შემოგვიერთდი

12.10.2015 21:23

გაზეთი, რომელიც მოქალაქეებთან მიდის

Media Ge
სტატიები ჟურნალისტის ჩანაწერები

გოგა აფციაური, რადიო თავისუფლების რეპორტიორი


მთელს მსოფლიოში და ბრიტანეთშიც ბეჭდური მედია ონლაინ მედიასთან მძაფრ კონკურენციაშია. აშშ-ში,  ბრიტანეთში და ევროპის წამყვან ქვეყნებში ფინანსურად ძლიერი გამოცემებიც კი,  იძულებულნი გახდნენ ტირაჟები შეემცირებინათ, რადგან უკვე წაგებაზე მუშაობდნენ, თუმცა გამომცემლები ფარხმალს არ ყრიან და ცდილობენ, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, გაზეთები მკითხველებამდე სმარტფონების, ტაბების და სამკითხველო მოწყობილობებით მაინც მიიტანონ. ამ ბლოგში ლონდონში გამომავალ უფასო სატრანსპორტო გაზეთებზე გესაუბრებით.

 ლონდონის მეტროში, დილით ადრე პირველ მგზავრებთან ერთად გაზეთიც შედის, დილის გაზეთს „მეტრო“ (METRO) ჰქვია. სამსახურში მიმავალ ლონდონელებს გაზეთები აქვთ გადაშლილი და ახალ ამბებთან ერთად ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებს, ამინდის პროგნოზს და რეკლამას ეცნობიან, ფართის დიდი ნაწილი სწორედ რეკლამას უკავია. ლონდონელების დიდ ნაწილს გაზეთები ვაგონიდან თან არ მიაქვთ და იქვე სავარძლებზე ტოვებენ, ახლა ახალი მგზავრები იწყებენ ერთხელ უკვე წაკითხული გაზეთის გადაფურცვლას. როგორც აღვნიშნე,  „მეტრო“ უფასოა. ალბათ ჩნდება კითხვა, როგორღა არსებობს ამ პირობებში რედაქცია, როგორ იხდიან თანამშრომლების ხელფასებს, გადასახადებს? სარაკლამო ბაზარი  ბრიტანეთში დიდია და გაზეთის მოგებაც სწორედ აქედან მოდის, მოგება კი იმდენად დიდია, რომ გამომცემელი მას უფასოდ არიგებს. რეკლამის შემკვეთმა კი იცის, რომ მის პროდუქციას ყოველ დღე მილიონობით თვალი შეხედავს. იმ დროს, როცა სერიოზული გამოცემები საკმაოდ ძვირია- საშუალოდ 3,5 ლარი ღირს. ამ ფონზე უფასო სატრანსპორტო გაზეთი უფრო მასობრივი და ხელმისაწვდომია. 

ლონდონში ყველაზე ხმაურიანი ქუჩა ოქსფორდ სტრიტია, შუადღიდან აქ ყველა კუთხეში მუსიკა ისმის, მაგრამ მეტროების ჩასასვლელებს ხმაურიანი გაზეთის დამრიგებლები იკავებენ, ეს ჰგავს თეატრალურ წარმოდგენას, ერთი ადამიანი შემაღლებულ ადგილზე დგას და გაზეთის სათაურებს ყვირის, იქვე მყოფი მისი დამხმარეები კი თითოეულ მოქალაქეს სქელტანიან გაზეთს ხელში აწვდიან, ავტობუსების გაჩერებები და მეტროს ჩასასვლელები ამ დროს გაზეთებით ივსება. „ლონდონის საღამოს სტანდარტი“ (LONDON  EVENING STANDARD) საღამოს გაზეთია და სამსახურიდან სახლებისკენ მიმავალი ლონდონელები ისევ ახალ ამბებს ეცნობიან, “საღამოს სტანდარტიც” “მეტროს” მსგავსად უფასო გაზეთია. 64- გვერდიან გამოცემაში ყველანაირ ინფორმაციას ნახავთ, აქაც, 50 პროცენტი რეკლამას უკავია. ასე, კითხვა-კითხვით, ლონდონელები მიდიან სამსახურში და ბრუნდებიან სახლებში. ამ გზით  მიდის გაზეთი მკითხველთან. სექტემბერ-ოქტომბრის თვეში ამ გაზეთების ყურადღების ცენტრში საქართველო რაგბის მატჩებით ხვდებოდა. სპორტულ რუბრიკაში რაგბის მიმომხილველები საქართველოს ნაკრების გამოსვლას დადებითად აფასებდნენ და ქართული რაგბის წინსვლას აღნიშნავდნენ.  

ლონდონის ტრანსპორტში ჩემი ერთთვიანი დაკვირვებით, ვრწმუნდები, რომ ბრიტანელები მკითხველი ხალხია. კითხულობენ ყველგან, სადაც ამის დრო და შესაძლებლობა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სარეკლამო ბაზარი პატარაა, იქნებ ღირდეს სატრანსპორტო გაზეთების წარმოება, თბილისში გადატვირთული საგზაო მოძრაობის გამო, უფრო მეტი ადამიანი მეტროთი და ავტობუსებით სარგებლობს.  

რეპორტიორის მივლინება ლონდონში ორგანიზებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ( IWPR)-ის მიერ. 2014 წელს გოგა აფციაურს საქართველოში ეროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მიენიჭა მშვიდობის ჟურნალისტიკაში.

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test