შემოგვიერთდი

17.06.2015 01:34

მაუწყებლობა უშგულში

Media Ge
სტატიები ციფრული მაუწყებლობა

 

 

ავტორი: ლუკა პერტაია

„თავიდან, როდესაც უშგულის გაციფრულების იდეის შესახებ შევიტყვეთ, ვიფიქრეთ, სატელიტური ანტენების მასობრივი დაყენება ხომ არ დაამახინჯებდა სოფლის ისტორიულ იერსახეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ანალოგური სიგნალების გათიშვის შემდეგ ბევრი ოჯახი ტელევიზიის გარეშე დარჩებოდა, გადავწყვიტეთ, რომ სოფლის „გაციფრულება“, პირიქით, ხელს შეუწყობს უშგულის განვითარებას“ – ამბობს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კაპიტონ ჟორჟოლიანი, მაგთისატისა და SES-ის პრესკონფერენციაზე, – 10 ივნისი, სვანეთის მუზეუმი, მესტია...

ყველაფერი კი ჩემი რედაქტორის წერილით დაიწყო: 9–10 ივნისს სვანეთში, მაგთისატისა და SES-ის მოწყობილ პრესტურზე წასვლა ხომ არ გინდაო. პრესტურის ფარგლებში დავესწრებოდი კომპანიების პრესკონფერენციას, სადაც უშგულში „მაგთისატის“ სატელიტური ანტენების დაყენების შესახებ გამოაცხადებნენ – საქმე ისაა, რომ, მაგთისატისა და SES-ის ერთჯერადი აქციის ფარგლებში, უშგული სატელიტურ მაუწყებლობაზე გადავიდა. პრესკონფერენციის შემდეგ კი უშგულს დავათვალიერებდი. ასე რომ, დავთანხმდი (თანაც მოგზაურობის ყველანაირ ხარჯს კომპანია იხდიდა) და, ერთი სიტყვით, სვანეთში წავედი...

ზუგდიდიდან სვანეთისაკენ გადახვევის შემდეგ შემხვედრს სოფლებს ვაკვირდები და ჩემს ბლოკნოტში მოკლე წინადადებებს ვწერ:

„ლახამულა – პატარა სოფელია, ორიოდე სვანური კოშკი და სახლები დგას, „თეფშებს“ საერთოდ ვერ ვხედავ; ქვემო ლუჰა – ლახამულაზე პატარა სოფელია. თეფშები არც აქ ჩანს, არც ზემო ლუჰაში; ეცერი – ერთ ანალოგურ („ფიჩხიან“) ანტენას მოვკარი თვალი; ბეჩო – წინა სამზე ოდნავ დიდი სოფელია. მანქანიდან სატელიტურ ანტენებსაც ვხედავ. ზოგს „მაგთისატი“ აწერია, ზოგს “Eurostar”–ი“...

მესტიაში 9–ში საღამოს ჩავდივართ და მომავალი დღის პრესკონფერენციას ველოდებით...

10 ივნისს, მესტიაში, პრესკონფერენციაზე ქართული მობილური სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომი“ აცხადებს ახალი ციფრული პროექტის „მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახს“ დაწყების შესახებ. მაგთისატმა ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო სიგნალი სოფელ უშგულის ოჯახებს SES ASTRA 5B თანამგზავრის (ორბიტული მდებარეობა - აღმ. 31.5 გრადუსი) მეშვეობით მიაწოდა.

კომპანია SES–ი თანამგზავრული ოპერატორია, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეოსტაციონარული თანამგზავრი. კომპანია თანამგზავრულ საკომუნიკაციო მომსახურებას სთავაზობს მაუწყებლებს, საინფორმაციო შინაარსისა  და ინტერნეტმომსახურების მომწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებსა და ბიზნეს და სამთავრობო ორგანიზაციებს მსოფლიოს მასშტაბით...

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის, თქმით, უშგულში 63 ოჯახი ცხოვრობს. გამგებლის ამბობს, რომ უშგულელებისთვის ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია და იხსენებს, რომ ცოტა ხნის წინ, როცა სახლები გადახურეს, რამდენიმე ოჯახმა უშგულის დატოვება გადაიფიქრა: „არის პერიოდები, როდესაც უშგული მთლიანად წყდება გარესამყაროს. უშგულისკენ გზაზე არის ერთი ადგილი, რომელსაც დევის ნაშენებს [დავა ნალგემაალეს] ეძახიან. დევის ნაშენებზე ზამთრის პერიოდში თებერვალ–მარტში ტრაქტორიც ვეღარ გაივლის, იმდენად რთული სასიარულოა. ბულდოზერის ხმაზე შეიძლება ზვავი ჩამოწვეს და ამიტომ ძლივს ვახერხებთ გზის გაწმენდას. ასეთ დროს უშგულს ტოვებენ ისინი, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავს მოსავლელი (5–6 ოჯახი), თუმცა, ასეთ პერიოდშიც კი, უშგული არ იცლება“.

მაგთიკომის მარკეტინგის დირექტორი, ირაკლი ლობჟანიძე, ამბობს რომ უშგულის 63 ოჯახიდან 28–ს უკვე ჰქონდა მაგთისატის ანტენა, დანარჩენს 35–ს კი კომპანიამ ახალი სატელიტური ანტენები უსასყიდლოდ დაუყენა. ისინი ციფრულ პლატფორმაზე 3–4 ივნისს გადაიყვანეს.

