შემოგვიერთდი

08.06.2015 14:28

მედია, სამართალი და ეთიკა - კონფერენცია თსუ–ში

Media Ge
საუბრები მედიაზე

 

 

ავტორი: ლუკა პერტაია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ),  4 და 5 ივნისს,  ჩატარდა დოიჩე ველე აკადემიისა და თსუ–ის ერთობლივი სტუდენტური  სამეცნიერო კონფერენცია - „მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?“ 

ინტერდისციპლინური კონფერენციის მომხსენებლები   ქართული ჟურნალისტიკის პრობლემები რამდენიმე მიმართულებით მიმოიხილეს:  ინფორმაციის თავისუფლება, მედია და ადამიანის უფლებები, სიძულვილის ენა, სასამართლო და მედია, მედია და ეთიკა.„დოიჩე ველე უკვე მეორე წელია, მედიასამართლისა და მედიაეთიკის თემებზე მუშაობს. კონფერენციები და ტრენინგები შარშანაც ჩავატარეთ და წელს გადავწყვიტეთ, რომ თემის აქტუალობის გამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გვეთანამშრომლა. კონფერენციის ზოგადი თემა მედიასამართალი იყო, თუმცა სტუდენტებს მივეცით საშუალება, თვითონ აერჩიათ კონკრეტული სათაურები“ – ამბობს დოიჩე ველე აკადემიის მედიის განვითარების ქართული პროექტის მენეჯერი, ამალია ოგანჯანიანი.

კონკურსის გამოცხადების შემდეგ მიღებული 70–მდე აბსტრაქტიდანკონფერენციისათვის საბოლოოდ 21 ნაშრომი შეირჩა. წარმოდგენილი ნაშრომები 6 უნივერსიტეტის (თსუ, ილიაუნი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი) სტუდენტებს ეკუთვნით. ნაშრომების აბსოლუტური უმრავლესობა ორგანიზატორებმა თბილისიდან, ხოლო მხოლოდ ერთი – ბათუმიდან, მიიღეს.

ამალია ოგანჯანიანის თქმით, კონფერენციის მიზანი იყო ჟურნალისტებისა და იურისტების თანამშრომლობის წახალისება, რადგან მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა: „ქართველი იურისტები უფრო აროგანტულები არიან ან ფიქრობენ, რომ ჟურნალისტებთან მუშაობა მათი საქმე არ არის. ჩვენი კონფერენციაც მათი ერთმანეთთან დაკავშირების პირველი მცდელობა იყო, ვინაიდან მედია სამართალი ორივე სფეროს ეხება.  აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალისტიკა და სამართლის სტუდენტების ნაშრომების გარდა კონფერენციაში სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის ნაშრომებიც მივიღეთ და კონფერენცია ინტერდისციპლინური გამოვიდა. იმედია, მათი თანამშრომლობა ქართულ მედიას განვითარებაში დაეხმარება“.

მომხსენებლების კვლევებში გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც პრობლემურია თანამედროვე ქართული მედიისათვის:

თამარ კაპანაძემ მოხსენების, „რისი უფლება აქვს მედიას? სენსაცია და კანონები“, ფარგლებში ხაზი გაუსვა ზოგიერთი ქართული ინტერნეტგამოცემის არაპროფესიონალიზმს. მისი თქმით, სატირული ინტერნეტ-გამოცემის, „ჩიტის“ მოგონილ მასალებდ  ინტერნეტგამოცემები (სააგენტოები) რეალურ ახალ ამბებად ავრცელებენ. თსუ–ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელის, მარიამ გერსამიას შეფასებით, ეს ფაქტი პარადოქსულია, რადგან ახალი ამბების მრავალი სააგენტო, რომელიც წესით წმინდა წყლის ახალ ამბებს უნდა ავრცელებდეს, ხშირად სწორედ ისეთ სტატიებს ავრცელებს, როგორსაც „ჩიტი“.

მარიამ თურქიშვილმა მოხსენების („მედიის ზეგავლენა მართლმსაჯულებაზე“) პროცესში ექსპერიმენტი ჩაატარა. ჟურნალისტმა ფოტოები გადაიღო, რათა შეემოწმებინა, გაეფანტებოდა თუ არა დარბაზს ყურადღება. ასეც მოხდა, რის საფუძველზეც მომხსენებელმა დაასკვნა, რომ ფოტოგადაღებამ შესაძლებელია პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს მუშაობა შეაფერხოს.

მომხსენებელმა სხვა საკითხებზეც იმსჯელეს: ნატა ძველიშვილმა ონლაინ მედიაში სოციალური ქსელების გამოყენებისას წამოჭრილ ეთიკურ პრობლემებზე ისაუბრა; თამარ კარელიძის კვლევა რეგიონული ტელევიზიების თვითრეგულირების ორგანოებს ეხებოდა; სალომე გორგოძემ კი ქართული ონლაინ მედიაში რელიგიური საკითხების პრობლემები და ეთიკურ სტანდარტები მიმოიხილა...

იურისტი კახაბერ მჭედლიშვილი, ადვოკატი გერმანიაში, რომელიც დოიჩე ველე აკადემიის მიერ არის მოწვეული კონფერენციის თემების ხარისხის კონტროლისათვის, ამბობს, რომ ქართული მედიასამართალი და, საერთოდ, მედია, გასავითარებელია. სწორედ ამის გამო, მისივე თქმით, პროექტის მიზანია ზოგადად მედია სამართლის განვითარების ხელშეწყობა და მედიის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება. „ჩვენი მიზანია, ამოვარჩიოთ საუკეთესო მოხსენებები, რომლებსაც ხარისხის კონტროლისა და რედაქტირების შემდეგ წიგნად გამოვცემთ.  ავარჩევთ იმ თემებს, რომლებიც კონტექსტში ერთმანეთს ლოგიკურად ებმის. წიგნის გამოცემის თარიღი დამოკიდებულია სტუდენტების აქტიურობაზე, რამდენადაც კონფერენციაზე ნათელი გახდა, რომ ბევრ მოხსენებას ჩასწორება სჭირდება“, – ამბობს კახაბერ მჭედლიშვილი. მისივე თქმით, ჯერ არ გადაწყვეტილა, ზუსტად რამდენი ნაშრომი მოხვდება წიგნში, რომელიც, დაახლოებით, შემოდგომაზე დაიბეჭდება.

კონფერენციის ბოლოს დაანონსდა დოიჩე ველე აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავალი ერთობლივი პროექტი. მარიამ გერსამიას თქმით, მომავალი კონფერენცია გაიმართება 2015 წლის ოქტომბერში: „ეს იქნება პროფესორების კონფერენცია სამხრეთ კავკასიის მასშტაბით და ჩვენ, ორგანიზატორები, მომავალ ჟურნალისტებსა და იურისტებს სამხრეთ კავკასიის მედიაექსპერტებს შევახვედრებთ. სწორედ ექსპერტებთან მუდმივი კონტაქტის დამყარების შედეგად იქნება შესაძლებელი სტუდენტებისათვის, მიიღონ რჩევები და რეკომენდაციებიები იმ საკითხებზე, რომლებზეც დღეს მუშაობენ“.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test