შემოგვიერთდი

01.08.2015 18:04

ინფო-ნაკადების ალყაში! ფული, რომელიც რეალობას ცვლის! 1

Media Ge
მოსაზრება

არ ვიცნობ სტატისტიკას, მაგრამ, მას შემდეგ, რაც საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა, ბევრ მომხმარებელს ჯერაც არ აქვს შესაძლებლობა, თვალი ადევნოს ქართულ ტელეარხებს. შესაბამისად, ამომრჩეველთა საკმაო ნაწილი, რომელიც 2-3 თუ 4-5 წელიწადში ერთხელ უნდა იღებდეს პასუხისმგებლიან და ინფორმირებულ არჩევანს, ამ შესაძლებლობას, დღეს, პრაქტიკულად, მოკლებულია.

სავარაუდოდ  2016 წლის შემოდგომამდე ამგვარი ვითარება არ გასტანს; ანუ, შესაბამისი მოწყობილობების გარეშე ალბათ მაინც არ დარჩებიან მომხმარებლები, რომლებიც დღეს ახალი ტელევიზორებით და საკაბელო ქართული მაუწყებლების სერვისით არ სარგებლობენ, მაგრამ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ვაკუმის დამჩნეული კვალი, გნებავთ, იარა, საკმაოდ ღღმა იქნება.

ჩვენ სინამდვილეში კარგად არაა გააზრებული, რომ არათუ რუსული, არამედ, ქართული მედიის საშუალებების ნაწილიც კი, რეალურად, არა მედიის საშუალებები, არამედ, ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მანქანებია, რომელთა მიზანიც არის ოსტატური და მიზანმიმართული ზემოქმედება ამომრჩეველზე, როგორც ხელისუფლების წყაროზე.

ყველაზე უწყინარი სიუჟეტიც, რომელიც ხვდება ნებისმიერი რუსული საინფორმაციო გამოშვების ქრონიკაში, რეალურად, იდეოლოგიზირებული პროდუქტია და ან პირდაპირ ახდენს ზეგავლენას მომხმარებელზე, ან ირიბად ქმედებს მასზე. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სიუჟეტს, როგორც წესი, მეორე სიუჟეტი მოსდევს და თუ პირველში რთულადაა ამოსაკითხი გზავნილი რუსეთიდან, მეორე ან მესამე სიუჟეტში, როგორც წესი, ხვდება იმგვარი კადრი ან კომენტარი, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოების  ან დასავლური კულტურულ-პოლიტიკური სივრცის წინააღმდეგ არის მიმართული.

ხაზგასმით ვამბობთ, რუსული პროპაგანდისტული მანქანა კონკრეტულად ქართველ ამომრჩეველზე, ცხადია, არ მუშაობს, მაგრამ, მისი წიაღსვლები, ვთქვათ, უკრაინის თავისუფლების წინააღმდეგ, ბუნებრივად და ირიბად ეხება საქართველოს სახელმწიფოსაც და ქართველ ამომრჩეველსაც.

სხვათა შორის, ამ მხრივ არც თუ იშვიათად „სცოდავს“ ქართული მედიაც.  რუსული მედიის საშუალებებიდან „გადმოთარგმნილი“ ტექსტების მიზეზი, შესაძლოა, ისაა, რომ საერთაშორისო „როიტერი“ ან სხვა სააგენტოები არც თუ იაფია, მაგრამ, მეორე მხრივ,  არსებობს ღია წყაროები,  ვთქვათ, CNN – ის ან BBC – ის სახით, რომელთა მეტი გამოყენებაც შეიძლება და კიდევ, თუ ქართული მედია, მიზეზთა გამო, CNN-BBC – ის არ ან იშვიათდ ეყრდნობა, მისი მენეჯერები იმას კი მაინც უნდა ხვდებოდნენ, რომ რუსული ОРТ – ს და РТР – ის კადრთა თუ ტექსტთა ასე ღიად გადმოღება-გადმოთარგმნა, რუსული კლიშეების დამკვიდრება, დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხის მატარებელია.

აწუხებს თუ არა ქართულ მედიას ეს?  არის თუ არა მისთვის მნიშვნელოვანი მართებული ინფორმაციის გადაცემა? – ვვარაუდობ, რომ – არა! გარდა ყბადაღებული თემისა  – რეიტინგი,  გადაუმოწმებელი ან სრულიად იდეოლოგიზირებული ინფორმაციის გავრცელების დაუშვებლობის სენსორი ქართულ მედიას, უბრალოდ, არ აქვს. (ცხადია, ვგულიხმობ „მეინ სტრიმ მედიას“)

ამასობაში კი, რეგიონული მასშტაბით, ინფორმაციული ნაკადების ჭრილში, პირდაპირი მნიშვნელობით, კატასტროფაა.

