შემოგვიერთდი

28.05.2014 13:05

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სააგენტომ Set top box-ების შესყიდვის პროცედურა დაიწყო

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

სეტ ტოპ  ბოქსი

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის Set top box-ების გამარტივებული შესყიდვის პროცედურა დაიწყო. Set top box-ი მოწყობილობაა, რომელიც უერთდება ტელევიზორს, მაუწყებლობის სიგნალს ციფრულად გარდაქმნის და გამოსახულების მიღებას შესაძლებელს ხდის.

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 17 ივნისამდე უნდა გადავიდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ტელევიზორები, რომელსაც ციფრული სიგნალის მიღების მხარდაჭერა არ აქვს, გამოსახულებას სპეციალური რესივერების გარეშე ვერ მიიღებენ. სახელმწიფომ სწორედ 2015 წლის 17 ივნისამდე უნდა მოახერხოს 70 000 და მასზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის Set top box-ებით დახმარება, რათა მათ ტელევიზორის ყურება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგაც შეძლონ.

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა მთავრობის 8 მაისის განკარგულებით დაიწყო. სააგენტო შეისყიდის ისეთ მიმღებებს, რომელსაც აქვს  DVB-T/T2 სტანდარტისა და  MPEG2/MPEG4 ფორმატის მხარდაჭერა.

წინადადებების წარდგენა 5 ივნისამდეა შესაძლებელი. მეორე ეტაპზე გადასული კომპანიების სია 12 ივნისს გამოქვეყნდება.

ეკონომიკის სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შერჩეული კომპანიების მიერ შეთავაზებული მოწყობილობები საბოლოო სერთიფიკატის მიღებამდე ოთხი ტიპის ტესტს  ფინეთში განთავსებულ ლაბორატორიაში გაივლიან. შესყიდვაში მონაწილე კომპანიების Set top box-ები უფასოდ შემოწმდება.

მოწყობილობები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიაში გაწერილ ტექნიკურ კომპონენტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ერთი Set top box-ის ღირებულება 50 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. როგორც დოკუმენტაციაშია მითითებული, გამარჯვებულის გამოსავლენად დაბალი ფასი ერთერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება. საერთო ჯამში სააგენტო 110-დან 220 ათასამდე Set top box-ის შესყიდვას გეგმავს. მოწყობილობის საგარანტიო პერიოდი 12-24 თვეა.

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაფრომდება, სოციალურად დაუცველებმა კი ეს მოწყობილობები 2015 წლის 30 ივნისამდე უნდა მიიღონ.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ვებ გვერდზე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test