შემოგვიერთდი

28.11.2014 12:49

ჯაჯანიძეvsჰანგა

Media Ge
საუბრები მედიაზე

მალხაზ ჭკადუა, ყოფილი ჟურნალისტი, რომელმაც საჯარო სამსახურში გადაინაცვლა, ფეისბუკში, საკუთარ გვერდზე, გამოაქვეყნა პირადი მოსაზრება „იმედის“ გადაცემა „სხვა რაკურსის“ 27 ნოემბრის გამოშვების შინაარსთან დაკავშირებით.

მალხაზ ჭკადუას ნებართვით, Media.Ge აქვეყნებს ამ ჩანაწერს.

აი, "ენტევე" რომ "ენტევეობდა", მაშინ შაბათობით, ღამის ეთერში ჰქონდათ გადაცემა სახელად "ამის შესახებ". შოუ ისეთივე არაორდინალური იყო, როგორც თავად წამყვანი - წარმოიდგინეთ, 90-იანი წლების ბოლოს, რუსულ არხზე, წარმოშობით  ნახევრად აფრიკელი ჟურნალისტი ელენა ჰანგა აუდიტორიას უყვებოდა ისტორიებს იმაზე, თუ რა იყო სექსუალური რევოლუცია, რა დამოკიდებულება ჩამოყალიბდა მარიხუანას მიმართ ევროპულ ქვეყნებში, რას ნიშნავდა პროსტიტუციის დეკრიმინაზაცია-ლეგალიზაცია, აივ/შიდსის სიმპტომები და ბრძოლა სტიგმებთან, სექსუალური უმცირესობები და ა.შ. 

ეს გადაცემა "ენტევესთვისაც" კი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლური მედიაეთიკის და სტანდარტების მექას წარმოადგენდა, ნამდვილი გარღვევა იყო. 

ახლა, რომ ვფიქრობ, თუ რატომ ვათენებდით ღამეს ამ გადაცემის სანახავად (ღამის 2 საათზე იწყებოდა, მანამდე კი არხი საშინელებათა ფილმს აჩვენებდა), ვაანალიზებ, რომ საქმე მარტო პიკანტურობასა და +18 კადრებში არ ყოფილა (რომელიც ყოველთვის დაფარული იყო).
მიუხედავად სკანდალური თემებისა, გადაცემას, არც მეტი და არც ნაკლები, საგანმანათლებლო ფუნქცია ჰქონდა - ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე მაშინ საუბარიც კი ზედმეტი იყო და ბევრ თემაზე, რაზეც მანამდე ყურმოკვრით გვსმენოდა, მრავალფეროვან ინფორმაციას ვიღებდით (რა დასამალია, რომ ინფორმაციაზე მეტად მაშინ შიშველი მკერდის ნახვა უფრო გვიზიდავდა (თუნდაც "დაბლარვით" , მაგრამ ახალ ცოდნასაც ხომ ვიძენდით, თუნდაც იმიტომ, რომ მეორე დღეს კლასელებისთვის ეს ცოდნა თუ ცნობა გაგვეზიარებინა და სხვაზე უპირატესობის გემო გაგვესინჯა).

"ენტევეს" წელში გადატეხვის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ეს გადაცემა მოიხსნა ბადიდან, ადვილი მისახვედრია, თუ რატომ, სამაგიეროდ, ელენა ჰანგა ჩაანაცვლა ვიღაც ბრჭყვიალა პიჯაკიანმა ჯეელმა და დაიწყო დაახლოებით ის მარაზმი, რაც დღეს გავიდა "იმედის" ეთერში. 
p.s. ჯაჯანიძის გადაცემის მხოლოდ ანონსი და ჩხუბის კადრები ვნახე, რაც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ის დუხჭირი თინეიჯერობა დამეფასებინა, რომლის თანამგზავრიც მთელი სამი წლის მანძილზე ელენა ჰანგა იყო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test