შემოგვიერთდი

20.11.2014 07:32

პოლონური გამოცდილება ქართული რეგიოინული მედიისთვის

Media Ge
სტატიები ჟურნალისტის ჩანაწერები

ავტორი: თინათინ დვალიშვილი, კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი - CCFJ

16 ნოემბერს დასრულდა სასწავლო ტური პოზნანში (პოლონეთი), რომელშიც 5 რეგიონული გაზეთის გამომცემელი და რედაქტორი მონაწილებდა. ლაურა გოგოლაძე,  გაზეთის „ჩემი ხარაგაული“ რედაქტორი და გამომცემელი; ინგა გვასალია, გაზეთის „მთავარი თემა სამეგრელოში“ გამომცემელი; ნინო ნარიმანიშვილი, გაზეთის „სამხრეთის კარიბჭე“ მთავარი რედაქტორი; მაია ყალაბეგაშვილი, გაზეთის „სპეტრი“ გამომცემელი და ვებ-გევრდის okribanews.ge რედაქტორი გიორგი სულაძე 9 ნოემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში ქალაქ პოზნანის რამდენიმე რეგიონულ გაზეთს ესტუმრნენ და კოლეგების გამოცდილება გაიზიარეს. ტურის მონაწილეები ასევე ესტუმრნენ პოზნანის ტელევიზიას, როკის მუზეუმსა და დაესწრნენ სპექტაკლს პოზნანის ოპერის თეატრში.

პოზნანის უბნის გაზეთი Wieści z Okolicy

პოზნანის უბნის გაზეთი Wieści z Okolicy

პირველი შეხვედრა შედგა პოზნანის ერთ-ერთი უბნის, ოკოლიცის გაზეთის რედაქტორთან, ვოიჩეხ სიკორსკისთან რედაქციაში Wieści z Okolicy („ოკოლიცის ამბები“). მცირე ფორმატის გაზეთს აქვს ვებ-გვერდი (http://epm-serwis.com/wiescizokolicy/) და გვერდი სოციალურ ქსელში (Facebook.com/wiescizokolicy). გაზეთი ბეჭდავს მხოლოდ ერთ უბანში მომხდარ ამბებს და ამ უბნის მაცხოვრებლების შესახებ ისტორიებს. რაც მთავარია, ამ გაზეთში თითქმის ყველა იმ მცირე და საშუალო ბიზნესის რეკლამაა, რომელიც უბანშია. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ გაზეთს, რომლის რედაქციაშიც მხოლოდ 2 ადამიანი მუშაობს (მთავარი რედაქტორი და კრეატიული რედაქტორი) 20 000-იანი ტირაჟი აქვს.

ტელევიზია WTK

ტელევიზია WTK

შემდეგი შეხვედრა გაიმართა  როკის და პანკის სიმბოლო პატარა ქალაქ იაროჩინში - გაზეთის Jarocinska რედაქტორთან პიოტრ პიოტროვიჩთან და jarocinska.pl პორტალის რედაქტორთან ბეატა ფრანჩკოვიაკ-პიოტროვიჩთან. საუბრის მთავარი თემა იყო: როგორ უწყობს ხელს გაზეთი პორტალს და პორტალი გაზეთს. პოლონური მედიასაშუალება  6 სხვადასხვა გაზეთს გამოსცემს და 6 ტერიტორიულ ერთეულში ავრცელებს. მათგან ერთის ტირაჟი 20 000-ია.  გაზეთს უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი ვე-ბგვერდი და ტელესტუდიაც აქვს. სულ ახლახანს ახალ ოფისში გადავიდნენ, რომელიც ასევე რედაქციის საკუთრებაა. გაზეთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია რეგიონულ პატარა გაზეთს ჰყავდეს მილიონნახევარი ვიზიტორი  ვებგვგერდზე, ჰქონდეს უახლესი ტექნიკით აღჭურვული ტელესტუდია და რაც მთავარია, შეინარჩუნოს გაზეთის ბეჭდური ვერსია, განავითაროს იგი, გაზარდოს ტირაჟი და თემატური ჩანართები შესთავაზოს მკითხველს. როცა პორტალის რედაქტორი ბეატა გამომცემელს სთავაზობს, რომ რეკლამისა და განცხადების გარკვეული ტიპი უფასო გახადოს და ამით მომხმარებლების რაოდენობა გაზარდოს, ბატონი პიოტრიკი მკაცრად პასუხობს: „გაზეთში უფასო არაფერი არსებობს“.
გაზეთების რედაქციების შემდეგ პოზნანის ტელევიზია WTK დადგა რიგში (http://www.wtk.pl/index.php). ქართველ გამომცემლებსა და რედაქტორებს მასპინძლობა და გიდობა გაუწია ტელევიზიის რედაქტორმა და ამავე ტელევიზიის პორტალის რედაქტორმა  რემიგიუშ კოზინსკიმ. რემიგიუში ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ლექციებსაც კითხულობს და ტელევიზიაში მისულებს ქართველი სტუდენტებიც დაახვედრა.

