შემოგვიერთდი

08.07.2014 12:27

არჩევნების მეორე ტური და შიდა ქართლის მედია

გოგა აფციაური. გორი
ჟურნალისტის ჩანაწერები

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის გორში ადგილობრივი მედიაც ემზადება. როგორც ელექტრონული მედია ისე ბეჭდური გამოცემები აქტიურად აშუქებდნენ როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ისე არჩევნების მიმდინარეობას და შემდგომ მოვლენებს. ადგილობრივ  ტელეკომპანიებში „თრიალეთსა“ და „დიაში“ ეწყობოდა დისკუსიები და დებატები კანდიდატებს შორის. 

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა ხელისშემშლელი ფაქტორებიც იყო. ზოგიერთი კანდიდატი ტელევიზიის ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან თავს იკავებდა.  ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტი ნინო ბოლაშვილი ამბობს, რომ კანდიდატების მონაწილეობით არაერთი დებატი შედგა, ცალკე გადაცემაში პოლიტიკურ სუბიექტებს ამომრჩევლებისთვის საკუთარი პროგრამების გაცნობის საშუალება მიეცათ.  

მეორე ტურისთვის ემზადება ტელეკომპანია „დიაც“ (ხაშური). ახალი ამბების გამოშვებებში ყოველდღიურად შუქდებოდა კანდიდატების შეხვედრები ამომრჩევლებთან, ცალკე ეთერი ეთმობოდა დისკუსიებს საარჩევნო თემატიკაზე. ოპერატიულად თავსდებოდა ინფორამაცია ვებ გვერდზე,  თუმცა ტელეკოპანიის ჟურნალისტებს პრეტენზიები აქვთ „ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის“ კანდიდატთან კახა ერგემლიძესთან, რომელიც ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებას თავს არიდებდა და, მიწვევის მიუხედავად, ტელევიზიის მიერ მოწყობილ დისკუსიებში მონაწილეობას არ იღებდა.  ტელევიზიის ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე აცხადებს, რომ მეორე ტურშიც ტელეკოპანია ყველა მნიშვნელოვან მოვლენას გააშუქებს.

ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების განსხვავებული მეთოდი ჰქონდა „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის“ ინტერნეტგამოცემა „qartli.ge“-ს.  გამოცემის ჟურნალისტები კანდიდატების ხალხთან შეხვედრებს ესწრებოდნენ და ამ შეხვედრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გადასცემდნენ, თუმცა იყო შემთხვევები, რომ ასეთი შეხვედრების შესახებ  კანდიდატების ნაცვლად ინფორმაციას მოსახლეობისგან იღებდნენ. „„qartli.ge“-“- ს რედაქტორი საბა წიწიკაშვილი ყურადღებას ირაკლი ოქრუაშვილის მერობის კანდიდატზე კახა ერგემლიძეზე ამახვილებს, რომელიც ჟურნალისტების კომენტარს გაურბოდა.   

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები  არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან და კანდიდატებს დისკუსიებში და დებატებში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. პირველი ტურის მსგავსად მათ დაგეგმილი აქვთ, რომ როგორც კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია, ისე კენჭისყრის დღეს მიმდინარე პროცესები აქტიურად გააშუქონ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test