შემოგვიერთდი

21.09.2015 22:44

პირველი ისტორიული გამარჯვება მსოფლიო თასზე და ლონდონში ქართველთა ემოციები

Goga Aptsiauri
ჟურნალისტის ჩანაწერები

17-10 - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ტონგას ნაკრებთან. ის ქართველები ვინც სტადიონზე ვერ წავიდნენ, ლონდონის საუთვარკის ტაძრის მიმდებარე მოედანზე დიდ მონიტორთან შეიკრიბნენ. ახალგაზრდებს შუბლზე და ლოყებზე საქართველოს დროშები ჰქონდათ გამოსახული. ამ დღეს რაგბიმ ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ მოცეკვავეები, ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრები, ლონდონელი ქართველები, მათი ბრიტანელი სტუმრები და უბრალოდ გამვლელი ტურისტები გააერთიანა. ისმოდა შეძახილები „საქართველოს გაუმარჯოს“. მსაჯის საფინალო სასტვენს კი სიხარულის და აღტაცების ყიჟინა მოჰყვა.

ყველაფერი ძალიან ფრთხილად დაიწყო, მატჩის დასაწყისში  ტონგას ნაკრები სამი ქულით დაწინაურდა. მოედანზე გულშემატკივრებში  დუმილი ჩამოწვა და ყველა ნერვიულობდა. თუმცა მალე ქართველებმა ანგარიშის გათანაბრება საჯარიმო დარტყმით შეძლეს და დიდ მონიტორთან შეკრებილებს ხასიათი ცოტა გამოუკეთდათ. მალე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და გარდასახვაც უნაკლოდ შეასრულეს. საქართველოს ნაკრების წინ გასვლას კი მოედანზე პირველი შეძახილები მოჰყვა. ემოციების დამალვას აღარავინ ფიქრობდა. ზოგი რაგბის წესებში იქვე ერკვეოდა, უფრო გარკვეულები კი მათ დაუზარებლად უხსნიდნენ თამაშის არსს. პირველ ლელოს მეორე მოჰყვა, მაგრამ მეორე ტაიმის ნახევარში ტონგამაც შეძლო  ერთი ლელოს გატანა, ვითარება ისევ დაიძაბა, საქართველოს ნაკრები თავს იცავდა, მოედანზე შეკრებილი ქართველები კი დარჩენილ წუთებს ითვლიდნენ და მსაჯის საფინალო სასტვენს მოუთმენლად ელოდნენ. ეს ხმაც გაისმა და საუთვარკის მოედანზე შეკრებილთა ხმაურმა იქვე მყოფი უამრავი ტურისტის გაკვირვება გამოიწვია, ხმაურზე საფრანგეთის ნაკრების ფანები მოვარდნენ და მათაც დაიწყეს ზეიმი. 

ქართველი მორაგბის ილია ზედგინიძის მეუღლე სოფო ჯუღელი მოედანზე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მოვიდა, ბავშვების გამო სტადიონზე წასვლა ვერ მოახერხა. სხვებთან ერთად მან მონიტორის წინ იზეიმა მორაგბეების  გამარჯვება.

ლონდონში მცხოვრები ეკა მონიავა მოედანზე მეგობრებთან ერთად მივიდა. მისი აზრით ქართველ მორაგბეებს ყველა ქართველის მხარდაჭერა სჭირდებათ.

ლონდონელი ქართველი მარიამ ღუდუშაური საუთვარკის მოედანზე ყოველდღე მიდიოდა, სამი დღის განმავლობაში აქ საქართველოს დღეები მიმდინარეობდა. ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ და ანსამბლ „შვიდკაცას“ კონცერტები იმართებოდა. 

ლონდონში საქართველოს დღეების ორგანიზატორი ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა იყო. ამ ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართულები დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები, სათვისტომოს ხელმძღვანელი ირინე სარაჯიშვილი ამბობს, რომ ლონდონ ბრიჯზე სამი დღის განმავლობაში პატარა საქართველო შეიქმნა, საკუთარი სამზარეულოთი, ხელოვნებით, ცეკვით, სიმღერით და წარმატებული რაგბით.

მატჩის დასრულებისთანავე, სცენაზე ანსამბლი „შვიდკაცა“ ავიდა და ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად მრავალჟამიერი შემოსძახა.

რეპორტიორის მივლინება ლონდონში ორგანიზებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ( IWPR)-ის მიერ. 2014 წელს გოგა აფციაურს მიენიჭა საქართველოში ეროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test