შემოგვიერთდი

24.12.2014 22:33

„სტერეო+“მა თბილისში დაიწყო მიწისზედა ციფრული მაუწყებლობის გატესტვა

Media Ge
ციფრული მაუწყებლობა

შპს „სტერეო+“-მა 24 დეკემბერს სატესტო რეჟიმში  აამუშავა ციფრული მაუწყებლობა ე.წ. DVB-T2 სტანდარტით, რომელიც  თბილისის და მისი შემოგარენის ტერიტორიას მოიცავს.

პირველ ეტაპზე ციფრული  მაუწყებლობის ქსელში,   რომლის მშენებლობას და ოპერირებას „სტერეო+“ ახორციელებს ,  8 ტელეარხი ჩაერთო: „იმედი“, „რუსთავი 2“, კომედი არხი“, „მარაო“, საზოგადოებრივი მაუწყებელი HD,  საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, GDS და ტაბულა“. თუმცა DVB-T2 სტანდარტით მაუწყებლობის კრიტერიუმებს ამ ეტაპზე კიდევ ოთხი ტელეარხი აკმაყოფილებს, რომელიც  ასევე „სტერეო+“-ის სამაუწყებლო ქსელითაც გავრცელლდება.

დღესვე გამართულ პრესკონფერენციაზე „სტერეო+“-ის დირექტორმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა, რომ ანალოგური მაუწყებლობით მაყურებელი ვერ იღებდა იმ ხარისხის პროდუქტს, როგორსაც  ქმნიდა ესა თუ ის ტელევიზია. სახეზე იყო სიგნალის დამახინჯება, რომელიც ჩვევია ანალოგურ ტელევიზიას, ციფრული სიგნალით კი, მაყურებელი მიიღებს  იმ ფორმატის გადაცემებს, რომელ  ფორმატშიც ტელევიზიები  მოამზადებენ.

დავით ზილფიმიანმა მეტი სიცხადისთვის კონფერენციის დარბაზში მდგარი  მოზრდილი ტელევიზორი ჩართო და  პირველი არხზე მომართა.  საზოგადოებრივი მაუწყებელი  რაღაც პროგრამას  HD ხარისხში გადასცემდა, იმაზე გაცილებით უკეთესად, ვიდრე ზოგიერთი საკაბელო ქსელი მაყურებელს სთავაზობს. ამასთან, ტელევიზორს მომცრო ზომის აპარატი ჰქონდა მიერთებული, ე.წ  „სეთ-თოფ ბოქსი“,  მსგავსი რესივერისა, რომელიც სატელიტური თეფშის მფლობელებისთვის კარგად ნაცნობი აპარატია.  
როგორც ცნობილია, რესივერის გარეშე სატელიტური თეფში გინდ ჰქონია მაყურებელს გინდა არა-თანამგზავრიდან წამოსული  სიგნალი ტელევიზორამდე ვერ აღწევს. ასეა მიწისზედა ციფრული მაუწყებლობის შემთხვევაშიც,   „სეთ-თოფ ბოქსის“ გარეშე ჩვეულებრივი ანტენით ჩვეულებრივ ტელევიზორში გადაცემებს ციფრულ ფორმატში ვერ იხილავთ.  „სეთ-თოფ ბოქსი“ ანალოგურ სიგნალს, ანუ სიგნალს, რომლის საშუალებითაც შენობის სახურავზე ან აივანზე დამაგრებული ანტენით  გადაცემებს  ახლა ვუყურებთ, ციფრულ სიგნალად გარდაქმნის. მათ, ვისაც რესივერი უკვე აქვს, ასევე შეძლებს „სტერეო+“-ით გავრცელებული არხების და „დამატებითი სერვისის“ მიღებას. თუმცა,  შეიძლება ეს მოწყობილობები არც კი დაგჭირდეთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ  თქვენს ტელევიზორს ანალოგიური ფუნქციის დეტალი გააჩნია,  ასეთი ტელევიზორები კი ჩვენს საცალო ქსელში ჯერჯერობით იშვიათობაა.

სეთ-თობ-ბოქსი

სეთ-თობ-ბოქსი

ციფრული მაუწყებლობის შესახებ უფრო მეტი განმარტება იხილეთ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ვებ-მისამართზე).