უნდა ითქვას, რომ სათანადოდ ეფექტური არაა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კარგი პროექტი – მედასავლეთეები სოფელ-სოფელ კი დადიან, მაგრამ, ჯერ ერთი, შეუდარებლად იშვიათად ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები, გამოკვებილები რუსეთიდან და მეორეც – დაუსრულებელი საუბარი პირობით თემაზე – რაოდენ კარგია DCFTA (ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება), რეალურად, უშედეგოა – რუსეთს გაცილებით მდიდარი არსენალი აქვს ხელში, რომელიც გულისხმობს მათ შორის აქტიური პირების ღია გადაბირებას…

რას აკეთებს ამ პირობებში ქართული სახელმწიფო ან მისი „ლიდერი“ – ხელისუფლება? ეს არაა ჩვენი დღევანდელი კვლევის საკითხი, თუმცა, მოკლე პასუხი ამგვარია – არაფერს!!! შესაძლოა, მის მხოლოდ ცალკეულ წარმომადგენლებს გასიგრძეგანებული აქვსთ ამ ქმედებების საფრთხე და მათი პრევენციის აუცილებლობა, მაგრამ, ამგვარი დეპუტატები თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები ამ შეგრძნებებს მხოლოდ სამზარეულოებში ტოვებენ და არასდიდებით არ ცდილობენ მათ ტირაჟირებას კოლეგებში თუ საზოგადოებაში… პრევენციათა აუცილოებლობის ლობირებას… კოლეგათა „გადმობირებას“ და მათთვისაც ამ სენსიტივთა გაღვივებას.

უმრავლეს შემთხვევაში კი, ხელისუფლების არც ერთ შტოს ზოგადად და არც ცალკეულ ხელისუფალთ ინდივიდუალურად არ აქვთ გასიგრძეგანებული რუსეთის ამგვარი ქმედებების შესაძლო შედეგები ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ან, თუ აქვთ – არ ჰყოფნით ცოდნა, როგორ უპასუხონ ამგვარ გამოწვევას.

მხოლოდ მწირი ბიუჯეტის  არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ამ საქმეების შეტოვება კი, რეალურად, არაფრის მომცემია, რადგან, გავიმეორებთ – დაუსრულებელი საუბარი თემაზე – რაოდენ კარგია DCFTA, გლეხს იმერეთსა თუ ზემო რაჭაში… აჭარასა თუ კახეთში, ნაკლებად აინტერესებს…

***

მივუბრუნდეთ მთავარ თემას – რუსული არხების ტრანსლირებას რეგიონებში.

საქართველოში არ დომინირებს, მაგრამ, არსებობს მოსაზრება, რომ რუსული პროპაგანდისტული არხები ასაკრძალია. ამ მოსაზრების დამცველთა არგუმენტი ნათელია –  იდეოლოგიზირებული მანქანების შეზღუდვა სულაც არაა ლაშქრობა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. ცხადია, არსებობს სიტყვის თავისუფლების მომხრეთა შეგებებული არგუმენტებიც, რომელთა თანახმადაც, ინფორმაციის წვდომაზე რეგულაციების დაწესება გაცილებით საფრთხილოა.

არავის აქვს ილუზია, რომ მარეგულირებელი კომისია ან საქართველოს ხელისუფლება ესოდენ თამამ ნაბიჯს გადადგამს და, ამდენად, ამ თემაზე დიდად გახურებაც, რეალურად, უაზრობაა, თუმცა, ამავე დროს, ამ პრობლემაზე ყურადღების არ-გამახვილებაც დაუშვებელია.

მაგალითად, სრულიად დაუშვებელია დუმილი თემაზე – „რუსული სამყარო“ (РУСКИЙ МИР) ეს, პუტინის მიერ მხარდაჭერილი პროექტი მიზნად რუსული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს. თუმცა, დეკლარირებული და „კეთილშობილური“ მიზნის მიღმა, რა თქმა უნდა, არსებობს დაფარული მიზანიც – მეტი და მეტი იმგვარი ჯგუფის პარტნიორად გარდაქმნა, ვისაც საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

