შემოგვიერთდი

06.04.2016 00:15

ჟურნალისტი, რომელმაც ომის დაწყება 6 საათით შეაჩერა

Media Ge
სტატიები ინტერვიუ

ავტორი: ნათია ბერსენაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი

როდესაც იუგოსლავიაში ომი დაიწყო,  არჩევანის წინაშე დადგა - გაეგრძელებინა საყვარელი საქმე, მაგრამ გამხდარიყო პროპაგანდის ნაწილი,  თუ შეენარჩუნებინა თავისუფლება, მაგრამ  დაეკარგა ყველაფერი: სახელი, სახლი და ცხოვრებისთვის საჭირო ელემენტარული პირობები. ომის დაწყებამდე იგი იყო  რეპორტიორი, წამყვანი, საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი, მოგვიანებით- სარაევოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების ხელმძღვანელი. ომის შემდეგ კი, კონტროლირებად ჟურნალისტიკაში ყოფნა აღარ ისურვა. ქვეყანა დატოვა და  სწავლა მანჩესტერის უნივერსიტეტში გააგრძელა. დევნილობაში 18 თვე გაატარა. შემდეგ იღბალი წამოეწია და რადიო თავისუფლების ჟურნალისტთა გუნდს შეუერთდა.  დღეს ის რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების  (RFL/RL) ვიცეპრეზიდენტია. 

ადამიანი, რომლის შესახებაც გიყვებით და ვისთან ინტერვიუც 2013 წლის ნოემბერში ჩავწერეთ,   ჟურნალისტი ნენად პეიჩია. ის, მაშინ  რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ სპეციალურად რადიო თავისუფლების მედიასკოლის სტუდენტებისთვის ლექციების ჩასატარებლად მოიწვია.  იგი არის კონფლიქტების გაშუქების სპეციალისტი. ხშირად გაუშუქებია ომი, შესაბამისად, ბევრჯერ მდგარა რისკისა და საფთხის წინაშე. გამოსცა წიგნი: „გამორთე ტელევიზორი და გაახილე თვალები“. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები. კითხულობს ლექციებს ევროპის უნივერსიტეტებში.

ნენად პეჯიჩი: “რადიო “თავისუფლებაში” ძალიან მკაცრი წესები გვაქვს. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ არანაირ დემოკრატიულ ინსტიტუციებს, მხარს არ ვუჭერთ არც ერთ მთავრობას. ჩვენ საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას მხოლოდ და მხოლოდ იმის შესახებ, რაც ხდება. ჩვენი მიზანი არ არის მთავრობის გადატრიალება, ან ჩანაცვლება, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა ხელისუფლებაში მოსასვლელად. ჩვენი მიზანია, მივცეთ ადამიანებს არჩევანის უფლება, რომ მათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, მედიის თავისუფლების მხრივ, საქართველომ საკმაოდ სერიოზულ წარმატებას მიაღწია.

კორ: იუგოსლავიაში, 90-იან წლებში, გაღვივდა დაუნდობელი ომი.  პოლიტიკოსების გარდა, ალბათ მედიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა  კონფლიქტების გაღვივებასა თუ შეკავებაში. როგორ წარმოგიდგენიათ ეს პასუხისმგებლობა?

ნენად პეჯიჩი: არ არსებობს ომი, რომლის დაწყებას გარკვეულწილად ხელს არ უწყობს მედია. პოლიტიკოსებს სჭირდებათ საზოგადოება, რომელიც მათ მხარს უჭერს. ამის მიღწევა კი შეუძლებელია მედიის დახმარების გარეშე. ყოფილ იუგოსლავიაში ომის დაწყებაზე სამი ჯგუფი იყო პასუხისმგებელი: პოლიტიკოსები, სამხედროები და ჟურნალისტები. ამ სამიდან რომელიმეს უარი რომ ეთქვა ომში მონაწილეობაზე, ომი არ მოხდებოდა.

