შემოგვიერთდი

27.01.2015 18:58

რა აკლია მედიას კრიზისების გაშუქებისას

თამარ სვანიძე
სტატიები საუბრები მედიაზე

მსოფლიოში კრიზისები უფრო და უფრო მატულობს, რთულდება,  და შესაბამისად მედიასაც უჭირის მათი სრულაფსოვნად გაშუქება.  კონფლიქტების ზონაში ხშირად ყველაზე საინტერესო ამბები პოსტ-ფაქტუმ ხდება, მაშინ, როცა მედიის წარმომადგენლები ადგილზე უკვე აღარ არ არიან.

შეიარაღებული კონფლიქტი აღმოსავლეთ  უკრაინაში, შარლი ებდოს რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტი პარიზში, დაახლოებით 4- წლიანი ომი სირიაში, ებოლას ვისრუსი დასავლეთ აფრიკაში, „ისლამური სახელმწიფოს“  იგივე ISIS შეიარაღებული ფორმირებების მიერ ადამიანების მასობრივად  დახოცვა, - ეს ბოლოდროინდელი პოლიტიკურ-გეოგრაფიული კრიზისების არასრული ჩამონათვალია, რისი გაშუქებც გამოწვევა გახდა დასავლეთის მედიისთვის.

მეინსტრიმულ მედიას აღარ აქვს ფინანსური და ადამიანური რესურსი გააშუქოს მსოფლიოში მიმდინარე კრიზისები განგრძობითად. მაგალითად, მსოფლიო მედია მობილიზებული იყო დასავლეთ აფრიკაში, როდესაც იქ ებოლა მძვინვარებდა, თუმცა როგორც კი მთავარი კრიზისი დასრულდა, მედია სხვა კრიზისზე გადაერთო. დღეს, უკვე იშვიათად ჩნდება ებოლას შესახებ გაკეთებული ჟურნალისტური ნამუშევარები მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებში.

მომრავლებული კრიზისებისა და მათი გაშუქების სირთულეების ფონზე დასავლური ტრადიციული მედიის წარმომადგენლები ცდილობენ გამოწვევას ჟურნალისტიკაში ახალი მიმართულების დანერგვით უპასუხონ.

„‘ქოდა სთორი“  CODA Story- კრიზისების გაშუქების ეს ახლებური გზა არის ინტერნეტ პლათფორმა, რომლის კონცეფციაც გასულ წელს, მედიაში ერთ-ერთ საუკეთესო იდეად აღიარეს.

იდეის არსი ერთი რომელიმე კრიზისის ხანგრძლივად გაშუქებაში მდგომარეობს.

მუსიკაში CODA არის შემაჯამებელი პასაჟი, რომელიც როგორც წესი, განსაზღვრავს მთელს კომპოზიციას. ჟურნალისტიკაში კი ეს არის პროფესიონალი ჟურნალისტების მიერ კრიზისების გაშუქება სიღრმისეულად და განგრძობითად.

22 იანვარს, კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიაშ“  „ქოდა სთორის“ [CODA Story] იდეის კონცეფციის შესახებ, პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ბი-ბი-სის რეპორტიორმა, ნატალია ანთელავამ ისაუბრა. მისი აზრით, მეინსტრიმულ მედიაში ეს ნიშა თავისუფალია.

„რუსეთ-საქართველოს ომი არის ამის კარგი მაგალითი. 2008 წელს აქ უამრავი მედიასაშუალება ჩამოვიდა. ყველამ იფიქრა, რომ ომი დამთავრდა, ყველას ყურადღება გადაერთო  სხვა საკითხებზე. შედეგად  საფუძვლიანად არაფერი გაშუქებულა,“ თქვა ნატალია ანთელავამ შეხვედრაზე.

„ფრონტლაინ ჯორჯიაში“  შეკრებილ აუდიტორიას ისიც აინტერესებდა, რატომ არის მედია კრიზისების გაშუქებისას „ბრიყვულ“ მდგომარეობაში და ფაქტების შეფასების მიზეზს ამოფარებული, რატომ არ არქმევს მოვლენებს თავის სახელს. თუ არა მედიამ, რომელიც კრიზისის დროს ადგილზე მუშაობს, ვინ უნდა დაარქვას მოვლენებს სახელი - გაისმა  შეკითხვა დამსწრე აუდიტორიიდან.

როგორც აღმოჩნდა, საზოგადოება მედიისგან არა მხოლოდ მიმდინარე ამბების მყისიერად გაშუქებას, არამედ პირდაპირობასაც მოითხოვს. თუმცა, ის, რაც საზოგადოებისთვის ამბებისთვის სახელის დარქმევაა, ჟურნალისტებისთვის შეფასებას და გარკვეულწილად „‘მიკერძოებულობას“  ნიშნავს.

სტატია მომზადებულია "ინტერნიუსის" პროექტის „კონფლიქტ სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“  ფარგლებში და დაფინანსებულია ბრიტანეთის საელჩოს მიერ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test