შემოგვიერთდი

05.06.2014 12:07

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია - ვახტანგ აბაშიძე

ნატა ძველიშვილი
ინტერვიუ

ვახტანგ აბაშიძე

2014 წლის 19 მაისიდან 3 წლის განმავლობაში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (GNCC) ვახტანგ აბაშიძე უხელმძღვანელებს. ის კომისიის თავმჯდომარის პოსტს ერთხელ უკვე იკავებდა -  2000-2004 წლებში. აბაშიძე პროფესიით ჟურნალისტია. 2012 წლიდან მუშაობდა სს „სილქნეტის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ და ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად.

როგორია კომისიის ახალი თავმჯდომარის სამომავლო გეგმები, რა ცვლილებები იგეგმება და რა ხარვეზებია კომისიაში, როგორ აპირებს მათ აღმოფხვრას, რა გავლენა მოახდინა აბაშიძის დანიშვნაზე მისი ძმის  რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ მინისტრის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ფაქტორმა - ამ თემებზე Media.Ge ვახტანგ აბაშიძეს ესაუბრა.

ბატონო ვახტანგ, თქვენ 2000 – 2004 წლებში ერთხელ უკვე იყავით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი და თავმჯდომარე. რატომ გადაწყვიტეთ ამ უწყებაში ისევ დაბრუნება?

მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ მთლიანად კომისიის ფუნქციები, მისი მიზნები და საქმიანობა კარგად მაქვს გაცნობიერებული. კომისია 2000 წელს შეიქმნა. მისი საფუძვლები, როგორც ორგანიზაციულ-სტრუქტურული, ასევე სარეგულაციო და სამართლებრივი ბაზა მაშინ ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, კომისიიდან წასვლის შემდეგ მივიღე სერიოზული გამოცდილება, როგორც საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებებთან და კომპანიებთან,  ასევე საქართველოში არსებულ კერძო კომპანიებთან ურთიეთობის. სწორედ დაგროვილმა გამოცდილებამ, ცოდნამ  და არსებულმა პრაქტიკამ მიკარნახა ის ნაბიჯი, რაც გადავდგი.

თქვენი კანდიდატურა პარლამენტმა ორჯერ დააყენა კენჭისყრაზე. პირველ ჯერზე მხოლოდ ერთი ხმა დაგაკლდათ, რომ ამ თანამდებობაზე დანიშნულიყავით, რა მოხდა რეალურად  და რატომ არ იმყოფებოდით არც ერთი კანდიდატი სხდომათა დარბაზში კენჭისყრის დროს?

გადაწყვეტილების მიღებისთვის სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობრივი პრობლემა არსებობდა. კომისიის წევრის არჩევას მაღალი კვორუმი სჭირდება. დამაკლდა ერთი ხმა, რაც შეიძლება ცოტა მწარე იყო და არც თუ ისე სასიამოვნო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გასულა პარლამენტში და კვორუმის არ არსებობის, ან სხვა მიზეზების გამო პირველ ჯერზე არ მიუღიათ.

რაც შეეხება დარბაზში ყოფნას, რადგანაც საკომიტეტო მოსმენა უკვე შემდგარი იყო და საკითხი სესიაზე განხილული, დიდი აუცილებლობა ჩვენი იქ ყოფნის არ არსებობდა, ამიტომ, არა ჩვენი ნებით, სამივე კანდიდატი წამოვედით თბილისში.

როგორ ფიქრობთ, თქვენი კანდიდატურის არჩევაზე გალენა იქონია თქვენი ძმის,ზურაბ აბაშიძის ფაქტორმა, რომელიც პრემიერ მინისტრის წარმომადგენელია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში?

ზურაბ აბაშიძის ფაქტორი ჩემს ცხოვრებაში 54 წლის განმავლობაში არსებობს დღემდე. ამ ფაქტორს დიდად არ შეუშლია ხელი და თუ შემიშლის, უმალვე მოგახსენებთ. ზურაბ აბაშიძის ფაქტორი მაშინაც იყო, როდესაც მე პირველად ვიყავი კომისიის თავმჯდომარე, იმ დროსაც, როცა პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელად ვმუშაობდი და მაშინაც, როცა აქტიური ჟურნალისტი ვიყავი. მართალი გითხრათ, დღეს  ზურაბ აბაშიძის დიდ გავლენას სახელმწიფო ინსტიტუტებზე მაინცადამაინც ვერ ვგრძნობ, მაგრამ ვადასტურებ, რომ მისი ფაქტორი ჩემს ცხოვრებაში არსებობს.