11 ნოემბერს, პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს, ვარშავის ცენტრში, საზეიმო მსვლელობის დროს, ორი პოლოტიკური ძალა ერთმანეთს დაუპირისპირდა და სისხლიანი შეტაკება 30-მდე პოლიციელის დაშავებითა და 300-მდე დემონსტრანტის დაკავებით დასრულდა. პოზნანის ტელევიზიას ეს ფაქტი არ გაუშუქებია. „ჩვენ ჩვენი ზეიმი გვქონდა და წმინდა მარჩინის როგალიკებს მივირთმევდით. ძალიან ბედნიერები ვიყავით. არ გვაინტერესებს რა ხდება ვარშავაში“, - ღიმილით თქვა რემიგიუშ კოზინსკიმ.

Glos Wielkopolski-ს რედაქციაში

Glos Wielkopolski-ს რედაქციაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კიდევ ერთი რეგიონული გაზეთი, რომელსაც ქართული მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ იყო Glos Wielkopolski – კიდევ ერთი ადგილობრივი გაზეთი, რომელსაც ბევრი რეკლამა, ინტერაქტიული ვებ-გვერდი (http://www.gloswielkopolski.pl/), რამდენიმე ბიზნესი, ორიგინალური იდეები და 50-წლიანი ისტორია აქვს. მათგან მიღებული გამოცდილების შედეგი მალე ქართულ რეგიონულ გაზეთებშიც გამოჩნდება.

ვიზიტის ბოლო დღე ნანახისა და მონასმენის შეჯამებასა და სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებას დაეთმო. ერთ კითხვას: „რას ვუპირებთ ჩვენს გაზეთსა და ვებგვერდს?“ ყველამ ცალცალკე უპასუხა და აღმოჩნდა, რომ ცვლილებების სერიოზული ციკლი იგეგმება ყველა გაზეთში. ახალი ცოდნით შეიარაღებული ქართველი რედაქტორები შეთანხმდნენ, რომ სანახავი, გასაზიარებელი და სასწავლი კიდევ ბევრია პოლონეთში.  იმის ჩამოსაწერად, თუ რისი ნახვა და გაზიარება სურთ ქართველ გამომცემლებსა და რედაქტორებს პოლონელი კოლეგებისგან, ერთი დიდი დაფა არ ეყო.

ხუთმა რედაქტორმა პოზნანში (პოლონეთი) სასწავლო ვიზიტი კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვა, რომელიც 2014 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრისა (საქართველო) და ფონდი დემოკრატიული საზოგადოება - აღმოსავლეთის (პოლონეთი) ორგანიზებით. 7 ოქტომბერს რეგიონული გაზეთების გამარჯვებულ რედაქტორებს  პრიზები დაურიგდათ - ლეპტოპები, ტაბლეტები, ფოტოაპარატები და ერთწლიანი ინტერნეტის ვაუჩერი. ხუთ რედაქტორს პოლონეთში ვიზიტი ერგო წილად. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test