შემოგვიერთდი

26.02.2015 17:13

მედია და გენდერული თემების ეთიკური გაშუქება

Goga Aptsiauri
ჟურნალისტის ჩანაწერები

თბილისში , 2 დღის განმავლობაში,  რეგიონული და ცენტრალური მედიის წარმომადგენლებისთვის გენდერული თანასწორობის გაშუქების თემაზე ტრენინგი მიმდინარეობდა. ტრენინგს ბრიტანელი ჟურნალისტი ჰანა სტორმი უძღვებოდა, რომელიც  ქართველ ჟურნალისტებს გენდერულად სენსიტიური გაშუქების და ეთიკური ჟურნალისტიკის შესახებ ესაუბრა.  ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, მოსახლეობის სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების რეალიზება, ქალთა მიმართ ძალადობა, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობა, როგორ აშუქებს ამ თემებს ქართული მედია? კონკრეტული მაგალითები ცხადყოფს, რომ ქართული ჟურნალისტიკა გაშუქების საერთაშორისო სტანდარტისგან ჯერ შორსაა, ხშირად ხდება ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია, არაეთიკური გაშუქება, ტერმინების არასწორად გამოყენება და რაც ყველაზე მთავარია ამ საფრთხილო თემების მიმართ საზოგადოებაში სტერეოტიპების გაჩენა.  მაესტროს ჟურნალისტი თამუნა ილურიძე მიიჩნევს რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის სასარგებლოა და სწორედ ასეთი ტრენინგები და სემინარები უწყობს ხელს პროფესიონალიზმის ზრდას.  

ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე მიიჩნევს რომ აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე, დაკვირვება თითოეულ სიტყვაზე, ტერმინების სწორად გამოყენება გენდერულად სენსიტიური თემების გაშუქებისას.

ლიბერალის ჟურნალისტის მაგდა წიკლაურის აზრით აუცილებელია მეტი განათლება მიიღონ ქართველმა ჟურნალისტებმა ისეთი სპეციფიკური საკითხების შესახებ, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, სქესობრივი და რეპროდუქციული საკითხები. 

ტრენინგის მიმდინარეობისა თითოეული თემის განხილვის შემდეგ ჟურნალისტებს შორის დისკუსიები იმართებოდა, მოჰყავდათ მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან. პოულობდნენ შეცდომებს და ამ შეცდომების გამოსწორების გზებზე ფიქრობდნენ. ბრიტანელი ჟურნალისტი ჰანა სტორმი ამბობს რომ მსგავსი გამოწვევების წინაშე წლების წინ ბრიტანული მედიაც იდგა, როცა პროფესიული სტანდარტი დაბალი იყო და ხშირად ეთიკური ნორმების უგულვებელყოფაც ხდებოდა. მისი აზრით ქართულ მედიაში საქმე სახარბიელოდ არ არის, ამიტომ განათლების ხარისხის გაუმჯობესებით უნდა მოხდეს ვითარების გამოსწორება. 

გენდერული თემების გაშუქების შესახებ ტრენინგი გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, აღნიშნული პროგრამა ხორციელდება გაეროს სამი სააგენტოს - გაეროს მოსახლეობის ფონდის,(UNFPA) გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის(UN WOMEN) მიერ,  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test