შემოგვიერთდი

30.06.2015 20:01

პირველ ივლისს იწყება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი

Media Ge
სტატიები ციფრული მაუწყებლობა

 

 

ავტორი: ლუკა პერტაია

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი  პირველ ივლისს 10:00 საათზე იწყება. ანალოგური მაუწყებლობის სიგნალი თბილისსა და მის მიმდებარე დასახლებულ  პუნქტებში გაითიშება, კერძოდ: საგარეჯოს რაიონი, რუსთავი, მარნეული, კოჯორი, მცხეთა და მიმდებარე ტერიტორია.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე  ვახტანგ აბაშიძემ 30 ვნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ   ანალოგური  სატელევიზიო მაუწყებლობა ეტაპობრივად შეიცვლება ციფრული მიწისზედა მაუწყებლობით,  მიმდინარე წლის 27 აგვისტოსთვის კი ანალოგური მაუწყებობა მთელ საქართველოში შეწყდება.

9 ივლისს ანალოგური გაითიშება და ციფრული მაუწყებლობა გავრცელდება – გორში, ბეკამში, დუშეთში, ხაშურში;

18 ივლისს –  ქუთაისში, ტყიბულში, ცაგერში, ფოთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ზესტაფონში, მარტვილში, სამტრედიაში, ხონში, სენაკში;

30 ივლისს – ბათუმში, ხულოში, ქედასა და შუახევში;

6 აგვისტოს – ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ჯვარში;

18 აგვისტოს – ბორჯომში, ბაკურიანში, აბასთუმანში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში;

25 აგვისტოს – ბოლნისში, დმანისში, წალკაში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ამბროლაურში, ლენტეხში, მესტიაში, ჭიათურაში და საჩხერეში;

მას შემდეგ, რაც მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო სადგურები გაითიშება, ტელემაყურებლები, რომლებიც ანალოგური („ოთახის“) ანტენებით სარგებლობენ, საეთერო სიგნალის მიღებას ვერ მოახერხენ. მაუწყებლობის სიხშირის მისაღებად მათ დასჭირდებათ ე.წ „სეთ ტოპ ბოქსების“ ყიდვა და დაყენება. „სეთ ტოპ ბოქსების საშუალო ფასი ბაზარზე 55–დან 70 ლარამდეა“ – თქვა  ვახტანგ აბაშიძემ.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სახელმწიფომ იყიდა დაახლოებით 210 ათასი  „სეთ ტოპ ბოქსი“. აქედან 160 ათასი საქართველოს ფოსტის თბილისისა და რეგიონული ოფისებიდან გაიცა . „გარდა ამისა, დამატებით 250 ათასი „სეთ თოფ ბოქსი“ კერძო ქსელებსა და მაღაზიებშია შეტანილი“ – დასძინა აბაშიძემ.   მისივე ცნობით, სოციალურ დაუცველი ოჯახების ჩათვლით, საქართველოში ანალოგური ანტენებით 450–დან 500 ათასამდე ოჯახი სარგებლობს.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამო, ცვლილებები შევიდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად,  სატელევიზიო მაუწყებლებისთვის უქმდება ლიცენზირების რეჟიმი და ტელეკომპანიები საქმიანობას განახორციელებენ მარტივი ავტორიზაციის გზით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის, განცხადებით, დღემდე კანონი ანალოგური მაუწყებლობის სპეციფიკაციაზე იყო მორგებული – მაუწყებლობა დაკავშირებული იყო ამოწურვადი რესურსის გამოყენებასთან. ამის გამო მაუწყებლობის ლიცენზია რთული პროცედურების გავლის შემდეგ გაიცემოდა. ვინაიდან, ციფრული მაუწყებლობის დროს ამოწურვადი რესურსის მფლობელი და მაუწყებელი სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენენ, ამა თუ იმ ტელეკომპანიას საქმიანობის დასაწყებად აღარ დასჭირდება ლიცენზირების გართულებული პროცედურის გავლა. ტელეკომპანიები საქმიანობის დაწყებას შეძლებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ავტორიზაციის გავლის შემდეგ.

აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებს მათ მიერ წინასწარ გადახდილ სალიცენზიო მოსაკრებელს დაუბრუნებს. საერთო ჯამში ეს თანხა, მინისტრის მოადგილის თქმით, მილიონი  ლარია. თანხა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაიფარება.

წინასწარ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი დაუბრუნდებათ შემდეგ მაუწყებლებს:

„გურია“, „კავკასია“, „თანამგზავრი“, „მეცხრე ტალღა“, „25-ე ტელეარხი“, „იმერვიზია“, „დია“, „იმპერია“, შპს „კვეტენაძე და კომპანია“, „ქვემო ქართლის ტელეკომპანია“, ინფორმკავშირი – ტელევიზია „არგო“, „ეკომი“, „ბორჯომი“, „ზარი“, „თრიალეთი“, „ოდიში“, „ომეგა“, „თვალი“, „რიონი“, „მეგა ტვ“, „პიკი“, „ევრიკა“, „პირველი სტერეო“, „თბილისი“, „ჯი-დი-ესი“, „იბერია ტვ“, „ტელეიმედი“, „რუსთავი-2“, „სამოქალაქო განათლების ფონდი“ და „მედიაცენტრი ღია აფხაზეთისათვის“. 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test