შემოგვიერთდი

27.09.2015 12:03

ბრიტანეთის ომების მუზეუმი და ომის ჟურნალისტები

Goga Aptsiauri
სტატიები ჟურნალისტის ჩანაწერები

ლონდონში იმპერიული ომების მუზეუმში წავედი, საერთოდ აქაური მუზეუმები, ცალკე ვრცელი სტატიის  თემაა. შესასვლელიდანვე იგრძნობ დამთვალიერებელი, რომ ბრიტენელები საკუთარი მუზეუმების განვითარებაზე და მოდერნიზაციაზე ყოველდღიურად ფიქრობენ. პრაქტიკულად ვეღარ ნახავთ გიდს , რომელიც ექსპონატებთან ისტორიას გიამბობთ, ისინი თანამედროვე აუდიო და ვიდეოტექნიკამ ჩაანაცვლა. ასეა ომების მუზეუმშიც. შესასვლელშივე დიდ სივრცეში, ჭერშია გამოკიდებული პირველი და მეორე მსოფლიო ომის ვერტმფრენები და ბომბდამშენები, მაგრამ მნახველების ყურადღებას იპყრობს თეთრი ფერის დაზიანებული ლენდ როვერის ჯიპი, წითელი წარწერით, PRESS TV.  ამ ჯიპით ღაზას სექტორში ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ, 2006 წლის 26 აგვისტოს მანქანა  ისრაელის საავიაციო დაბომბვაში მოჰყვა. მასში „როიტერსის“ პალესტინელი ჟურნალისტი საბაჰ ჰმაიდა და ოპერატორი ფადელ შანა ისხდნენ.

ჰმაიდა  ფეხში მძიმედ დაიჭრა, ფადელ შანსა კი მსუბუქად დაზიანდა. ჯავშნიანმა ჯიპმა ისინი იხსნა, მაგრამ   ოპერატორი ფადელ შანა 2 წლის შემდეგ, ღაზას სექტორში ისრაელის ტანკის მიერ გაშვებული ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა.  მუზეუმის შესასვლელში განთავსებული დაცხრილული ჯიპი და ფადელ შანას ისტორია მთელ კაცობრიობას ახსენებს, რომ ომის სისასტიკე არ ინდობს მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, რომლებიც ომში ფაქტების და მოვლენების გასაშუქებლად მიდიან და ამოსაცნობი ნიშნებითაც კი მათი სიცოცხლე  საფრთხის ქვეშაა, მიუხედავად იმისა, რომ ომის კანონით სამედიცინო პერსონალის და მედიის წარმომადგენლების მიმართ ცეცხლის გახსნა დაუშვებელია და ის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ტოლფასია.  

ომების მუზეუმში პირველი სართულის საგამოფენო სივრცე პირველ მსოფლიო ომს ეძღვნება. ანიმაციით დაწყებული, მცირე დეტალებით გაგრძელებული და პირველი მსოფლიო ომის ტანკით დამთავრებული, აქ უამრავ ექსპონატს და ინფორმაციას ნახავთ.  მეორე სართული მეორე მსოფლიო ომის ექსპონატებით არის დატვირთული. შედიხარ დარბაზებში და ვიდეო და აუდიოეფექტებით შენს თვალწინ ცოცხლდება ომის სისასტიკე. 

