შემოგვიერთდი

27.07.2015 14:38

ქმარი, მული, დედები და „იმედის“ მსხვერპლი

Media Ge

ლუკა პერტაიას ბლოგი 

ჩამთრევი სათაურია, ვერაფერს იტყვი. დაინახავ პირველივე სიტყვებს და თავს ვეღარ შეიკავებ, მაუსის კურსორს ბმულთან მიიყვან და შენ წინ გადაიშლება „შემზარავი ისტორია: ქალიშვილობის ინსტიტუტი და მისი ტრაგიკული შედეგები“...

„იმედის კვირის“ წამყვანი მოუწოდებს მშბობლებს, ბავშვები ეკრანს მოარიდონ, რადგან მოისმენენ „მართლაც თავზარდამცემ ისტორიას X-ების ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე. მოტყუებული ქმარი თუ გაუპატიურებული ცოლი... რეპორტაჟი ქართული მენტალობის მანკიერ მხარეებზე“. წარმოდგენა იწყება...

ქალების ყვირილს, ხმაურსა და სხვა კადრებს ჟურნალისტის ხმა ფარავს, რომელიც გვამცნობს, რომ „რაიონული სასამართლო განიხილავს საქმეს, რომელიც შესაძლოა პრეცენდენტულიც აღმოჩნდეს“. მოკლედ და უხეშად რომ მოგიყვეთ, სიუჟეტიდან გამომდინარე, ამბავი ასეთია: გოგონა ქორწინდება, ერთი კვირის განმავლობაში „ქალური პრობლემების გამო“ ქმართან არ/ვერ წვება, ბოლოს კი  ქმარი ცემს გოგონას, რადგან მიაჩნია, რომ იგი ქალიშვილი არაა. ესაა ისტორია, რომელსაც 12 წუთის განმავლობაში გვიყვებიან. ხოლო აღნიშვნა იმისა,  რომ სიუჟეტის გმირების საქორწინო სუფრა 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს გაიშალა, ტრაგედიას უფრო ამძაფრებს და „სთორითელინგიც“ მხატვრულ ელემენტებს იძენს, მით უმეტეს, როცა ამ ყველაფერს გოგონას მიერ მიცემული (ძალიან მძიმე) ჩვენებაც ემატება.

ერთს კი ნამდვილად ვერ დავუკარგავთ რეპორტიორს – სიუჟეტში  კონფლიქტის ყველა მხარე ჩანს: ქმრისა და ცოლის დედები, მული, სიმამრი, ქმრის (მოტყუებული) მეზობელი... გვაქვს ადვოკატის ინტერვიუ და ოპერატორს გადაღებული აქვს წყვილის საძინებელი ოთახიც...

ვიდეოკადრში  გოგონას სახე „დაბლარულია“ (არ ჩანს), თუმცა ამავე სურათზე ძალიან კარგად ჩანს ქმრის სახე, რომელიც ახლა ციხეშია და განაჩენს ელოდება. შესაბამისად, სხვა კადრებში ის არ გვხვდება. სამაგიეროდ გოგონას სახე ჩნდება სხვა რამდენიმე ადგილას. მაგალითად, სიუჟეტში გამოყენებულია ნაცემი გოგონას სურათი, რომელსაც ფონად ჟურნალისტის საუბარი გასდევს:

„ფაქტი კი ერთია, რომ (სახელი და გვარი) (ქალაქის) სამედიცინო ცენტრში 22 თებერვალს ტვინის შერყევით, ცხვირის ტრავმით, სახის მიდამოს დაჟეჟილობით და თვალის სისხლჩაქცევით შეიყვანეს“...

და ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი.

ჟურნალისტი ასახელებს რაიონსა და სოფელს, სადაც გოგონა მშობლებთან ერთად ცხოვრობს (თუმცა წამყვანი ამას ოჯახების ინტერესით ამართლებს – ამაზე ბოლოს). ნაჩვენებია კადრები, როდესაც გადამღები ჯგუფი სახლში აკითხავს მათ. „ეზოში დედა დაგვხვდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას იძახებდა“ – გვიყვება ჟურნალისტი. ფონად – განერვიულებული დედა, რომელიც სავარაუდოდ სასწრაფოში რეკავს...  კულმინაციური მომენტი ჯერაც წინაა: კარებთან ატუზული პატარა გოგონა (რომლის ვინაობა ჩვენთვის უცნობია და არც ვიცით, რატომ აჩვენებენ კადრში), ატირებულ–ანერვიულებული დედა და გულწასული გოგონა საძინებელ ოთახში. თან გვეუბნებიან, რომ გოგონა ასეთ მდგომარეობაში 20 წუთს იყო და ეს თებერვლის შემდეგ პერმანენტულად ხდება...

