შემოგვიერთდი

27.05.2015 23:06

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ცვლილებები შედის რიგ კანონებში

Media Ge
სტატიები ციფრული მაუწყებლობა

საქართველო ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე მიმდინარე წლის 17 ივნისს გადადის. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ცვლილებები შედის რიგ კანონებში, კერძოდ: ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონში; „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში; „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონში; „საქართველოს საარჩევნო კოდექსსა“ და „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში.

პარლამენტის ვებ-გევრდზე გამოქვეყნებული იფორმაციის  თანახმად, აღნიშნული საკითხი 27 მაისს  იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო, განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განმარტებით, ცვლილებით ტელემაუწყებლობისა და რადიომაუწყებლობის მაუწყებლობის სახეებად გამოყოფა ხდება. ახლებურად განისაზღვრება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირების საკითხი და ლიცენზია გაიცემა მხოლოდ რადიომაუწყებლობისათვის, თუ იგი ხორციელდება რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით, დანარჩენი შემთხვევები დაექვემდებარება კომისიის მიერ ავტორიზაციას. „კანონპროექტით, კომისიის ფუნქციად განისაზღვრება ავტორიზაცის შეჩერება, განახლება და შესაბამისი პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ასევე, გაწერილია ავტორიზაციის წესი“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კანონიდან საკაბელო მაუწყებლობასთან დაკავშირებული საკითხების ამოღება ხდება, გარდამავალი დებულებებით კი გათვალისწინებულია ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია ციფრული მაუწყებლობის დანერგვასთან.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, ავთანდილ კასრაძის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებით განისაზღვრება შესაბამისი მულტიპლექსპლატფორმის ფორმირებამდე მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტის მიხედვით, კომისია უფლებამოსილი იქნება საკუთარი ინიციატივით შეაჩეროს ავტორიზაცია, თუ ავტორიზაციის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. ამასთან, ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე. „გარდა ამისა, განისაზღვრება ავტორიზავიის შეჩერების ვადა და პირის მიერ საქმიანობის განახლების პროცედურები. წარმოდგენილი ცვლილებით, აღნიშნული კანონი გავრცელდება როგორც ლიცენზირებულ მაუწყებლებზე, აგრეთვე ავტორიზებულ მაუწყებლებზედაც“, აღნიშნა კასრაძემ. წარმოდგენილი ცვლილებით, არჩევნებთან დაკავშირებული მაუწყებლობის კონკრეტული უფლება - ვალდებულებები გავრცელდება როგორც ლიცენზირებულ, ასევე, ავტორიზებულ მაუწყებლებზეც. როგორც სხდომაზე აღინიშნა, კოდექსიდან ხდება „სავალდებულო ტრანზიტთან“ დაკავშირებული ნორმების ამოღება, ვინაიდან ეს საკითხი გათვალისწინებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. კანონპროექტის თანახმად, მუხლში, რომელიც ეხება სასამართლოს სხდომის ტრანსლაციას, ტერმინი საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი იცვლება ტერმინით - საერთო მაუწყებელი.

„ეს ვალდებულება 2006 წლიდან გვაქვს, ყველაფერი წარიმართა ფორსირებულ რეჟიმში, სრულიად უცხო, ახალი გარემო შემოდის სამაუწყებლო სფეროში“, - უპასუხა კასრაძემ ოპოზიციის წარმომადგენლის, ზურაბ მელიქიშვილის კითხვას, თუ რატომ არ მოხდა კანონპროექტის შემოტანა უფრო ადრე.

თითოეულმა კომიტეტმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, საკითხის განხილვა წამყვან კომიტეტებში გაგრძელდება.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test