შემოგვიერთდი

14.07.2015 23:37

„ტვიტერის“ სიკეთეები ჟურნალისტებისათვის

Media Ge
სტატიები ახალი მედია

ავტორი: ლუკა პერტაია
მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ტერმინი „სოციალური მედია“ მხოლოდ ფეისბუქს არ გულისხმობს. სოციალური მედიებია ინსტაგრამი, ტვიტერი, ლინკდინი, პინტერესტი, გუგლპლასი, ტამბლერი, ვკონტაკტე და სხვები, რომლებსაც, მართალია, ფეისბუქზე ნაკლები მომხმარებელი ჰყავს, თუმცა ძლიერი „იარაღებია“ თანამედროვე მედიისათვის. ჩვენ ერთ–ერთ მათგანზე, ტვიტერზე შევჩერდებით...

წინასწარ შევთანხმდეთ რამდენიმე ტერმინზე, რომლის ანალოგი ქართულ ენაში ჯერჯერობით ბოლომდე დამკვიდრებული არ არის. მაგალითად:

Twitter – ტვიტერი; Retweet - რეტვიტი (შესაბამისად, retweeted - დარეტვიტა); Follower - მკითხველი...

რამდენიმე დღის წინ ბრიტანული „ეკონომისტის“ ჟურნალისტის, ედვარდ ლუკასის, გამოსამშვიდობებელი სიტყვა დავტვიტე – იუთუბის ვიდეო, სადაც ეს ბრიტანელი ჟურნალისტი უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს „ეკონომისტში“ საკუთარ გამოცდილებასა და, ზოგადად, ჟურნალისტიკაზე ესაუბრება. მეორე დილას მომივიდა შეტყობინება – ედვარდ ლუკასს, რომელსაც 38 ათასზე მეტი მკითხველი (იგულისხმება ფოლოუერი „follower“) ჰყავს, დავურეტვიტებივარ (retweeted). იგივე ტექსტი გამოჩნდა ედვარდ ლუკასის ფეისბუქის პროფილზეც. ამის შემდეგ კი ტვიტერზე ჩემს მკითხველებს რამდენიმე არაქართველი მომხმარებელი დაემატა...

ბრიტანელი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, BBC-ის კორესპონდენტი სამხრეთ კავკასიაში, ონიკ ჯეიმს კრიკორიანი ივლისის დასაწყისში მუსიკალურ ფესტივალს, „თბილისი ოუფენ ეარს“, აშუქებდა. ონიკმა (ტვიტერზე – @onewmphoto) ფესტივალის მონაწილე ერთ–ერთ (საკულტო) ბენდის, „ტაიგერ ლილიზს“ (The Tiger Lilies) სურათები დატვიტა. ცოტა ხანში კი მის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე შემდეგი პოსტი გაჩნდა: „ოჰ, ეს სოციალური მედიის ძალა... “ტაიგერ ლილიზი“ დამიკავშირდა. აინტერესებდათ, შეიძლებოდა თუ არა გამოეყენებინათ ფოტოები, რომლებიც მათ ფესტივალზე გადავუღე“... მოგვიანებით ონიკ კრიკორიანის მიერ გადაღებული ფოტო ბენდმა მომავალი კონცერტის შესახებ ინფორმაციასთან ერთად დატვიტა...

ტვიტერი ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი მექანიზმია სწრაფი (თუნდაც სამოქალაქო) ჟურნალისტიკის კეთებისათვის. ამ მედიუმით შეიძლება სწრაფი, მოკლე შეტყობინების ტვიტვა, რაც საქმის კურსში აყენებს მთელ მსოფლიოს. ამას ყველაზე მეტად ალბათ სწორედ ჟურნალისტები აფასებენ.

თანამედროვე ანთროპოლოგი, ანარქისტი მწერალი და აქტივისტი დევიდ გრებერი „დემოკრატიის პროექტში“ ტვიტერის პროდუქტიულობაზე წერს. ის იხსენებს მემარცხენე მოძრაობის, „დაიკავე უოლ სტრიტის“, საწყის ეტაპს: „სურათებს ტვიტერზე ვტვრირთავდი, ამას კი ყოვლად მოულოდნელი შედეგი მოჰყვა. გვერდიდან სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე ადგილზე ვიყავი და, შესაბამისად, ინფორმირებული გახლდით, თუ რა ხდებოდა იქ [ბოულინგ გრინში]. რამდენიმე საათის განმავლობაში ჩემი გვერდით დაახლოებით 2000 ადამიანი დაინტერესდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი შევნიშნე, რომ საკმარისი იყო, ჩემს გვერდზე რაიმე ახალი ინფორმაცია დამედო, ათ წუთში ვიღაც მას ბარსელონაში ესპანურ ენაზე თარგმნიდა და მთელ ესპანეთში ავრცელებდა“ (დევიდ გრებერი, „დემოკრატიის პროექტი“, გამომცემლობა „რადარამი“)...

ტვიტერი, ფეისბუქისაგან განსხვავებით, გაცილებით ღია და საჯარო სივრცეა. აქ მარტივია კომუნიკაცია და სულაც არ არის აუცილებელი, პირადად იცნობდე ადამიანს, რომელსაც „კითხულობ“. თუ ფეისბუქზე სამუშაო და პირადი სივცრე ერთმანეთშია ათქვეფილი, ტვიტერი უფრო მეტად „საქმიანი“ მედიუმია. სწორედ ამიტომ იყენებენ რედაქციები (BBC Breaking News, CNN, Reuters Top News, ა.შ) ტვიტერს, როგორც ახალი ამბების გავრცელების საშუალებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი ტვიტი 140 სიმბოლოს იტევს, რაც ჟურნალისტისგან მოითხოვს, იყოს დახელოვნებული შთამბეჭდავი ლიდების წერაში.

რამდენიმე ადამიანისგან მსმენია, ტვიტერს საქართველოში მასობრივად ფეხის მოკიდების შანსი არა აქვს, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ადამიანი სარგებლობს ინტერნეტითო, თუმცა ეს არგუმენტად გამოსადეგი არა მგონია – ინტერნეტმომხმარებლების რიცხვი ხომ ცვლადია, შესაბამისად – რაოდენობის გაზრდის პერსპექტივაც არსებობს...

და საერთოდაც, რა აუცილებელია, მხოლოდ ქართულ ენაზე ვტვიტოთ? ხომ არ ჯობია, ინტერნაციონალურობასა და გაცილებით ფართო აუდიტორიებზე ვიფიქროთ, ხვადასხვა ენაზე ვწეროთ? ასე გაცილებით მეტი მკითხველი გვეყოლება, ჩვენი ინტელექტუალური პროდუქტი უფრო მეტ ადამიანთან მივა და შესაბამისად, მეტი შანსია, მსოფლიომ გაგვიცნოს როგორც ჟურნალისტები და გამოცემები, ასევე – სახელმწიფო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test