შემოგვიერთდი

30.06.2014 10:55

„რუსთავი 2“-მა მულტიპლექსის აგების კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ დაფუძნებულმა კომპანია „მუქსმა“ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად მულტიპლექსის ასაგებად გამოცხადებულ კონკურსში უარი განაცხადა და საკუთარი წინადადება უკან გაიტანა. როგორც 30 ივნისს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართული ზეპირი მოსმენის სხდომისას „რუსთავი 2“-ის ტექნიკურმა დირექტორმა, გიორგი ქუმსიაშვილმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა. „მუქსის“ დირექტორმა იზაბელა გუტიძემ კი თქვა, რომ ეს პრობლემა მოულოდნელად შეექმნათ და მოკლე დროში ვეღარ შეძლეს სხვა დაფინანსების წყაროს მოძიება.

„მუქსს“ განაცხადი ჰქონდა შეტანილი A მულტიპლექსის ასაგებად გამოცხადებულ კონკურსში, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მაუწყებლების მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელება. ამავე ლოტის ფარგლებში კომპანიას საქართველოს 20 გეოგრაფიულ ერთეულში (head end) სხვადასხვა ადგილობრივი მაუწყებლის გავრცელების საშუალება ჰქონდა.

კიდევ ერთი საკონკურსო წინადადება გაიტანა „სტერეო+“-მაც, რომელსაც ორ ლოტზე განაცხადი ჰქონდა შეტანილი. მან უარი თქვა A+B+2  კომბინაციის ლოტზე და მხოლოდ ერთ, B მულტიპლექსის ასაგებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს. მას თავდაპირველად A+0 ლოტზეც ჰქონდა განაცხადი შეტანილი, თუმცა ჯერ კიდევ დოკუმნეტაციის შემოწმების ეტაპზე, როცა ცნობილი გახდა რომ ეს ლოტი „მუქსის“ განაცხადს ემთხვეოდა, „სტრეო+“-მა განაცხადი მაშინ გაიტანა.

30 ივნისს გამართულ სხდომაზე კომისიამ არ მიიღო შპს „სტერეო +“-ის მიერ ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად ქსელის აგების ტექნიკური გადაწყვეტილების ალტერნატიული ვარიანტი, რომლის მიხედვითაც კომისიის მიერ გამოცხადებული 42 წერტილის ნაცვლად 35 წერტილში გადამცემების დაყენებით „სტერეო +“ უფრო მეტი მოსახლეობის დაფარვას აპირებდა.

სხდომაზე საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც მცირე ხარვეზების მიუხედავად „სტერეო +“-ის დოკუმენტაცია საკონკურსო პირობებს შეესაბამება და დისკვალიფიკაციის საფუძველი არ არსებობს.

საერთო ჯამში საკონკურსოდ გამოტანილი 10 ლოტიდან განაცხადი მხოლოდ სამზე შევიდა თუმცა საბოლოოდ კონკურსი მხოლოდ ერთ ლოტზე (B+2) ერთი კონკურსანტის მონაწილეობით გაიმართება.

კომისია გადაწყვეტილებას 1 ივლისს მიიღებს, საკონკურსო სხდომაზე შპს „სტერეო +“ გამოცხადდება გამარჯვებულად, კომპანია სამ ლიცენზიის მფლობელი გახდება. MUX - B ლიცენზიის ფარგლებში ეროვნული დაფარვის ქსელში ღია ეთერით ტელემაუწყებელთა გავრცელება შეეძლება, MUX – C და MUX – D ლიცენზიების ფარგლებში კი სამაუწყებლო სიგნალის გავრცელებას როგორც ღია ეთერში, ასევე კომერციული მიზნებისთვისაც (Pay TV) შეძლებს.

სხდომის მიმდინარეობისას "სტერეო +"-ის წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი „რუსთავი 2“-ის ტექნიკური დირექტორის, გიორგი ქუმსიაშვილის ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებულმა კითხვამ გააღიზიანა, სხდომის დასრულების შემდეგ კი ინცინდენტი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. სიტუაციის განმუხტვა მხოლოდ დაცვის სამსახურის ჩარ  ევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test