ჟურნალისტის ფანტაზია უსაზღვროა. ის ცდილობს, სოციო–კულტურული (?!) ასპექტებით ახსნას ქმრის მოტივაცია (ყოველ შემთხვევაში, მე სხვანაირად ვერ ამიხსნია ის, რაც შემდეგ ჩანს სიუჟეტში). ეს მცდელობა გულისხმობს, რომ მიდვივართ სტადიონზე, სადაც კაცები/ბიჭები ფრენბურთს თამაშობენ და მათ ვეკითხებით, ცოლად მოიყვანდნენ თუ არა ქალიშვილს (ქალწულს). სიუჟეტში გაჟღერებული ყველა პასუხი ერთნაირია, განმარტება კი: „ასეთი ტრადიცია გვაქვს“...

ევრიკა! – ქართული მენტალობის მანკიერი მხარეები გამოვლენილია...

გარდა იმისა, რომ დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის ნორმები და რეპორტაჟს არანაირი სარგებელი არ მოაქვს, გადაცემა ტოვებს ზიზღსა და გამაღიზიანებელ დისკუსიას, თვითონ გადაცემა კი რამდენიმე დღეში კიდევაც გაქრება მაყურებლის მეხსიერებიდან. ეს უკვე დანაშაული მგონია...

რაც შეეხება ზიზღის გაღვივებას – ფეისბუქზე  ძირითადად შეგიძლიათ ამოიკითხოთ კომენტარები, სადაც მავანი:

ა) მხარს უჭერს მამაკაცს და აგრესიულადაა განწყობილი გოგონას მიმართ. ქმედება გამართლებულია „ტრადიციის“ სახელით;

ბ) მხარს უჭერს გოგონას და აგრესიულადაა განწყობილი მამაკაცის მიმართ;

გ) რეპორტაჟის მთლიანი პათოსიდან გამომდინარე დაასკვნის, რომ თურმე, როგორც ერთ–ერთი რესპონდენტი ამბობს, „მეგრელების ტრადიციაა ასეთი“ (ასეთი – იგუსლიხმება მასკულინური, პატრიარქალური, „კაცური“). შესაბამისად, ამას ლოგიკურად ორი რამ მოჰყვება: პატრიარქალური კულტურის გამყარება საზოგადოების ერთ ნაწილში, ზიზღის გაღვივება და „ხალხი ბნელია“ პათოსის გამძაფრება მეორე ნაწილში...

სიუჟეტის დასრულების შემდეგ კი ერთ–ერთი წამყვანი „განმარტავს“:

„რა არის იცი მნიშვნელოვა... რა არის იცით მნიშველოვანი? რომ ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ ორივე ოჯახის წევრები და წარმომადგენლები თავად ითხოვდნენ, რომ ისინი გამოჩენილიყვნენ, ანუ იდენტიფიცირების პრობლემა კი არ იყო, პირიქით, იყო სურვილი, რომ“...

ამ დროს ზემოხსენებულ წამყავს თანაწამყვანი აწყვეტინებს რეპლიკით: „მათი ღირსების საქმეა, როგორც ჩანს, თუმცა მე მარტივად ვიტყვი რა: ამ საქმეს შველის განათლება“...

განათლება იქით იყოს, ჩემო შალვა და, იქნებ მივხვდარიყავით, რომ არ ღირს ადამიანის მხვერპლად შეწირვა მშობლების დაუოკებელი სურვილის გამო, თავიანთი ოჯახების ღირსება თუ რეპუტაცია შეინარჩუნონ. გოგონაზე იძალადა ყველამ და იძალადა „იმედმაც“, რომელმაც ეს ბოროტება  უხეში  მოურიდებლობით  საქვეყნოდ გაავრცელა...

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test