შემოგვიერთდი

02.06.2014 16:38

GNCC-მ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნვესაყოფად კონკურსში მონაწილე პირთა დოკუმენტაცია შეამოწმა

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა
კომისია (photo: Picasa)

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნვესაყოფად ქსელის აგების კონკურსში მონაწილე პირთა დოკუმენტაცია 2 ივნისს შეამოწმა. კომისიამ მხოლოდ ერთ კონკურსანტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ დაფუძნებულ შპს „მუქსს“ დაუდგინა ხარვეზი. მას სალიცენზიო გადასახდელის დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტის ნაცვლად ასლი ჰქონდა წარმოდგენილი. კომისიამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად კომპანიას 5 დღის ვადა მისცა.

საერთო ჯამში საკონკურსოდ გამოტანილი 10 ლოტიდან განაცხადი სულ სამ ლოტზე შევიდა. „მუქსმა“ განაცხადი A+0 ლოტზე გააკეთა, კომპანია „სტერეო+“-ს კი A+B+2-სა და B+2 ლოტის მიღება სურს.

A მულტიპლექსის ლიცენზიის ფარგლებში შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით ეროვნული ტელემაუწყებლობის გავრცელება. „მუქსს“ ასევე საშუალება ექნება  საქართველოს 20 გეოგრაფიულ ერთეულში (head end) სხვადასხვა ადგილობრივი მაუწყებლებიც გაავრცელოს.

A+B+2 ლოტით შპს „სტერეო+“ ეცდება  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ოთხი ლიცენზია მოიპოვოს. MUX – A ლიცენზიის ფარგლებში შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით ეროვნული ტელემაუწყებლობის და 20 გეოგრაფიულ ერთეულში (head end) სხვადასხვა ადგილობრივი ტელემაუწყებლის გავრცელება.

B ლიცენზიაც ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირების შესაძლებლობას იძლევა და განსაზღვრულია უფრო მეტად ქვეყნის მაშტაბით ეროვნული ტელემაუწყებლების გავრცელებისთვის. ამავე განაცხადის ფარგლებში შპს „სტერეო +“ გამარჯვების შემთხვევაში მიიღებს დამატებით ორ ლიცენზიას MUX – C და MUX – D, რითაც ეროვნული დაფარვის ქსელების ფორმირებაა შესაძლებელი და განსაზღვრულია სამაუწყებლო სიგნალის გასავრცელებლად როგორც ღია ეთერში, ასევე კომერციული მიზნებისთვის (Pay TV).

„სტერეო +“-ს მესამე განაცხადიც ჰქონდა შეტანილი A +0 ლოტზე, თუმცა რადგან „მუქსის“ საკონკურსო განაცხადს დაემთხვა, მან საკონკურსო წინადადება გაიტანა. თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა სხდომის დასასრულს განაცხადა, კონკურსის დასრულებამდე ის კიდევ ერთ საკონკურსო განაცხადს გააუქმებს.

„კანონში განმარტებულია, რომ ერთი და იგივე კომპანია ორ ლოტში ვერ გაიმარჯვებს, სტერეო + კონკურსის დასრულებამდე ორიდან ერთ ლოტს გაიტანს“, - აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.

ორივე კონკურსანტმა  წარმოადგინა მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ტექნიკური წინადადება, საბანკო გარანტიები და გავრცელების საფასური.

შპს „მუქსის“ საკონკურსო წინადადების თანახმად, გამარჯვების შემთხვევაში A მულტიპლექსით 1მგ/წმ-თ გავრცელების საფასური 18 ათასი ლარი იქნება, „სტერეო +“-ი კი B მულტიპლექსის ფარგლებში 1მგ/წმ-თ  გავრცელებისთვის 8 900 ლარს აწესებს.

რაც შეეხება „სტერეო +“-ის მეორე A+B+2 ლოტზე განაცხადს, A მულტიპლექსით გავრცელება უფასო იქნება, B-ს შემთხვევაში კი 1მგ/წმ-თ გავრცელების საფასური 8 900 ლარი იქნება.

კომისია მომდევნო 20 დღის ვადაში წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობას შეამოწმებს. გამარჯვებული კი 2014  წლის 1 ივლისს 13:00 საათზე გამოვლინდება

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test