საკმაოდ ბევრი წესი არსებობს, როგორ არ უნდა აღმოჩნდნენ ჟურნალისტები კონფლიქტის გაჩაღების უნებლიე ხელშემწყობნი. რამდენიმე მათგანს გავუსვამ ხაზს:  ყოველთვის მოყევი ისტორია ფაქტებით, იყავი ზუსტი, მოერიდე დასკვნებს და გამორიცხე ემოციები. შეასრულე ხიდის როლი კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის. გაავრცელე მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც დადასტურებულია მინიმუმ ორი წყაროს მიერ. არ გამოიყენო ზედსართავი სახელები. განსაკუთრებით ისეთი სიტყვები, რომლებიც ეთნიკურ ჯგუფებს ახასიათებენ.  მხოლოდ ამ რამდენიმე წესს თუ შეასრულებ,  ეს უკვე საკმარისი იქნება მოვალეობის კარგად შესასრულებლად. შეიძლება მედიასაშუალბის ხელმძღვანელობასთან მოგივიდეს კონფლიქტი, შეიძლება  ჩაგანაცვლონ კიდეც, მაგრამ ამის ჯილდო იქნება აუდიტორიის პატივისცემა, ეს კი ამად ღირს.

კორ: კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე მოვლენების გაშუქების დროს   ზოგჯერ ჟურნალისტს უჭირს ობიექტურობისა და სტანდარტების დაცვა.  

ნენად პეჯიჩი: მედიას ყოველთვის ადანაშაულებენ. მშვიდობიან სიტუაციაშიც მედიას ადანაშაულებენ. გეთანხმებით, ამ სტანდარტების დაცვა ძალიან რთულია, მაგრამ ჟურნალისტებმა უნდა გაიაზრონ, რომ ისინი არ ემსახურებიან ხელისუფლებას.  ისინი ემსახურებიან საზოგადოებას. თუ არჩევანს გააკეთებენ მთავრობის სასარგებლოდ, შეიძლება გახდნენ წარმატებულნი,  მათ შეიძლება მიიღონ კარგი ხელფასები, ბინები, პრივილეგიები, მაგრამ ამ აღიარებას შეინარჩუნებენ მცირე ხნით. ყოველი ომის შემდეგ ხელისუფლებას სურს ხმა მიაწვდინოს უფრო ფართო საზოგადოებას. ამ ამოცანისთვის კი, მათ აღარ სჭირდებათ მიკერძოებული ჟურნალისტები. თუმცა, ყველა მთავრობას უყვარს ჟურნალისტები, რომლებიც მათ აქებენ. ჩვენ, როგორც პროფესიონალებს, გაცნობიერებული უნდა გვქონდეს, რა ვალდებულებები გვაქვს. მე ყველაფერი დავკარგე, ბინა, რაღაც პერიოდის განმავლობაში დევნილიც ვიყავი, მაგრამ გადავიხადე იმის საფასური, რისიც მჯეროდა. ახლა კი შემომხედეთ, დღეს მე ლექციებს ვკითხულობ საქართველოში. აი, ეს არის ჩემთვის პრიზი.

კორ: თქვენს პრაქტიკაში ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ  რეპორტიორს, ვთქვათ, სიფრთხილის გამო, უარი ეთქვას  სარისკო დავალების შესრულებაზე?  როგორი თანაფარდობაა ამ მხრივ ქალ და მამაკაც რეპორტიორებს შორის?

ნენად პეჯიჩი: გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ქალები უფრო ვაჟკაცები არიან, ვიდრე მამაკაცები. ჩემი აზრით, ეს ქალის ბუნებრივი ინსტიქტია, დაიცვას შვილები, ოჯახი. ახლა ამას ჩემი ცოლი რომ ისმენდეს, გაეხარდებოდა, რადგან მას სჯერა, რომ ქალები მამაკაცებზე ძლიერნი არიან. ომის დროს ქალებს უფრო იცავენ, ვიდრე მამაკაცებს. უფრო ადვილია ცემო მამაკაცი რეპორტიორი, ვიდრე - ქალი. ასევე, გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ომში სპორტული ჟურნალისტებიც ძალიან კარგი რეპორტიორები არიან. სპორტის გაშუქების დროს ძალიან ბევრი მოულოდნელი რამ ხდება და მნიშვნელოვანია რეპორტიორმა  სწრაფად მოახდინოს რეაგირება  მიმდინარე მოვლენებზე, ამიტომ ორ, ერთი და იგივე ხასიათის სიმტკიცის რეპორტიორს შორის რომ მქონდეს არჩევანი, დავალების შესასრულებლად სპორტულ ჟურნალისტს გავუშვებდი.

