შემოგვიერთდი

06.01.2015 12:41

მშვიდობის ჟურნალისტიკა კონფლიქტების გაშუქებისას

თამარ სვანიძე
საუბრები მედიაზე

ბოლო ერთი წელია, რაც ინტერნიუსი საქართველოს პროექტის საშუალებით თითქმის ყოველ თვე მიწევს თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) პირობითი საზღვრისპირა სოფლების მონახულება. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან, როდესაც სოფელ  ნიქოზიდან პირველად გავაკეთე რეპორტაჟი, მივხვდი რომ ჟურნალისტიკის ეს სფერო ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ერთი წელია ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას ვხვდები, ვისმენ მათ ისტორიებს და სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ომის და კონფლიქტების გაშუქებისას მშვიდობის ჟურნალისტიკას განსაკუთრებული როლი აქვს.  

ჟურნალისტების წყალობით, რომლებიც კონფლიქტის თემებზე მუშაობენ, საზოგადოება თავადაც ხდება ადგილობრივების ცხოვრების და პრობლემების მონაწილე. მაყურებელი, მსმენელი ან მკითხველი, თითქმის  ისე კარგავს სახლს და იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად, როგორც ადგილობრივები ომის დროს, გრძნობს როგორ ეცემა ჭურვი წლების ძალისხმევისა და დაუღალავი შრომის შედეგს - თავის კარმიდამოს, აღმოჩნდება დევნილებთან დასახლებაში, სადაც ყველაფერი ერთფეროვანია, ძირითადად, ნაცრისფერი, იგრძნობს რას ნიშნავს დაკარგო ოჯახის წევრი, როგორია დარჩე მოსავლიანი მიწების გარეშე და საერთოდაც, რას ნიშნავს გადაიტანო ომის საშინელება. და აი, ამ დროს, ის ზუსტად ხვდება, რატომ არის მნიშვნელოვანი მშვიდობის ჟურნალისტიკის არსებობა, რომელიც იმას გვაჩვენებენ, რის დანახვასაც თავს ვარიდებთ, ვერიდებით „კომფორტის ზონის“ დარღვევას.

„ჩვენ, ჟურნალისტებმა, რომლებმაც ომი ვნახეთ, ალბათ ყველაზე უკეთ ვიცით მშვიდობის ფასი.” ამ სიტყვებით მიმართა რუსთაველის თეატრში შეკრებილ ადამიანებს „რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა 19 დეკემბერს, როცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გადასცა Media.Ge-სთვის დაწერილი სტატიისთვის ‘სარაევოდან წამოყოლილი ტკივილი და იმედი’.

ევროკავშირი, სპეციალური პრიზის დაწესებით, ცდილობს პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებიც კონფლიქტებს აშუქებენ, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც, წაახალისოს და ხელი შეუწყოს ამ დარგის საქართველოში განვითარებას.

მშვიდობის პრიზის მფლობელი ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ქართულ მედიას კონფლიქტების გაშუქებისას პოზიტიური ისტორიები აკლია.

“ბევრი ჩემი კოლეგა ფიქრობს რომ სკანდალური ამბავი ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე პოზიტიური ისტორია კონფლიქტის ზონიდან. [პოზიტიურ ისტორიაში ქართველების და ოსების შენარჩუნებულ კავშირებს ვგულისხმობ.]  კონფლიქტები კი სიძულვილის ენით ვერ მოგვარდება. სამწუხაროდ, როგორც ჩვენთან, ისე ოსურ და აფხაზურ მედიაში, ისევ იყენებენ ამ ენას. ხშირად მესმის გამოთქმები - ‘ფაშისტი ქართველები’, ‘კრიმინალი და გამტაცებელი ოსი სეპარატისტები’. ასეთი ენით კონფლიქტს კი არ მოვაგვარებთ, არამედ შუღლს უფრო გავაღვივებთ, “ ამბობს აფციაური.

გოგა აფციაური ფიქრობს, რომ  სიძულვილის ენა აქტიურად გამოყენება არის ქართველი ჟურნალისტების ყველაზე დიდი პრობლემა.

“პირველ რიგში სიძულვილის ენა უნდა დავძლიოთ არამარტო კონფლიქტების გაშუქებისას, არამედ ჩვენს შიგნით, საზოგადოების შიგნით, სადაც რელიგიურ, ეთნიკურ, სექსუალურ უმცირესობებს სწორედ რომ სიძულვილის ენით მოვიხსენიებთ. ვიდრე ეს ენა ჩვენი საზოგადოების შიგნით იარსებებს, აფხაზებს და ოსებს ჩვენკენ გამოხედვა არ მოუნდებათ.” ამბობს ჟურნალისტი.

ამერიკელმა ჟურნალისტმა მარი კოლვინმა, რომელიც კონფლიქტებს აშუქებდა ჩეჩნეთში, შრილანკაში, იუგოსლავიაში და ერაყში, 2010 წელს საქართველოში სტუმრობისას, ჟურნალისტებს შეხვედრაზე უთხრა, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანებს ვიღაცამ აუცილებლად უნდა უთხრას სიმართლე ომის თანმდევი საშინელებების შესახებ.

„შემეძლო, მშვიდად მეცხოვრა პარიზში და ბოკალი ღვინით ხელში ლიტერატურაზე მესაუბრა, მაგრამ არჩევანი ომის ჟურნალისტიკის სასარგებლოდ გავაკეთე.“  თქვა მან შეხვედრაზე. საქართველოში სტუმრობიდან ორი წლის შემდეგ, 2012 წელს იგი ფრანგ ფოტორეპორტიორ რემი ოჩლიკთან ერთად სირიაში, ჭურვის დაცემის შედეგად დაიღუპა.

კოლვინის თქმით მნიშვნელოვანია ქართველმა ჟურნალისტებმა საკუთარ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები მაქსიმალურად დაბალანსებულად გააშუქონ. “ისინი ჟეშმარიტად უნდა იყვნენ ‘მოდარაჯე ძაღლები’ რომლებიც ხელისუფლებას არ მისცემს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დავიწყების საშუალებას,” თქვა კოლვინმა.

მშვიდობის ჟურნალისტიკა საქართველოში ნელნელა ვითარდება და პოპულარული ხდება. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) რეგიონალური დირექტორის, ბექა ბაჯელიძის თქმით, ევროკავშირის სპეციალურ პრიზის ნომინაციაზე ყოველწლიურად  იზრდება შემოსული განცხადებების რაოდენობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჟურნალისტიკის ეს მიმართულება პოპულარული ხდება და მეტი ჟურნალისტი ინტერესდება ჰუმანური ისტორიებით.

სტატია მომზადებულია "ინტერნიუსის" პროექტის „კონფლიქტ სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“  ფარგლებში და დაფინანსებულია ბრიტანეთის საელჩოს მიერ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test