შემოგვიერთდი

ირაკლი ტაბლიაშვილი

დაუღალავი კრიტიკის აუცილებლობა, მედია სექტემბრიდან და პასუხგასაცემი კითხვები!

16.06.2014 13:24

ცოტაც და გახურდება ახლახან დაწყებული მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, შესაბამისად, ჩვენ გულებსა და გონებაში ნაკლები იქნება პოლიტიკა თავისი საზოგადოებრივი ინგრედიენტებით... ჩხუბები, რომლებიც ჩაბარდება 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების  ისტორიას... ისტერიები, რომლებიც ემართებათ ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებს და, ასევე ისტერიები, რომლებითაც  ოპოზიციას „დამფუძნებელი მამის“ მიმართ მარად მადლიერი ხელისუფლება პასუხობს!

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, წესით, სანახაობრივი იქნება - ჩვენ უკვე ვნახეთ აქამდე დაუმარცხებელი ესპანეთი, რომელიც „შეჭამა“ ჰოლანდიამ; ვნახეთ ბრაზილია, რომელმაც მსაჯის ხელ-წაკვრით ისე დასცა ხორვატია, რომ  არათუ ამ უკანასკნელის, საკუთარ ქომაგებსაც დასწყვიტა გული... ვიხილეთ პირლო და იტალია  და  ველით რონალდუს და პორტუგალიას;  მარად ფავორიტ გერმანიას... საფრანგეთს, რომელიც იმ, ოდინდელის აჩრდილიღაა და, რაც მთავარია, მესის არგენტინას - ამბობენ, თუ ის გაიმარჯვებს და  ჩია ჯადოქარიც გამოირჩევა ამ მუნდიალზე, ვიღას ემახსოვრება მისივე „მამობილი“ ან ის, ყავაც როა... პელე!

მოკლედ, ჩემპიონატი ხურდება და სოც.ქსელ facebook-ზეც კლებულობს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სტატუსები... მცირდება სხვა თემათა კრიტიკაც - ფეხბურთის გამო „სახედაკარგულ“ აქტიურ მოქალაქეებს „აღარ ანაღვლებთ“ ნოდარი, რომელიც ჭამს, ბიძინა, რომელიც მართავს, გიორგი, რომელიც მიატოვეს... ირაკლი, რომელსაც არ მიატოვებენ.

ხალისობს საზოგადოება ფეხბურთით - ჰკილავს სხვას, სიტყვით პაწას ჰკბენს კიდეც... და, ერთი თვით მაინც ისვენებს სხვა თემებისაგან.

ვხალისობ მეც... მათ შორის, ამ ტელე-კრიტიკის წერისას...

გულრწფელად ვიტყვი - გაგანია ჩემპიონატმა  ერთგვარად ამრია  - თითქოს მიმავიწყდა, როდისაა ეს პოლიტიკური ტოკ-შოუები... პირველმა არხმა შთანთქა სხვა არხები, ფეხბურთმა  - არჩევნები... არბიტრთა უსამართლობამ - პოლიტიკოსთა უსამართლობები.

იმედია, კოლეგები არ მიწყენენ და, ამ ჩემპიონატის დაწყებიდან, თვალიც არ მომიკრავს საინფორმაციო გამოშვებებისათვის, ტოკ-შოუსათვის... მხოლოდ ერთხელ შემომეფეთა საარჩევნო კომისიის მშვიდად და იქნებ დუნედ მოსაუბრე თავმჯდომარე... და ჩემი ფიქრიც მყის ფეხბურთს მიუბრუნდა - ერთი თვით მაინც!

ფეხბურთის გამო, თვალიც არ მომიკრავს ნიკოლოზისთვის და დავითისთვის, ასმათისათვის, დიმიტრისათვის... ეგ კი არა და -  ევროლიდერ ხოსე მანუელ ბაროზოს ჩამოსვლაც კი გამომრჩა ლამის - სოც.ქსელში წავაწყდი ერთი მინისტრის ფოტოს, რომელიც ადასტურებდა, რომ ევროჩინოსანი თბილისში იყო და, „ეჭვი მაქვს“, ევროინტეგრაციაზე ისაუბრა.

