შემოგვიერთდი

02.07.2014 10:54

ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად მულტიპლექსს „სტერეო+“ ააგებს

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა
კომუნიკაციების ეროვნული კომისია (photo: Picasa)

ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად ქსელის (მულტიპლექსი) ასაგებად გამოცხადებულ კონკურსში „სტერეო +“-მა გაიმარჯვა. ის ერთადერრთი კონკურსანტი იყო. მან 2015 წლის 17 ივნისამდე პერიოდში უნდა უზრუნველყოს ინფრასტრუქტურის აგება და სამაუწყებლო სიგნალის მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელება. 2015 წლის მარტიდან კი სიმულქასთინგის პერიოდი უნდა დაიწყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ციფრული, ისე ანალოგური სიგნალი ერთ დროულად უნდა გავრცელდეს. როგორც „სტერეო +“-ის წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი აცხადებს, ამ პროექტის განმავლობაში კომპანიის დამფუძნებლები 10 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ. „სტერეო+“-ს ამჟამად იტალიის მოქალაქე ლუკა სევერინი და გიორგი ხითარიშვილი ფლობენ 50-50 პროცენტით.

საუბარია იმაზეც, რომ კონკურსში გამარჯვებულს შესაძლოა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ფინანსური დახმარება ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმაც (EBRD) გაუწიოს. დავით ზილფიმიანმა Media.Ge-ს უთხრა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული თანხა და დეტალები უცნობია, EBRD-ის ექსპერტებთან კონსულტაციები უახლოეს პერიოდში იგეგმება.

„სტერეო+“-ს განაცხადი სამ ლოტზე ჰქონდა შეტანილი, თუმცა, მოგვიანებით ორ მათგანზე განაცხადი უკან გაიტანა და მხოლოდ ერთ -  B+2 ლოტი დაიტოვა, რომლითაც შესაძლებელი იქნება არხების მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელება. თითოეულ მაუწყებლისთვის 1 მგ/წმ-ით გავრცელების საფასური 8 ათას 900 ლარი იქნება. ‘სტერეო+“-მა საერთო ჯამში სამი ლიცენზია მიიღო, რომლის საფასურიც 3 ათასი ლარია, სოწრედ ამ თანხის გადახდის შემდეგ გადაეცემა ლიცენზია ოფიციალურად.

„სტერეო+“-ს შესაძლებლობა ექნება MUX–C და MUX–D ლიცენზიების ფარგლებში სამაუწყებლო სიგნალის გაავრცელოს როგორც ღია ეთერში, ასევე კომერციული მიზნებისთვისაც (Pay TV). თუმცა, როგორც დავით ზილფიმიანი ამბობს, ამ ორი ლიცენზიიდან ერთერთი არაკოდირებული იქნება და მომხმარებელი უფასოდ შეძლებს სიგნალის მიღებას.

კონკურსში მონაწილეობდა „რუსთავი 2“-ის მიერ დაფუძნებული კომპანია „მუქსი“. მას განაცხადი A+0 ლოტზე ჰქონდა შეტანილი, რაც საშუალებას იძლეოდა რეგიონული არხები ადგილობრივ ზონებში გაევრცელებინა, თუმცა მან გამარჯვებულის გამოვლენამდე ერთი დღით ადრე კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მიზეზად დაფინანსების პრობლემა დაასახელა.

როგორც კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, კომისია შეეცდება რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი. ღიად რჩება რეგიონული ტელევიზიების ბედი, ამიტომ კომისიის თავმჯდომარის თქმით, მათ უახლოეს პერიოდში შეხვდება და ამ საკითხზე იმსჯელებს.

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვლი ამბობს, რომ ადგილობრივ მაუწყებლებს მხოლოდ ერთი გზა რჩებათ - მათ საკუთარი ძალებით ააშენონ მულტიპლექსები, რომლითაც იმავე ზონაში გავრცელდებიან, სადაც ახლა მაუწყებლობენ.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის წერისას ჩვენი მთხოვნა გაითვალისწინეს და ადგილობრივ ტელევიზიებს შეუძლიათ თავად გამართონ მულტიპლექსები. ეს რომ არ ყოფილიყო, დღეს რეგიონული მაუწყებლობა იქნებოდა ჰაერში გამოკიდებული. ჩვენ გარკვეული სამუშაოები დაწყებული გვაქვს, ველოდებით როდის გამოაქვეყნებენ შესაბამისი სტრუქტურები იმ ინფორმაციას რაც ჩვენ გვჭირდება, ეს ეხება თავისუფალ სიხშირულ რესურსს, სიმძლავრეებს. სწრაფად გადასაწყვეტია ლიცენზიების თანხის დაბრუნების საკითხიც“, - უთხრა Media.Ge-ს ნათია კუპრაშვილმა, ის მიიჩნევს, რომ თავიდან უნდა გამოცხადდეს კონკურსი A მულტიპლექსის ასაგებად, ვინაიდან ალტერნატიული რესურის არსებობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ რეგიონული მაუწყებლების არამედ ზოგადად მედიისთვის.

კომისიას შეუძლია სხვა პირთა მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით გამოაცხადოს კონკურსი და ხელახლა გაიტანოს ის ლოტები, რომლებზეც 1 ივლისს დასრულებული კონკურსის ფარგლებში განაცხადები არ შესულა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test