ირაკლის ლობჟანიძის ცნობით, მაგთისატის უშგულელ აბონენტებს აღარ მოუწევთ აპარატურის ქირავნობის საფასურის (10 ლარის) გადახდა. ყველა აბონენტი უფასოდ მიიღებს საწყის პაკეტს: 19 ქართულ არხს, ხოლო მსურველებს შეეძლებათ საშუალო (76 არხი) და სრული (105 არხი) პაკეტების ყიდვა. მისივე თქმით, უშგულში 5 ოჯახს საერთოდ არ ჰქონდა ტელევიზორი, თუმცა კომპანიამ სატელიტური ანტენები მათ მაინც დაუმონტაჟა...

მანქანაში, რომლითაც ვმგზავრობ, ადგილობრივი გამგეობის თანამშრომელთან, დათო ხერგიანთან ერთად ვზივარ. დათო მეუბნება, რომ უშგული ყოველ წელს თითქმის ექვსი თვით იკეტება და ამ დროის განმავლობაში მოსახლეობას საქმე თითქმის არ რჩება: „რა უნდა აკეთო აქ ზამთარში? ძალიან ცოტა საქმე გრჩება: ჭამა, ძილი, კომპიუტერი და ტელევიზორი“.

უშგულს ვუახლოვდებით.  სოფელი იუესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, თუმცა ამ ისტორიულ ძეგლს შორიდანაც ეტყობა თანამედროვე ადამიანის ხელი: ალუმინისა და თუნუქის სახურავები; ნახევრად აშენებული (თუ მშენებარე) სახლები; ძველ სახლებს მიშენებული ლურჯ–წითელი კონსტრუქციები და ა.შ. დათო ხერგიანი მეუბნება, რომ, ალბათ, მომავალში გამგეობის დახმარებით სახლებს პირვანდელ სახეს დაუბრუნებენ...

უშგულში, რაც ჭრელ–ჭრელი სახურავების შემდეგ თვალში მოგხვდება, არის ის, რომ თითქმის ყველა სახლი გესთჰაუსის ფუნქციას ითავსებს. ჩვენი მძღოლი ამბობს, რომ მიწათმოქმედებას აღარავინ მისდევს, აღარავინ თესავს ხორბალს, რადგან გესთჰაუსის პატრონობა უფრო შემოსავლიანია – ამ ადგილს ტურისტები ხშირად სტუმრობენ.

პირველი სახლი–გესთჰაუსი, სადაც შევდივარ, ლაერტი ჩარკვიანს ეკუთვნის. გესთჰაუსის გარდა ახლა რესტორნის გაკეთებასაც აპირებს. რესტორნისათვის ადგილი უკვე გამოყოფილი და აშენებული აქვს და რემონტიღა დარჩა. მის სახლთან ორი სატელიტური ანტენა აყენია: ერთი მაგთისატი, მეორე - „სუპერმაქსი“ პატრონის თქმით, მაგთისატის არხებში 25–ის ნაცვლად 15 ლარს გადაიხდის. სანამ ჩემს ვინაობას ვეტყვი, მაგთის წარმომადგენელი ვგონივარ და „უფროსებთან“ მადლობას მაბარებს.

 „ამ თეფშზე ვერ ვუყურებდი იმას, რაც მინდოდა,“ კიდევ ერთი გესთჰაუსის მფლობებლი, ჟანა გვიდანი მითითებს ძველ სატელიტურ ანტენაზე, რომელიც ჩამოხსნილია და ეზოში კედელთანაა მიყუდებული, – „ეს ჯობია“ – ხელს მაგთისატის ანტენისაკენ იშვერს.

მინდა ვიპოვო ოჯახი, რომელსაც ტელევიზორი საერთოდ არა აქვს და სატელიტური ანტენა მაინც დაუყენეს, თუმცა დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ და მალევე უკან, მესტიაში ვბრუნდები...

მესტიისაკენ უკანა გზაზე ჩვენს მანქანას პატარა ბიჭი აჩერებს. „ჯიმ“ – იძახის ბიჭი და სვანური მარილით სავსე ჩანთას მანქანაში გვაწვდის. გიორგი ქვია. გიორგის ბაბუაც აქვე დგას – ბეჟანა ქვაჩლიანი, 76 წლის. ვეკითხები, ტელევიზორს თუ უყურებთ–მეთქი. ვუყურებ, ახალი ანტენაც მაქვსო. „იმას კი არ ვამბობ, რომ ძველი ცუდად აჩვენებდა, მაგრამ კარგია ახალი, რუსულებიც გადის, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის“. ამბობს, რომ ადრე მხოლოდ ოთხ ქართული არხს იჭერდა – რუსთავი ორს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაესტროსა და იმედს. დანარჩენი – თურქული არხები იყო, ახლა კი მეტი ქართული არხი აქვს...

2006 წლის ჟენევის კონფერენციაზე ევროპული მაუწყებლების გადაწყვეტილებით, 2015 წლის 17 ივნისს საქართველოში (და მთელ ევროპაში) მიწისზედა ანალოგური მაუწყებლობა გაითიშება. ანალოგური მაუწყებლობის მომხმარებლებს ორგვარი გამოსავალი რჩებათ: მიუერთონ თავიან ტელევიზორებს ე.წ set-top box-ი და უყურონ ჩვეულებრივი ანტენით ქართულ არხებს მაღალი ხარისხით, ან დაამონტაჟონ ე.წ სატელიტური ანტენა... საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დაუსრულებელი „გაციფრულების“ ფონზე, ამ დროისათვის, ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიჩნეული სოფელი, უშგული მომზადებული შეხვდება ანალოგური მაუწყებლობის გათიშვას.

P.S. თბილისში მომხდარი სტიქიის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია,  ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მიმდინარე წლის  1 ივლისამდე გადაეწია. ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდება. პირველ ჯერზე თბილისი გადავა.  მანამდე გაკეთდება კიდევ რამდენიმე განცხადება იმისათვის, რათა მოსახლეობამ შეძლოს უკეთ მომზადება და set-top box შეძენა, რაც აუცილებელია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test