ამ სტატიაში შეგნებულად არ ჩამოვასახელებთ  „რუსული სამყაროს“ ქართველ პარტნიორებს – იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც დაფინანსება მიიღეს პუტინის მიერ შექმნილი „უწყინარი“ მანქანიდან, თუმცა, იმას კი ვიტყვით, რომ ამგვარ ორგანიზაციათა ჩამონათვალი 30-მდეა (როდესაც სიას ვეცნობოდი, არა მხოლოდ გამიკვირდა, არამედ, მეწყინა კიდეც რამდენიმე პირის და ორგანიზაციის ამ სიაში აღმოჩენა) და მიუხედავად იმისა, რომ ღია წყაროებში ვერსად წავაწყდით ინფორმაციას თემაზე – რა პროგრამების განხორციელებაში მიიღეს მეტწილად საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა, სავარაუდოა, რომ „რუსული სამყაროს“ მიერ გაცემული გრანტები „უწყინარია“ და მხოლოდ რუსული ენის პოპულარიზაციას ეხება.        (ჩვენ დავუკავშირდითРусский Мир – ის ოფისს მოსკოვში იმ მოტივით, რომ,  გვსურს საგრანტო წინადადების წარდგენა და შესაბამის კონკურსში მონაწილოება. მოსკოვიდან ენთუზიაზმით გვიპასუხეს, რომ მათ უკვე არაერთი ორგანიზაციაა „აწუხებთ“  საქართველოდან და ჩვენ პირველები არ ვართ).

ამ კონტექსტში გვერდს ვერ ავუვლით – მედია ჰოლდინფ „სპუტნიკს“, რომელიც ძალიან ბევრ ევროპულ და, პრაქტიკულად ყველა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკაში ფუნქციონირებს, მომხმარებელს „უწყინარ“ პროდუქტს სთავაზობს – მართლაც, მის შინაარსს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჟურნალისტიკის სტანდარტი მეტ-ნაკლებად დაცულია, მის პროდუქტებში  ასახულია არსებული პრობლემატიკა, არ ჩანს პირდაპირი იდეოლოგია… მაგალითად, აი, ახლახან გამოქვეყნებულია ევროტალანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ბაქრაძის ინტერვიუ – სათაურით: „რუსეთის საზღვაო დოქტრინა ვერ შეცვლის საქართველოს კურსს“ და ამგვარი მიმართულება, ცხადია, მხოლოდ მისასალმებელია. ამავე დროს, ამავე „სპუტნიკის“ ვებ-გვერდზე პარალელურად ქვეყნდება იმგვარ თემათა მიმოხილვებიც, რომლებიც ერთგვარად ამზადებს – საფუძველს უყრის სრულიად ახალ (რეალურად – ძველ) ხედვას საქართველოს და რუსეთის დაახლოების აუცილებლობის შესახებ. მაგალითად, გამოკითხვა – „უნდა გაუქმდეს თუ არა უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის“, რეალურად, შორსმჭვრეტელური და წინასწარ გათვლილია თავისი სავალალო შედეგებით: გაუქმებას გამოკითხულთა თითქმის 50 % უჭერს მხარს.

„სპუტნიკი“ უკვე არის, ან მომავალში გახდება იდეოლოგიზირებული და პროპაგანდისტული პლაცდარმი და ახლა, როცა ის უკვე ფუნქციონირებს, საკმაოდ გაჭირდება მის (და მისი მსგავსი იდეოლოგიური , უკვე გახსნილი მანქანების წინააღმდეგ) დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა. ამავე დროს, ადვილი სავარაუდოა, რომ მომავალში, როდესაც მის დონორს მოუნდება, ის და კიდევ არაერთი „მაღალი სტანდარტის“ რუსული მედია წინ წამოსწევს თემებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების არანაირ ხედვაში არ ჯდება და ღიად ვთქვათ – ისინი მაქსიმალურად შეუპირისპირდებიან საკუთარი საინფორმაციო

პოლიტიკით საქართველოსთვის აუცილებელ ვესტერნიზაციის პროცესს.