მესამე სართულზე კი მეორე მსოფლიო ომიდან დღევანდელ დღემდე თანამედროვე ომების ისტორიაა გადმოცემული. ვიეტნამი, ავღანეთი, ერაყი, ღაზას სექტორი.... მაგრამ სად არის რუსეთ-საქართველოს ომი? უშედეგოდ ვცდილობ ერთი სიტყვა, ერთი ფოტო, ან პატარა ტექსტი მაინც მოვძებნო ამ ომზე.  არაფერი გამომდის. მივდივარ მუზეუმის თანამშრომელთან და ვეკითხები - 2008 წლის აგვისტოს ომზე ექსპონატები თუ გაქვთ-მეთქი, მიღიმის და მეუბნება ეგ ომი ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი გაგვაჩნიაო.  მუზეუმის წიგნების მაღაზიაშიც უშედეგოდ ვცდილობ  2008 წლის ომის შესახებ ლიტერატურას მივაგნო, თუნდაც ასმუსის გახმაურებულ წიგნს. დიდხანს ვათვალიერებ, მაინც ეჭვი მეპარება რომ ყველა წიგნს თვალი ვერ შევავლე და ახლა წიგნების გამყიდველს ვეკითხები საქართველო-რუსეთის ომზე თუ გაქვთ რაიმე წიგნი-მეთქი. ისიც მხრებს იჩეჩავს.  ... რატომ არ იყენებს საქართველოს ხელისუფლება ამ საგამოფენო სივრცეს, იმისთვის რომ აგვისტოს ომის ტრაგედია ვაჩვენოთ ამ მუზეუმში მთელი მსოფლიოდან  ჩამოსულ მილიონობით მნახველს?  რამდენიმე ფოტოს ან ექსპონატის გაგზავნა, ვფიქრობ, დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ალბათ გარკვეული დროის შემდეგ აქ უკრაინის კუთხე  გაჩნდება და იქნებ აქედანვე ეზრუნა ვინმეს, რომ საქართველოდანაც გაჩნდეს პატარა სივრცე.

ბოლო სართული მთლიანად ჰოლოკოსტის თემას ეძღვნება, ჩამუქებულ სივრცეში გესმის ჰიტლერის, ჰიმლერის და გებელსის  მოწოდებები ებრელების განადგურების შესახებ. პატარა ოთახებში მონიტორები დგას.  დოკუმენტურ ფილმებში ჰოლოკოსტს გადარჩენილები იმ დროის საშინელებებზე ჰყვებიან, თვალწინ გაივლის  ომის სისასტიკის და ადამიანების წამების კადრები.  შეუძლებელია ამ სივრციდან დამძიმებული არ გამოხვიდე, ალბათ მუზეუმის მიზანიც ესაა. ჯერ ნახო ტანკები, რაკეტები, ბომბები და ათასნაირი იარაღი და ბოლოს შეხვიდე ჰოლოკოსტის საგამოფენო სივრცეში, საიდანაც ომით და ამ იარაღის შედეგით შეძრწუნებული გამოხვალ. ამის მნახველმა   შეუძლებელია არ დააფასო მშვიდობა,  იფიქრო ომზე,  იარაღზე და ამ იარაღით მიღწეულ შედეგზე.

მუზეუმიდან გამოსვლისას ისევ იმ ჯიპთან მივდივარ, რომელმაც  ერთხელ იხსნა ფადელ შანას სიცოცხლე. იქვე არსებულ მონიტორს ხელით ვეხები და ვირტუალურ გვერდებს ვფურცლავ. ბოლო გვერდზე 1992 იდან 2015 წლამდე  ომებში და  საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ჟურნალისტების  სტატისტიკას ვაწყდები. ჯამში- 236 დაღუპული ჟურნალისტი. სირიაში-64, ერაყში-55, და მესამე ადგილზე. ამ სტატისტიკით რუსეთ-საქართველოს ბოლო 20 წლის დაპირისპირებისას დაღუპულია 19 ჟურნალისტი. ჩვენს შემდეგ მოდის ბოსნია-ჰერცეგოვინა,  ავღანეთი, სომალი და ასე შემდეგ. მთელს მუზეუმში რუსეთ-საქართველოს ომი მხოლოდ ამ სტატისტიკით ჩანს. ომების სტატისტიკის უკან კი დიდი სისასტიკე, მსხვერპლი და გაუბედურებული ოჯახები დგას. ომი და  სისატიკე ახლა უკრაინაში და სირიაში გრძელდება. აგერ, მთიან ყარაბახთან ისევ იძაბება ვითარება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ისევ აკავებენ ადამიანებს. კაცობრიობა კი ისევ ვერაფერს სწავლობს წარსულის გაკვეთილებიდან. 

გოგა აფციაურის  მივლინება ლონდონში ორგანიზებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ( IWPR)-ის მიერ. 2014 წელს გოგა აფციაურს საქართველოში ეროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მიენიჭა მშვიდობის ჟურნალისტიკაში.

 

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test