კორ: 90-იან წლებში იყავით სარაევოს ტელევიზიის პროგრამების ხელმძღვანელი. აკონტროლებდით სამ სატელევიზო არხს. თქვენი სამუშაო ოთახის ფანჯრებს მიღმა კი  ომი მძვინვარებდა.  ერთ სტატიაში დაწერეთ, რომ ომი ვერ შეაჩერეთ. შეუძლია ჟურნალისტს ომის შეჩერება?

ნენად პეჯიჩი: ერთ ჟურნალისტს ომის შეჩერება არ შეუძლია. მედიას შეუძლია ომის შეჩერება. სწორედ ამის გაკეთება მინდოდა ომის დაწყებამდე 24 საათით ადრე. ბოლო წუთებადე  ვიბრძოდი  მშვიდობისთვის, ამიტომ პირდაპირ ეთერში ვაჩვენე სარაევოში  მშვიდობის მოთხოვნით გამოსული 100 000-ზე მეტი ადამიანი. მეც გამოვდიოდი პირდაპირი ეთერით და გამოვხატავდი ჩემს მხარდაჭერას. შემდეგ, ტელემაყურებლების სახელით ტელევიზიაში  დავპატიჟე სხვადასხვა მხარეს მდგარი პოლიტიკოსები, ვიზეც იყო  დამოკიდებული  მოვლენების განვითარება. მოვითხოვე, რომ სტუდიაში შემოსულიყვნენ დაცვის გარეშე. ისინი მობრძანდნენ და ვაიძულე კიდეც ხელი მოეწერათ მშვიდობის აქტისთვის. სამწუხაროდ, ეს შეთანხმება დაიცვეს მხოლოდ 6 საათის განმავლობაში. 6 საათის მერე ყველაფერი აფეთქდა... ასე რომ, მე მშვიდობა მხოლოდ 6 საათით შევინარჩუნე. პრობლემა ის იყო, რომ მათ არ სჭირდებოდათ მშვიდობა. ეს კონკრეტულად ეხება სერბულ მხარეს, იმიტომ, რომ ეს მხარე უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სხვა  ორი.  მე წავაგე.

კორ: რა აზრის ხართ იმ  საკამათო საკითხზე, შეუძლია თუ არა ჟურნალისტს სოციალურ ქსელში გამოთქვას პირადი აზრი ამა თუ იმ მოვლენაზე?

ეს ძალიან რთული თემაა და ამასთან დაკავშირებით ერთი წესი გვაქვს. ის ჟურნალისტები, რომლებიც პირადი გვერდი აქვთ, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა გამოხატავენ საკუთარ აზრს. ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდონ იმ ფრაზებს, რომლებსაც იყენებენ და სხვადასხვა თემის განხილვის დროს, რადგან ჟურნალისტები ცნობილი ადამიანები არიან  და როდესაც გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას, რასაკვირველია, გავლენას ახდენენ მოქალაქეებზე. შემდეგ აუდიტორია ავტომატურად აკავშირებს ჟურნალისტის მოსაზრებას იმ მედია კომპანიის იმიჯთან, სადაც ჟურნალისტი მუშაობს. თუკი გეკითხებიან აზრს, ან მონაწილეობ ტოკშოუში, რასაკვირველია, უნდა გამოხატო შენი მოსაზრება, მაგრამ ხაზი უნდა გაუსვა, რომ ეს არის შენი პირადი აზრი და არ არის იმ კომპანიის შეხედულება, სადაც მუშაობ.

კორ: უსამართლობასთან ბრძოლა თუ არის ჟურნალისტის მოვალეობა?

არაფერია ცუდი იმაში, რომ იბრძოლო სამართლიანობისთვის. სამყაროს ცვლილებისთვის, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს რომანტიულია. ეს არის სწორი მოტივაცია იმისთვის, რომ გააკეთო შენი საქმე. რასაკვირველია, შენ ვერ შეძლებ ყველა ტიპის უსამართლობის აღმოფხვრას სამყაროში, მაგრამ თუ  შეძლებ თუნდაც რამდენიმეს დაძლევას, შენ ქმნი მაგალითებს და ზეწოლას ახდენ საზოგადოებაზე, რომ დაიძლიოს ეს უსამართლობა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test