თქვენ მუშაობდით „სილქნეტში“, რომლის საქმიანობა კომისიის რეგულირებას ექვემდებარება. დღეს გაქვთ რაიმე კავშირი ამ კომპანიასთან?

მე ვიყავი სატენდერო კომისიის თავმჯდომარე და ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. „სილქნეტის“ პარტნიორი, ან მოწილე არ ვარ, შესაბამისად რაიმე კანონისმიერი წინააღმდეგობა, რომ კენჭი მეყარა კომისიის წევრობაზე არც მანამდე  მქონდა და არც მაქვს.

როგორც აღნიშნეთ, კომისიის საქმიანობას თვალს ადევნებდით აქამდეც. რა არის ის მთავარი ხარვეზები, რასაც ხედავდით ამ ხნის განმავლობაში და რისი გამოსწორებაც გინდათ დღეს?

ძალიან ბევრია ამაზე ნათქვამი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს დარგში მომუშავე კომპანიების გარკვეული მოსაზრებები, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, ამიტომ არ მინდა ამის გამეორება და არ მინდა ვიყო სუბიექტური. ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ტექნიკური, ტექნოლოგიური განვითარების, თუ სხვა კუთხით საქართველოს სატელეკომუნიაციო ბაზარი ჩამორჩება რეგიონში სხვა ქვეყნების სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებას მაშინ, როდესაც წლების წინ, გნებავთ 6-7 წლის წინ, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარი ზრდის ტემპებით არათუ უსწრებდა  რეგიონის სხვა ქვეყნებს, არამედ ერთ-ერთი წარმატებული იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვყენებს შორის. მიმაჩნია, რომ არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ძალიან სწრაფად უნდა გამოსწორდეს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება არის მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.

როგორ ხედავთ კომისიის როლს ამ პრობლემის გადაწყვეტაში?

რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს გარკვეული ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ სწრაფად მოვაგვაროთ კომპანიებისათვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობა.

კომისიის პრებლემებს რომ დავუბრუნდეთ, საზოგადოების მხრიდან ყოველთვის არსებობდა პრეტენზია და საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ამაზეც არის საუბარი, რომ კომისიის წევრები არ იყვნენ დამოუკიდებულები და მარეგულირებელი ორგანოზე  პოლიტიკური გავლენები ყოველთვის იყო. დღეს რა სიტუაციაა ამ კუთხით, შეგიძლიათ თქვათ, რომ კომისია ამგვარი გავლენისგან თავისუფალია?

 

აქ ალბათ საუბარი არ არის პოლიტიკის გავლენაზე, ვინაიდან სახელმწიფო პოლიტიკა განსაზღვრავს ქვეყნის მიმართულებებს და კომისიაც ამ პოლიტიკის გამტარებელია.

თუ ვგულისხმობთ კერძო პოლიტიკოსებისა, თუ პოლიტიკური ძალების გავლენას - ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც არ უნდა დავუშვათ. კომისიის დამოუკიდებლობა გამყარებულია საკანონდებლო ბაზით,  აქვს ფინანსური დამოუკიდებლობა, არ არის მიბმული სახელმწიფო ბიუეჯტზე, შესაბამისად მთავრობაზე, ან სხვა სტრუქტურაზე, კომისიის წევრი არ არის დანიშნული პირი, მას პრეზიდენტის წარდგინებით და პრემიერ-მინისტრის თანხმობით ირჩევს პარლამენტი. შესაბამისად კომისიას აქვს სრული შესაძლებლობა იყოს დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში. მისი ფუნქციაც არის და მოვალეობაც რომ აიცილოს ეს გავლენა.

ამას თუ კარგად გაიაზრებ, პოლიტიკური გავლენის თავიდან აცილება აბსოლუტურად რეალური რამაა. თუ ადამიანი ამას ვერ გაიაზრებს და მისი მრწამსი ამ პრინციპებს არ შეესაბამება, გავლენის გამორიცხვა, ალბათ, შეუძლებელია.

ამ თვალსაზრისით, დღეს რა სიტუაციაა კომისიაში? უკვე თვეზე მეტია კომისიის წევრი ხართ

პოლიტიკური გავლენის არსებობა-არარსებობის ძალიან კარგი ინდიკატორი იქნება თავად ის გადაწყვეტილებები, რასაც კომისია, ან ესა თუ ის წევრი მიიღებს - რამდენად სწორი, ობიექტურად გააზრებული და სატელეკომუნიკაციო ბაზრის და მთლიანად ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილებები.

როდესაც თავმჯდომარედ აგირჩიეს პივრველივე კომენტარში განაცხადეთ, რომ დაიწყებთ კომისიის სტრუქტურულ რეორგანიზაციას. რა ტიპის რეორგანიზაციას გეგმავთ, რა უნდა შეიცვალოს?

