შემოგვიერთდი

25.07.2014 17:25

კონფლიქტური რეგიონები ქართულ მედიაში

თამარ სვანიძე
სტატიები ჟურნალისტის ჩანაწერები

წლევანდელი ზაფხული პოლიტიკური “დებიუტებით” გამოირჩეოდა. საქართველომ პირველად ისტორიის განმავლობაში ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულებას. ეს არის ევროკავშირთან დასაახლოვებელი ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველების დიდმა ნაწილმა არ იცის ზუსტად რა დოკუმენტია ასოცირების ხელშეკრულება და ზედაპირული ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნისთვის და უშუალოდ მათთვის, ერთსულოვანად თანხმდებიან, რომ ეს არის მათთვის უკეთესი მომავლისკენ ცვლილება.

ასევე, ინერციით შეუერთდა ხალხი „საერთო ზეიმს“, რომელიც სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების აღნიშვნის მსგავსად, მთავრობამ თბილისში გრანდიოზული კონცერტით დააგვირგვინა.  

საქართველოს და საერთაშორისო მედია აქტიურად განიხილავდა ასოცირებაზე ხელისმოწერას, მის ეფექტს ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუმცა ქართულ მედიაზე მეტად უცხოელ ჟურნალისტებს უფრო აინტერესებდათ ასოცირებაზე ხელმოწერა გლობალურ კონტექსტში, კერძოდ, ხელისმოწერის შემთხვევაში რა რეაქცია ექნებოდა რუსეთს, რა კავშირშია ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რას ითვალისწინებს დოკუმენტი აღნიშნული რეგიონებისთვის.

ევროკავშირთან ასოცირების თემების გაშუქებისას, მედია ხშირად ავლებდა პარალელებს უკრაინასთან, რომელსაც ამ დოკუმენტზე ხელის მოსაწერად ადამიანების სიცოცხლის მსხვერპლად გაღებაც კი დასჭირდა.

საქართვ მედია სხვა საკითხებთან ერთად აქტიურად განიხილავდა თემებს, იმის შესახებ თუ რა სარგებელს მოუტანს ხელშეკრულება აფხაზებსა და ოსებს, ასევე რა რეკომენდაციების აძლევს ხელისუფლებას ევროკავშირი კონფლიქტის მოგვარებისთვის.

ასევე ქართულ მედიას აინტერესებდა, ვრცელდება თუ არა შეთანხმება საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი რეგიონებზე და რა ფორმით მიიღებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეები სარგებელს.

რადიო თავისუფლება აქვეყნებს სტატიას, სადაც რესპონდენტების საუბრობენ შესაძლო ბენეფიტებზე, რომელიც შეიძლება მიიღონ აფხაზებმა და ოსებმა ასოცირებაზე ხელმოწერით. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავარი მაინც არის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, ამ ყველაფერში ევროკავშირის მეტი დოზით ჩართვა და ვიზა ლიბერალიზაციის შემთხვევაში, მიმზიდველი პასპორტი აფხაზებისთვის და ოსებისთვის.

მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა 2014 წლის პოლიტიკური ზაფხულისთვის თვითმართველობის არჩევნები და მისი მეორე ტური იყო. საქართველოში პირველად

აიჩიეს 59 გამგებელი და 12 ქალაქის მერი. გამარჯვებულის გამოსავლენად პირველად გახდა საჭირო მეორე ტურის ჩატარება.

ქართულ მედიაში არჩევნები განხილული იყო ასევე კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაშიც. საინფორმაციო გამოშვებები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იუწყებოდნენ, რომ გალში მცხოვრები ქართველებს არ ეძლეოდათ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა, რადგან თვითაღიარებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საზღვარი მესაზღვრეებმა გადაკეტეს.

საქართველოს თვითმართველობის არჩევნების პარალელურად უკვე ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ერთ-ერთ ოკუპირებულ  ტეტიტორიაზე (ოფიციალური თბილისის ვერსიით) -  სამხრეთ ოსეთში. არჩევნებს ქართული მხარე არ აღიარებს, თუმცა მედიისთვის და პოლიტიკოსებისთვის მნიშვნელოვანია, ვის უცხადებს ნდობას ადგილობრივები, როგორ შეიცვლება პოლიტიკური რეალობა აღნიშნულ რეგიონში.

აფხაზეთში კი მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შედეგად აგვისტოს დასაწყისში ელოდებიან საპრეზიდენტო არჩევნებს. ორივე არჩევნებს მოჰყვა დისკუსიები ქართულ მედიაში.

ბოლო, ყველაზე აქტუალური ამბავი კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში არის ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული ქართველების ცხედრების გადმოსვენების საკითხი.

დაახლოებით ორი ათეული წელი გავიდა აფხაზეთში, ბაბუშერას აეროპოტში, თვითმფრინავის აფეთქებდან, სადაც დაახლოებით 100-მდე ქართველი დაიღუპა.   

ხელისუფლებამ 2013 წლის ოქტომბრიდან დაიწყო აქტიური მოლაპარაკება აფხაზებთან, რათა იქ დაღუპული ადამიანების ცხედრები თბილისში გადმოესვენებინათ.

მოლაპარაკების შედეგად, წელს, 15 მაისს, ბაბუშერაში თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაღუპული 13 ადამიანის ცხედარი თბილისში გადმოასვენეს.

ბოლო შეხვედრა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს დავით დარახველიძეს და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერი ინდირა ვარდანიას შორის სტამბულში შედგა მოექცა ქართულო მედიასაშუალების საინფორმაციო ბადის ტოპ-თემებში.

შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება, ხოლო პირველ ეტაპზე 31 ადამიანს გადმოასვენებენ აფხაზეთიდან.

ბაბუშერას ტრაგედიაზე დაიწერა ბევრი ნიუსი, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის  პირველმა არხმა მოამზადა ვრცელი სიუჟეტი, სადაც დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებმა ისტორია გააცოცხლეს.

სავარაუდოდ, შემდეგი ამბავი კონფლიქტის რეგიონებზე, რომელიც ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცევა,  24 აგვისტოს აფხაზეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.  რთულია იმსჯელო, როგორ გააშუქებს ქართული მედია აღნიშნულ არჩევნებს, თუმცა ჟურნალისტური პროფესიონალიზმის და არსებული პორაქტიკის გათვალისწინებით,  გარკვეული მოლოდინები შეიძლება შეიქმნას.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test