25.10.2020 14:36
ჟურნალისტებს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს...
ავტორი: ლალი შენგელია
ერთ-ერთი გამარჯვებული ვარ! საკონკურსო ვნებათაღელვა დასრულდა. მიგრაციის მედიალაბის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით 30 ნაშრომი გაიგზავნა და 9 გამარჯვებული გამოცხადდა.
საქართველოში მიგრაციის მედიალაბის საინტერესო გაგრძელება იყო სამი სემინარი - თელავში, ხაშურში და თბილისში.
მე ხაშური ავირჩიე...
10 ოქტომბერი. სემინარი ხაშურში - რეგიონული ლაბორატორია „გარე და შიდა მიგრაცია და მისი გამოწვევები“.
სემინარზე სამი გამარჯვებული ვართ მიწვეული. ნინო სუხიაშვილი ხაშურელია - ჩვენი მასპინძელი, ნინო ვართაპეტიანი - ბორჯომელი. მე ქუთაისში ვცხოვრობ (თუმცა აფხაზეთიდან ვარ). წლებია, ჟურნალისტიკაში ვართ სამივე. ერთმანეთს კონკურსამდეც ვიცნობდით. ვმეგობრობთ კიდეც...
სემინარს ხაშურელი და ხარაგაულელი ჟურნალისტი ქალები ესწრებიან. მყუდრო გარემოა, ოქტომბრის მზით გამთბარი. ლაბორატორიის მოდერატორი გალინა პეტრიაშვილი ისეთ შესავალს გვიკეთებს, ლაპარაკის საღერღელი აგვეშალა... თემაც ისეთია, სალაპარაკოდ განგაწყობს.
ისე მოხდა, რომ ჩვენი სტატიები ქალთა შრომით მიგრაციას ეძღვნებოდა: ნინო ვართაპეტიანის „ემიგრანტი ქალები ოჯახებისგან შორს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად“, ნინო სუხიაშვილის „კორონავირუსი და პატარა დიდი სამყარო“ და ჩემი „ამბები, რომელთაც გამოგონება არ სჭირდება“...
რაღაცით ჰგავს კიდეც ეს ისტორიები ერთმანეთს - სევდით და სინათლით, ტკივილით და სიხარულით, უიმედობით და იმედით, სოციალური აქცენტებით...
როგორ იწერებოდა სტატიები? რა დაედო საფუძვლად? რა ითქვა და რა არ თქმულა? ამაზე ისაუბრეს ავტორებმა. გულახდილად გამოხატეს თავიანთი ემოციები, გულშემატკივრული დამოკიდებულება პრობლემის მიმართ...
„ურბანიზაცია, შიდა მიგრაცია, გადაადგილებული პირების უფლებები. ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ მიღებული ზომები აღნიშნული პროცესების დასარეგულირებლად“ - ამ თემაზეც საინტერესოდ ისაუბრა ექსპერტმა გრიგოლ გაჩეჩილაძემ.
სევდიანი თემებია, ყველას ერთნაირად რომ აღელვებს, ყველას რომ თავისი სათქმელი აქვს, ყველა რომ თავისებურად ხედავს პრობლემასაც და გამოსავალსაც. საუბარი განსაკუთრებით ემოციურია და სემინარზე ბევრი ნაცნობი თუ უცნობი ამბავიც ჩნდება:
პირველი მიგრანტებიდან მოყოლებული ისტორიები... თუ ხაშურში აფხაზეთიდან დევნილებით სავსე ვაგონის ჩამოსვლა...
ის, რომ მაღალმთიანი სოფლის სკოლაში ორი ბავშვია და მალე სკოლა დაიხურება.
სოფელში ოჯახი არ არის, ქალი რომ არ იყოს საზღვარგარეთ წასული.
ან თბილისში მიდიან, ან უცხოეთში და ასე არჩენენ ოჯახს.
ემიგრაციაში მყოფი ქალების ჯანმრთელობა საგანგაშოა...
კოვიდ-ვირუსმა კიდევ უფრო გაართულა მიგრანტების მდგომარეობა.
ვინც ვირუსის შიშით ჩამოვიდა, ოჯახში შეექმნა პრობლემები, რადგან ჩამოტანილი ფული მალე დამთავრდა...
ყველა ისტორიის შემდეგ საუბარი ყოველთვის პასუხისმგებლობისკენ მიდის - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? ყველას და არავის?
იქნებ ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რომ პრობლემა მოგვარდეს, სოფლები არ დაცარიელდეს, ოჯახები გამთლიანდეს, ემიგრაციის სტატისტიკა შემცირდეს, ქვეყანაში დასაქმება გაიზარდოს...
ბოლოს სემინარზე ახალი კონკურსი ცხადდება და უკვე იკვეთება დეტალები ახალი სტატიებისთვის.
მე ერთხელ გავიმარჯვე. ამიტომ არ ვწერ საკონკურსო სტატიას, თუმცა სალაპარაკოს რა გამოლევს მიგრაციის თემაზე. ეს ყველაზე მტკივნეული თემაა ჩემთვის, რადგან მიგრაციას უამრავი პრობლემა სდევს თან...
კიდევ გავიმეორებ ერთ-ერთი ემიგრანტი ქალის, იტალიაში ბადანტედქცეული ქუთაისელი ჟურნალისტის - ლელა თოლორდავას სიტყვებს: „დედების სახლში დაბრუნებაზე დიდი პრობლემა არ აქვს ჩვენს ქვეყანას, ესაა ნომერ პირველი პრობლემა!!!“
ჟურნალისტები ყოველთვის სხვებზე ადრე ამჩნევენ პრობლემებს, სხვებზე ხმამაღლადაც ამბობენ სათქმელს. ჟურნალისტებს თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა აქვთ და ეს კონკურსი, ეს სტატიები, ეს შეხვედრებიც ჩვენი წილია ამ დიდი პასუხისმგებლობაში...