კვლავ ვიკითხავ –  რა უნდა ვქნათ „სპუტნიკთან“ მიმართებაში? დავხუროთ? სამწუხაროდ, მისი დახურვა ახლა პრაქტიკულად შეუძლებელია… თუმცა, სახელმწიფო და  პირველ ყოვლისა, მარეგულირებელი კომისია საკმაოდ ფხიზლად უნდა იყოს მისი მონიტორინგისას…

ამ თემის მიმოხილვის დასასრულ, ვიტყვი, რომ უკვე არსებობს და თუ ისინი საკმარისი არაა,  მომავალში მაინც უნდა შეიქმნას იმგვარი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შეძლებისდაგვარად შეზღუდავს არაკეთილმოსურნე ქვეყნის (ასეთი კი ერთია და მას რუსეთი ჰქვია) ინფორმაციულ და ინფორმაციულ ნაკადებში ფინანსური ინექციების შესაძლებლობებს თუ არეალს… თუ ასე არ მოვიქეცით და ყველაფერი ავხსენით თუ გავამართლეთ სიტყვის თავისუფლებით ისე, რომ ჯეროვანი ყურადღება არ მივაქციეთ სახელმწიფო უსაფრთხოებას, ფინანსური ნაკადები მედიაში (როგორც იდეოლოგიის გავრცელების ჰაბში) უბრალოდ გადაგვთელავს, ხოლო ისედაც სუსტი (და ვიტყოდი ასე – არაადეკვატური) ქართული ბიზნესი, ამ ნაკადებს ვერც დააბალანსებს და ვერც კონკურენციას გაუწევს.

დედაქალაქში ან დიდ ქალაქებში ეს არ ან ნაკლებად იგრძნობა, მაგრამ, რეგიონებში, უფრო კი სოფლად, ამ რეალობის წინაშე ჩვენ უკვე ვართ – მოსახლეობა ალბათ მაინც მიიღებს ხსენებულ ტექნიკურ მოწყობილობებს იმისათვის, რომ თუნდაც არც თუ კარგ ქართულ არხებს მიადევნოს თვალ-ყური, მაგრამ, ეს პერიოდი – თვეები მოწყობილობების სრულ დარიგება-შეძენამდე დიდხნიან ჭრილობად დარჩება.

და კიდევ – როდესაც დიდ ყურადღებას ვამახვილებთ ნაკადებზე რუსეთიდან, ცხადია, ვგულისხმობთ რუსეთში წარმოებულ პროდუქციას. ამავე დროს, საკუთრივ საქართველოშიც არაერთი „რუსული პროდუქცია“ იქმნება – გაზეთები – რომელთა კონტენტის დიდ ნაწილს ავსებს სიძულვილის ენა და სხვადასხვა ფობიებით გაჯერებული ტექსტები, განსხვებულთა მიუღებლობა;

დასავლეთის „ცოდვათა აკვნად“ და პირიქით – რუსეთის „უბიწოების სავანედ“ წარმოჩენა… რეალურად, ესეც „რუსული თამაშია“…

ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ამგვარ გაზეთთა ტირაჟის დიდი ნაწილი რეგიონებში ვრცელდება… ხოლო არა-რეალიზებული გაზეთების დიდი ნაწილი, იმავე რეგიონებში, უფასოდ რიგდება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია (იქნებ, უმნიშვნელოვანესიც კი) საკუთრივ ქართული არხების ნაწილის კონტენტი – შამანებსა და მჩხიბავებზე დაუსრულებელი საუბარი, „უწყინარ“ თემათა სრულიად არაკომპეტენტური მიმოხლვები, აქცენტები, რომელთა მიზანიც არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ, შუღლის გაღვივებაა… ეს ყველაფერი, შესაძლოა, გაცილებით უარესია ვიდრე ხსენებული „სპუტნიკი“ (რომელიც დ.ბაქრაძის ინტერვიუსაც ბეჭდავს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე). ქართული მედია ჯერაც არის არა საზოგადოების  პარტნიორი, არემედ, ისტერიული მონსტრი, რომელიც ხსენებულ საზოგადოებას უყურებს როგორც დაბალ საფეხურზე მდგომ სულიერთა ერთობას, ყველაფერს რომ აიტანს და ყველაფერს რომ „ჭამს“.

ეს ყველაფერი გაჯერებულია არაკომპეტენტური მსჯელობით ყველა თემაზე და თანმდევი არაკომპეტენტური კითხვების კასკადით მსახიობებისათვის თემაზე – NATO, ხოლო NATO – ს მცოდნეთათვის თემაზე – რომელი ბრენდის პერანგით არიან შემოსილნი ეს უკანასკნელინი. ეს კი ქმნის რეალობას  სახელად – ქართული მედია (ნაწილი) რუსეთის სამსახურში!!! სხვაც ბევრი რამ უნდა რუსეთს, მაგრამ, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ღიად ჩავიკარგოთ ყვითელ თემებში და, შესაბამისად, 2 თუ 4-5 წელიწადში ერთხელ გავაკეთოთ არაინფორმირებული, არაკვალიფიციური და, უპასუხისმგებლო არჩევანი…

 

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test