ზილფიმიანის  განმარტებით, ადგილობრივი პროდუქცია, ტელეგადაცემები, მოსახლეობას უფასოდ მიეწოდება, თუმცა მის კომპანიას,   მულტიპლექსის აგების ლიცენზიის გარდა,  ასევე აქვს კოდირებული პროდუქციის ტრანსლირების უფლება. შესაბამისად,   უცხოურ არხებს,   ვისაც სურვილი ექნება, კომპანიისგან  გარკვეულ ფასად მიიღებს. გარდა ამისა, აღნიშნა ზილფიმიანმა, ნებისმიერი ტელეარხი, რომელიც მის ქსელში იქნება, ტელეგადაცემებთან  ერთად შეეძლებს სხვა სახის კონტენტის გავრცელებასაც, მაგალითად ტექტსურს თუ გრაფიკულს.

ზილფიმიანის ცნობით, სტერეო+ ციფრულ მაუწყებლობას, ეტაპობრივად გაავრცელებს, პირველ რიგში ბარში მდებარე     ქალაქებში: ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, გორი და ა.შ.

ჟენევის 2006 წლის ხელშეკრულების (GE-06) ფარგლებში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) წევრი ქვეყნების, მათ შორის - საქართველოს, საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს.  საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების პირველი  რეგიონისათვის (სადაც საქართველოსთან ერთად შედის ევროპა, აფრიკა და აზიის დიდი ნაწილი) – 2015 წლის 17 ივნისი განისაზღვრა ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე მიგრაციის ვადად.

ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს ეკონიმიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტრო ხელმძღვანელობს, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს სახით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან თანამონაწილეობით და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით.  

სტრატეგიის თანამხად, საქართველოში უნდა აიგოს რამდენიმე ციფრულ მაუწყებლობის ქსელი (ერთს ტელეანძა ააგებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის არხებისთვის, მულტიპლექსების აგებას აპირებენ რეგიონული არხებიც. ). კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კერძო კომპანიებისთვის   ჩატარებულ  კონკურსში გაიმარჯვა სტერეო+მა. მას ქსელის აგებასა და დაფინანსებაში ეხმარება  ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარერბის ბანკი, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად ზედამხედველობას უწევს კომპანიის მიერ წარმოებულ  პროცესს. ამავე სტრატეგიის მიხედვით, სოციალურად ყველაზე მეტად შეჭირვებულ ოჯახებს, მათი რაოდენობა კი 200 ათასს აჭარბებს,   ეკონომიკის სამინისტრო „სეთ-თოფ ბოქსებს“ უფასოდ დაურიგებს.

სტერეო+მა მულტიპლექსის ასაშენებლად, კონკურსის პირობებით,  უნდა მოაწესრიგოს ან ააგოს  ქსელის ძირითადი სეგმენტი - ლოკაციის წერტილები, 46 გადამცემი ობიექტი, თუმცა პრესკონფერენციაზე ზილფიმიანმა  აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ზოგიერთი საკითხის მიმართ ბიუროკრატიული მიდგომა ქსელის აგებას  ხელს უშლის. მან პირველ რიგში დაასახელა არსებული ლოკაციის წერტილების კომპანიისთვის მიყიდვის პრობლემა. ზილფიმიანმა თქვა, რომ  ობიექტების დროულად შესყიდვა სტერეო+ს მეტ სტაბილურობას შესძენდა, რაც თავის მხრივ გაზრდიდა მის მიმზიდველობას პოტენციური პარტნიორებისთვის, კერძოდ, ტელევიზიებისთვის.
ზილფიმიანმა  აღნიშნა, რომ გადასაჭრელია   ლოკაციის წერტილებთან,      თუნდაც, გრუნტის გზის გაყვანის,   ასევე   ობიექტების  სტაბილური  ელექტრომომარაგების საკითხი, რომელსაც კომპანია დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. მან  ასევე ხაზი გაუსვა, რომ კანონმდებლობა მას არ აძლევს ობიექტების ასაგებად მიწის ნაკვეთების  გონივრულ ფასში შესყიდვის შესაძლებლობას. ამ საკითხის მოგვარებას  ზილფიმიანი პარლამენტისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შეთავაზებით შეეცდება, რომლის დამტკიცებაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს სახელმწიფოს  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მთელ პროცესს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test