შემოგვიერთდი

21.03.2015 00:56

ერთობლივი ხედვა- თანამშრომლობით ნდობის აღდგენისკენ

Goga Aptsiauri
სტატიები ჟურნალისტის ჩანაწერები

ცოტა ხნის წინ ოს და აფხაზ კოლეგებს ერევანში შევხვდი. პოლიტიკოსებისგან განსხვავებით მედიის წარმომადგენლები საერთო თემებზე შეთანხმებას ვახერხებთ და ჩვენი  დიალოგიც უფრო კონსტრუქციულად მიმდინარეობს ხოლმე.  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოს კოლეგებს პირველად სამოქალაქო დიალოგის „თვალსაზრისის“ ფორმატში შევხვდი. ეს არის ფორმატი, რომელიც ჯორჯ მეისონის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა სიუზან ალენ ნანმა შექმნა და ამ ფორმატში ბოლო წლების განმავლობაში  სხვადსხვა პროფესიის ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან,  პრობლემებზე საუბრობენ და მათი გადაჭრის გზებს ეძებენ. ჟურნალისტებმაც აქედან დავიწყეთ ურთიერთობა და ეს ურთიერთობა დღემდე გრძელდება. „თვალსაზრისის“ გარდა, სხვა არაერთი სამოქალაქო დიალოგის ფორმატი შეიქმნა.

  „რატომ უნდა ვითანამშრომლოთ და რა მოტივაცია გვაქვს ამისთვის“? - ეს კითხვები ერევნის ბოლო  შეხვედრაზე ქართველმა, ოსმა და აფხაზმა ჟურნალისტებმა საკუთარ თავს და ერთმანეთს დაუსვეს. „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ ფორუმზე მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის პროექტებზე იმსჯელეს და ჩამოაყალიბეს საერთო ხედვა, რომელიც მედიაპროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

„ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისგან განსხვავებით, საზოგადოება და პოლიტიკოსები დიალოგისთვის მზად არ არიან. მნიშვნელოვანია ერთმანეთის განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა. სამოქალაქო დიალოგის ფორმატში გამართული  შეხვედრების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია გახსნილად და უსაფრთხოდ განვიხილოთ რთული თემები ისე, რომ ეს კონფლიქტში არ გადაიზარდოს“ - ასე იწყება საერთო ხედვის შესავალი ნაწილი.

 ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები საუბრობდნენ საერთო პრობლემებზე  და ეძებდნენ საერთო შეხების წერტილებს. ასეთი  წერტილების მოძებნა მათ არ გასჭირვებიათ. არის პრობლემები, რომლებიც ამ სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებთ - მაგალითად, საზოგადოების მრავალმხრივი და ობიექტური ინფორმირება, რასაც ქართული, ოსური და აფხაზური მედია დღეს მოკლებულია. ამიტომ  ჟურნალისტებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების ნაწილმა საერთო მიზნად მედიის მიმართ უნდობლობის დაძლევა მოვლენების მრავალმხრივი და დაბალანსებული გაშუქებით დაისახა. ყველა თანმხდება, რომ ეს არ არის ადვილად მისაღწევი მიზანი, მაგრამ იმ ჟურნალისტებს, ვინც თანამშრომლობისთვის მზადაა, შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ესა თუ ის ამბავი არაერთ წყაროსთან გადაამოწმონ. ჟურნალისტებმა იმუშავეს საგანმანათლებლო, პროფესიული დონის ასამაღლებელ და შემეცნებით საპროექტო იდეებზე. სოხუმელი ჟურნალისტი როინ აგრბა მიიჩნევს, რომ ასეთ შეხვედრებს  გაგრძელების დიდი პერსპექტივა აქვს.  

“არის თანამშრომლობის სურვილი და ეს კარგია. სასიამოვნოა, რომ ვსაუბრობთ მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რადგან ბოლო წლებში მედიის საკითხებზე საუბარი შემცირდა.  სამშვიდობო საკითხებზე ბევრი პროდუქცია არ იქმნება. მედიის საკითხები კარგია იმით, რომ რეალურად გამოჩნდება პროდუქცია, რომელსაც ეს შერეული ჯგუფები მოამზადებენ.“- ამბობს როინ აგრბა.  

რაც მეტი კონტაქტია, რაც მეტადაა საზოგადოება ინფორმირებული, მით ნაკლებია გაუგებრობა და სიძულვილი- ასე ფიქრობს ტელეკომპანია  „ტაბულას“ ჟურნალისტი დიმიტრი ავალიანი, რომელიც  მიიჩნევს, რომ მედიამ სტერეოტიპებით დატვირთული გარემო უნდა გადალახოს და ჟურნალისტებმა თამამად უნდა ისაუბრონ სამშვიდობო პროექტებზე.  

„დღეს ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ურთიერთობა, არ გვაქვს საკმარისი წვდომა წყაროებზე სოხუმში და ცხინვალში. ასევე იმათაც. ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება ხშირად. სიტუაციის აღქმა ჩვენს საზოგადოებაში, ვთქვათ, რაც ხდება სოხუმში და ცხინვალში, თუნდაც, იქაური საზოგადოების განწყობის, იქაური პოლიტიკური პროცესების, სოციალური ვითარების, მთლად ადექვატური არ არის. ამისთვის, პირველ რიგში, ძალიან კარგია, რომ ჩვენ გვყავს კოლეგები იქ, რომლებსაც პირდაპირ შეგვიძლია მივმართოთ და ვთხოვოთ კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმება.“-აცხადებს დიმიტრი ავალიანი.