არადა, ეს ვიზიტი, მსგავსად რასმუსენის თუ ოლანდისა, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ ევროპისაკენ და ევროლიდერები ამ გზაზე, ცხადია, გვეხმარებიან.

მე კი არ მინახავს, მაგრამ უთუოდ ასეა, მედია წვრილად მიმოიხილავდა  ბაროზოს შეხვედრებს და გზავნილებს, იმსჯელებდა თემაზე - ასოცირების ხელშეკრულება, გამოწვევები, საფრთხეები...ყურადღებას მიაქცევდა ევროკავშირის ლიდერის და ხელისუფლების პასუხებს.

ასეც უნდა იყოს - უკანასკნელი სოც.კვლევები ცხადყოფს, რომ NATO-ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა, 2008 წელთან შედარებით, სულაც არ შემცირებულა. გამოკითხულთა 62%-ს მყარად, ხოლო 18%-ს ოდნავ ბზარ-შეპარულად, მიაჩნია, რომ საქართველომ ევროგზას არ უნდა გადაუხვიოს ... შესაბამისად, მოსახლეობის (გამოკითხულთა) მხოლოდ 20-იოდე პროცენტია, ვისაც მოსკოვისკენ გაურბის თვალი.

კარგი მონაცემია... ღმერთმანი, მაგრამ კითხვა - რა არის ევროპა? უფრო ზუსტად, ვიცით კი, რა არის ევროპა? გვაქვს თუ არა გაცნობიერებული, სად და როგორ მივდივართ, კვლავაც ამოტივტივებულია მიუხედავად გაგანია ჩემპიონატის დროსთვის მახასიათებელი ბუნებრივი მოდუნებისა და ხვატისა, რომელიც სულ უფრო ძლიერდება.

მაგალითად - ჩვენში განვრცობილია ტყუილი, რომ ევროკავშირში შესვლის შემთხვევაში დაკანონდება ერთსქესიანთა ქორწინება... ამტკიცებ, ამტკიცებ საპირისპიროს, მოგაქვს სხვა ქვეყანათა მაგალითები, ეყრდნობი მონაცემებს... მაგრამ... მაგრამ, ვერაფერს ხდები - თქვა ვინმე უგვანმა ეს, დაუჯერეს მას და, იმ ხსენებული 80%-იდანაც ალბათ ბევრია, ვისაც ეს ტყუილი მართალი ჰგონია.

თუ საფუძვლად ავიღებთ, რომ მედია, უპირველეს ყოვლისა საზოგადოების პარტნიორი უნდა იყოს, მაშინ უნდა ვთქვათ, მას მართებს დაუღალავი მტკიცება სიმართლისა... მუდმივი გამეორება, რომ ეს ბრალიანი, მაღალი ალბათობით, რუსეთიდან შემოპარული თემაა.

სამაგიეროდ, არაა შემოგდებული სხვა თემები, პირველზე ნაკლებ დინამიური, თუმცა, თავისთავად, საინტერესო:

საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას 2008 წლიდან ასრულებს - ადრეულ შემოდგომაზე, ალიანსის კვალიფიციური პირები აფასებენ, რამდენად კარგად ქმედებდა ქვეყანა (ხელისუფლება) გასულ წელს (წლეულს ეს შეფასება ივნისში იქნება). ყოველწლიურად ფიქსირდება საქართველოს პროგრესი... პროგრესი არმიაში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის სფეროში, დემოკრატიზაციის პროცესში... მაგალითად, 2013 წელს, ალიანსმა საუკეთესოდ შეგვაფასა... კარგია, მისასალმებელია...

მედიას მართებს დაუღალავი მსჯელობა ამ თემაზე - ევროპის მოყვარილთათვის იმის განმარტება, რა არის ეს წლიური ეროვნული პროგრამა, რატომ დაგვიწესა ალიანსმა სწორედ ჩვენ და ვთქვათ არ დაუწესა იმ ქვეყნებს, რომლებსაც უკვე აქვთ MAP - ი.