რეორგანიზაცია არა მარტო სტრუქტურას შეეხება, არამედ მთლიანობაში შეეხება კომისიისა და სატელეკომუნიკაციო სექტორის მუშაობას.

სატელეკომუნიკაციო სფერო უნიფიცირებულია, ანუ აქ გლობალურ დონეზე მუშაობს შეთანხმებული წარმატებული საერთაშორისო სისტემები, მოდელები, ფორმულები.  ძალიან  რთულია, რომ ამ სფეროში მოიგონო ველოსიპედი, თან საქართველოში. არც ვაპირებთ. დღევანდელი განვითარების დონის შესაბამისად შევარჩევთ სტრუქტურის მისაღებ წარმატებულ მოდელს.

ფიქრობთ, რომ დღეს არსებული სტრუქტურა არ შეესაბამება ევროპულ ქვეყნებში არსებულ სტრუქტურებს?

შეიძლება ფუნქციური დატვირთვა კომისიას მთლიანობაში აქვს, თუმცა როგორც მოგახსენეთ სტრუქტურა დასახვეწია. მაგალითად, გასააზრებელია უნდა არსებობდეს თუ არა ფოსტის რეგულაციების სამსახური. გამომდინარე დღევანდელი განხილვებიდან და კანონპროექტიდან შეიძლება ფოსტის რეგულირების ფუნქცია დაემატოს კომისიას. გასააზრებელია ასევე ტექნიკური მიმართულების გაძლიერების აუცილებლობა, მათ შორის სტანდარტების და სარეტიფიკაციის საკითხი და ა.შ

საკადრო ცვლილებაც იგიგმება? 2013 -2014 წლებში კომისიამ 30 ახალი თანამშრომელი მიიღო კიდევ დამატება, ან შემცირება მოსალოდნელია?

სტრუქტურის ჩამოყალიბების შემდეგ დებულებაც იქნება შესაცვლელი. განისაზღვრება რა გზით წავალთ. შესაძლებელია, რომ იყოს შემცირება, შესაძლებელია, გაჩნდეს ახალი დეპარტამენტები, ან სამსახურები, სადაც განისაზღვრება დასაქმებულთა აუცილებელი რაოდენობა.  ახალი შემადგენლობით დაკომპელქტება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ საკონკურსო წესით, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. როდის იქნება, რა ცვლილებები განხორციელდება, ჯერ ვერ გეტყვით კონკრეტულ ვადებს, ამაზე დაწყებულია მუშაობა.

ინტერნეტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაცია მისცა კომუნიკაციების ეროვნულ კომსიას, რომ ეს ბაზარი ეფექტურად დაარგულიროს. საუბარი იყო ინტერნეტის ხარიხსზე, რამდენად შესაბამისობაშია აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები რეალობასთან. რა ხდება ამ კუთხით და რა გეგმები გაქვთ?

ხარისხის კვლევისთვის, როგორც ვიცი, მოწვეული იყო საერთაშორისო კომპანია, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რაც იყო. ამიტომ უახლოეს პერიოდში გადავწყვეტთ, ვის მოვიწვევთ. ორი მხარეა, ერთი - ინტერნეტის ხარისხის, მისი სიჩქარის განსაზღვა და მეორე - კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის მოსაწესრიგებელი ურთიერთობა, ანუ ორი ამოცანაა გადასაჭრელი - სამართლებრივი და ხარისხობრივი. შერჩეული კომპანია პირველი ნაწილის მოგვარებაში დაგვეხმარება.

თქვენ მიგაჩნიათ, რომ ორივე ნაწილში პრობლემა არსებობს?

მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის  სახელშეკრულებო ურთიერთობაში,  ალბათ, არსებობს პრობლემა. თუ  რამდენად არის შეთანხმებული და გაცნობიერებული ორივე მხრიდან სახელშეკრულებო პირობები. მეორე, საკითხთან დაკავშირებით ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ინტერნეტის ხარისხი უფრო დაბალია, ვიდრე ვთქვათ იტალიაში.

გასაგებია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ოპტიკური ქსელებით ტითქმის სრულად არის მოცული ქვენის ტერიტორია, ინტერნეტის საშუალო ხარისხი ბევრად უკეთესი იქნება ვიდრე საქართველოში. ამოსავალი ამ შემთხვევაშიც ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობაა, მხოლოდ ამ გზით მივაღწევთ ჩვენ ხარისხის გაუმჯობესებას და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაკმაყოფილდება ის სურვილები, რაც გვაქვს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test