ცხინვალში გამომავალი გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი მსგავსი ფორმატის შეხვედრებს ხშირად ესწრება. იგი მიიჩნევს, რომ საზოგადოების განვითარების პროცესში მედიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მისი აზრით, სამშვიდობო პროექტებში ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს.

„ჩვენ გეოგრაფიულად ერთმანეთის გვერდით ვართ. ადრე თუ გვიან მოგვიწევს ურთიერთობის მოგვარება. მსოფლიოში გაცილებით უფრო სისხლისმღვრელი ომები მომხდარა ვიდრე ჩვენს შორის და ხალხი მაინც იწყებდა ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმას. ახლა, მათ, ვინც ამ პროცესს ამუხრუჭებს, მგონი უბრალოდ არ ესმით, ისინი ამბობენ- დრო ჯერ არ არის მოსულაო. დრო მაშინ მოდის ხოლმე, როცა ეს ვინმეს სურს. აი რახან ჩვენ ეს გვინდა, ესე იგი დროც მოსულა და ეს უნდა გავაკეთოთ. ვისაც ჰყოფნის სამოქალაქო სითამამე, ამას აკეთებს კიდეც, ვიღაც კი-არა. ის, ჩემი აზრით, არც საკუთარ საზოგადოებაზე ზრუნავს და შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად ზიანი მოაქვს საკუთარი ხალხისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დადებითია ამ შეხვედრების ნებისმიერი ფორმატი. ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები განსაკუთრებით, თუ თავისუფლები არიან და თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე, საზოგადოების ყველაზე პროგრესულ ნაწილს წარმოადგენენ, ამიტომ არ მიკვირს, რომ სწორედ ჟურნალისტები დგანან ამ პროცესის სათავეში. მათ ესმით რამდენად საჭიროა ეს. ხშირად მათ, ჩემი აზრით, პოლიტიკოსებზე მეტი ესმით.“ -ამბობს თემურ ცხურბათი.

დაძაბულობისა და უნდობლობის მოხსნა ყველა მხარის ინტერესშია. ეს განწყობა მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. ერთობლივად შემუშავებულ ტექსტში, რომელიც საერთო ხედვას ასახავს, ჩაწერეს: „თანამშრომლობით გვინდა ვაჩვენოთ მაგალითი, რომ ძალების გაერთიანებით შევძლებთ საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების გაკეთებას, რათა მომზადდეს მიმართულება უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, როცა ამის დრო დადგება“. 

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ჯგუფის წევრები, რომლებმაც საპროექტო იდეებზე იმუშავეს, ერთმანეთს კარგად იცნობენ და მზად არიან თანამშრომლობის საერთო კავკასიური პლატფორმა შექმნან.

„იდეათა უმრავლესობა რომელიც ჟურნალისტებმა წარმოადგინეს, აბსოლუტურად რეალიზებადია. ბევრი მსგავსი პროექტები აქამდეც განხორციელებულა და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო სრულყოფილი, უფრო ეფექტური და კარგი პროგრამების განხორციელება არის შესაძლებელი. შემთხვევითი არაა, რომ ჯგუფის წევრები  ძალიან შეწყობილი არიან ერთმანეთთან, თანამშრომლობის თვალსაზრისითაც საკმაოდ მაღალი ხარისხია და ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებული იქნება ამ ფორმატში საქმიანობა.“- ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.

ერევანში შემუშავებული ერთ-ერთი საპროექტო იდეა ერთობლივ პრეს-ტურს გულისხმობს. იდეის მიხედვით, ქართველი, ოსი და აფხაზი ჟურნალისტები იმოგზაურებენ იმ ქვეყნებში, სადაც ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტები იყო - გაეცნობიან იქ არსებულ გამოცდილებას და საერთაშორისო ორგანიზაციების როლს ამ კონფლიქტების მოგვარების საქმეში.  

ცხინვალში სამოქალაქო სექტორის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება უარესისკენ იცვლება. ზოგიერთ გამოცემაში ქართველ კოლეგებთან შეხვედრის გამო მათ სახელმწიფო ინტერესების გამყიდველებად მოიხსენიებენ, ამ ფონზე, რთულია არ დაეთანხმო თემურ ცხურბათის იმაში, რომ, როგორც ის ამბობს,    ოსი ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების მცდელობა, რომ სამშვიდობო პროცესებში აუცილებლად ჩაერთონ და საზოგადოების ინფორმირებას შეუწყონ ხელი,  სამოქალაქო გმირობის ტოლფასია.
ჩვენს ცხინვალელ კოლეგებს მიაჩნიათ, რომ  დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. საზოგადოების სწორი ინფორმირება კი ამავე საზოგადოების განვითარებისთვისაა აუცილებელი.

სტატია მომზადებულია "ინტერნიუსის" პროექტის „კონფლიქტ სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“  ფარგლებში და დაფინანსებულია ბრიტანეთის საელჩოს მიერ. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test