდეგ, როდესაც ჯონჯოლის მკრეფავთა პირველი ჯგუფი დააკავეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას აღრიცხული აქვს 5 დაკავების სერია, რომელიც 26 ადგილობრივ მოსახლეს შეეხო.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ტერიტორიის მესაზღვრებმა ბოლოს სოფელ თამარაშენის მკვიდრი 54 წლის მამაკაცის დაკააკავეს.

დაკავებები შიდა ქართლის საზღვრისპირა სოფლებში სტატისტიკურად გაზაფხულზე უფრო ხშირდება. მიზეზი “ჯოჯოლია”, რომელიც მაისში ყვავილობს და დასამწნილებლად სწორედ მისი გაუშლელი ყვავილებია საჭირო.

ზემოთაღნიშნულს რადიო თავისუფების შიდა ქართლის კორესპოდენტი გოგა აფციაური ადასტურებს, რომელიც ქართულ-ოსურ კონფლიქტისპირა რეგიონიდან ახალ ამბებს წლებია აშუქებს.

“ჯონჯოლის კრეფის სეზონზე ტრადიციულად ყოველ წელს დაკავებების რაოდენობა იზრდება ხოლმე. ოსური მხარე, ამას ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ხსნის. თუმცა ხაშურის და საჩხერის რაიონებში ადგილობრივმა მოსახლეობამ არ იცის სად გადის ეგრეთწოდებული საზღვარი, ამიტომ მიდიან ტყეში ჟონჯოლის საკრეფად, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროა”, - ამბობს აფციაური.

აღსანიშნავია, რომ ხშირად ქართველი მოქალაქეების დაკავება ხდება საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, რაც საკმაოდ შორს არის თავიანთ სახლებიდან. ოსური მხარე დაკავების მიზეზად საზღვრის “უკანონო” გადმოკვეთას ასახელებს, ადგილობრივი მოსახლეობა კი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადადის და საოკუპაციო რეჟიმი მათ საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე აკავებს.

დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება 2000 რუბლიანი ფულადი ჯარიმის სანაცვლოდ ხდება, რაც ქართულ ვალუტაში დაახლოებით 120 ლარის ოდებობაა. ამ თანხას, როგორც ადგილობრივები ამბობენ თავად იხდიან, ოჯახის წევრებისა და ნათესავების დახმარებით. სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, რომელიც სიცოცხლეს რისკავს რამდენიმე ლარის სარგოს მისაღებად 120 ლარიანი ფულადი ჯარიმა საკმაოდ მძიმედ აისახება მათ ბიუჯეტზე.

თუ ეს ადამიანები რეალურად გადადიან ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს, მაშინ რატომ არის არაქმედითი საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, რომელიც უნდა აკონტროლებდეს პირობითი საზღვრის გადაკვეთის ფაქტებს, როგორც ოსების მხრიდან, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიერ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიციაა, რომ ვინაიდან ეგრეთ წოდებულ საზღვარს საქართველო არ აღიარებს, პატრულირება ხდება სოფლების შესასვლელებთან, თუმცა პატარა ბილიკების სიმრავლის გამო, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გადის შეუძლებელია ყველა გზის გაკონტროლება. ამ მოტივით თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებს გადაადგილებას ვერ აუკრძალავენ.

სახალხო დამცველის აპარატიც მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტრის (შსს) რომ მეტი იზრუნონ ადამიანების უსაფრთხოებაზე.

არსებული პრობლემების ფონზე სახალხო დამცველი 2014 წლის „დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის“ შესახებ ანგარიშში აღნიშნავს, რომ  2013 წელს „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის“ შექმნა პოზიტიური ნაბიჯია.

ქართველი მოქალაქეების დაკავებების ფაქტს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. გარდა იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აწარმოებს მონიტორინგს ქართულ-ოსურ ადმინისტრაციულ საზღვართან, საოკუპაციო ხაზი და მიმდებარე სოფლები ასევე მოინახულა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ნავე პილეიმ, რომელიც საქართველოში 18 მაისიდან ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

კონფლიქტურ რეგიონში ვიზიტის შთაბეჭდილებები თავის შემაჯამებელ განცხადებაში ასახა, სადაც ის წერს, რომ “სამხრეთ ოსეთი გადაიქცა ერთერთ ყველაზე მიუწვდომელ და შეუღწევად ადგილად დედამიწაზე, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებს არა აქვთ შესვლის უფლება, გარდა წითელი ჯვრის საერთაშორისო წარმომადგენლობისა.“

გამომდინარე აქედან პილეიმ აღნიშნა, რომ ის რაც ხდება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ადამიანის უფლებების დაცვას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.“

მან მავთულხლართებს როგორც ქართული ასევე ოსური მხარისთვის “დამანგრეველი ეფექტი” უწიდა.

“ხშირად კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელ მოქალაქეებს აკავებენ საკუთარი მოსავლის ასაღებად გადასვლისას, რომელიც მავთულხლართების მეორე მხარეს მოექცა, მათ შორის ქართველებისთვის ღირებული ადგილობრივი “დელიკატესის ჯონჯოლის” მოსაკრეფად, რაც მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

მავთულხლართებს ადგილობრივი მოსახლეობის ორივე მხარისთვის აქვს დამანგრეველი ეფექტი,” აღნიშნა გაეროს უმაღლესმა კომისარმა.

მიუხედავად მოლაპარაკებების რაუნდებისა, საერთაშორისო გამოხმაურებისა და კარასინი-აბაშიძის ორმხრივი შეხვედრებისა კონფლიქტის რეგიონში საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა სოციალურად მძიმე პირობებთან ერთად დაუცველად ცხოვრობს. ფაქტია რომ “დელიკატესი ჯონჯოლი” მათთვის საფრთხის შემცველი შემოსავლის უალტერნატივო წყაროდ რჩება.

ქართული მედია კი ამ ადამიანების პრობლემებით მაშინ ინტერესდება თუკი საზღვრისპირა სოფლის მკვიდრებს დააკავებენ, გაიტაცებენ, ან მაღალი რანგის პოლიტიკოსი ესტუმრება და კომენტარს გააკეთებს.

როგორც მედიის განვითარების ფოდის ხელმძღვანელი თამარ ხორბალაძე ამბობს, ქართული მედია “კომენტარების” მედიაა და “კუდში მისდევს” საჯარო მოხელეების განცხადებებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test