ამავე კონტექსტში, მაგალითად, საინტერესოა, რას გვთავაზობს ასოცირების ხელშეკრულება? რას მოიგებს საზოგადოება და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მსხვილ-წვრილი ბიზნესითაა დაკავებული?

ჩვენში, მათ შორის ევროპეიზაციის მომხრეთა ნაწილს ჰგონია, რომ ევროპაში ჩვენი პროდუქციის გატანა  გაჭირდება...  მედიიდან იშვიათად ისმის, რომ შეზღუდვები (გარდა ერთი პროდუქტისა)  არ გვაქვს... რომ მომავალ წელს მოხდება თევზის და თაფლის ექსპორტი... სტუდიებში იშვიათად ან საერთოდ არ იწვევენ ბიზნესის წარმომადგენლებს...ხელისუფლების იმ წევრებს, რომლებიც მუშაობენ პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფაზე, არ მსჯელობენ თემაზე პრიორიტრტული პროდუქტები, იაფი კრედიტები... პარტნიორთა მოზიდვის გზები... არავინ ეკითხება მთავრობას და მის ლიდერს,  რას გააკეთებს მომავალში ეს უკანასკნელი იმ შემთხვევაში, თუ ასოცირების მიღების შემდეგ რუსეთი საკუთარ ბაზარს კვლავ დაკეტავს? ხომ არ იყო შეცდომა ჩრდილოურ ბაზარზე „ჩაფიჩინება“ და მისი მოცულობით მესამე ბაზრად გარდაქმნა? არის თუ არა და თუ არის - რატომ - ეროვნული უსაფრთხოება სავაჭრო ბაზარზე პრიორიტრტული?

ზემოთხსენებული საკითხები მხოლოდ ნაწილია იმ ფართო სპექტრიდან, რაზეც ყურადღების გამახვილება, ვფიქრობ, ღირს მედიის მხრიდან... ყოველ შემთხვევაში, ახალი სეზონიდან მაინც, როდესაც მჩ-ც გადავლილი იქნება და რომელიმე ქვეყნის ტრიუმფით გახარებულ ქომაგშიც ჩამცხრალი იქნება საფეხბურთო ვნებები.

ამ და სხვა ამგვარ თემათა წამოწევა უმჯობესია, რადგან, გაგანია ჩემპიონატი რომ გადაივლის, საქართველო უკვე იქნება ასოცირება-მიღებული ქვეყანა... თუმცა,  სხვა და არანაკლები გამოწვევების წინაშე იდგება.

იმ, ჯერ არ-ხილულ გამოწვევათა შორის გამოსარჩევია ორი - ... მაგალითად, ევროპაში უვიზოდ (90 დღე წლის განმავლობაში) მიმოსვლის საკითხი... ან, ვთქვათ, ორმხრივი (ალბათ უფრო ამერიკულ-ქართული) ურთიერთობები, რომლის თანა-ნაწილია თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება...

კვლავ ვიტყვით - წინ დიდი და ვრცელი გზაა ნამდვილ ევროპამდე... და მედიაც, ვფიქრობ, მეტად კვალიფიციური, შესაბამისად, ევროპული უნდა იყოს... ევროპულობა კი ნიშნავს საზოგადოების მხარდაჭერას-პარტნიორობას და არა  მხოლოდ (!!!) რეიტინგზე გამოკიდებას... რეიტინგზე ნერვიულობას... რეიტინგის აწევისათვის თავგადაკლულ შრომას.

მოკლედ, მალე დადგება სექტემბერიც - აგვისტოდან დასვენებული ჟურნალისტები დაუბრუნდებიან სივრცეს... და, დიპლომატიურად რომ ვთქვა - მეიმედება, რომ ისინი რეალურად ჩახვდებიან ამ ჩემი „კრიტიკის“ რეალურ არსს... დაფუძნებულს მათ მიმართ კეთილგანწყობასა და უპასუხოდ დარჩენილი კითხვებისათვის ნათელ-მოფენვის კეთილ სურვილზე.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test