შემოგვიერთდი

13.01.2010 16:50

ოლეგ პანფილოვი: ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ კანონები, რომ საკუთარი თავის დაცვა და ჩინოვნიკების "დასჯა" შეეძლოთ

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსი ჟურნალისტი, ოლეგ პანფილოვი Media.Ge-სთან საუბარში ყველა იმ სირთულეზე, წარმატებაზე და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს, რომელიც დღეს ქართულ და რუსულ ჟურნალისტიკაში არსებობს. როგორ ხედავს რუსი ჟურნალისტი, ქართული მედიის განვითარების პერსპექტივას, რა ნაკლოვანებები დაინახა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ და რა აკლიათ ყველაზე მეტად ქართველ ჟურნალისტებს, ამას პანფილოვთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბატონო პანფილოვ, როგორ შეაფასებდით ქართული მედიის დღევანდელ მდგომარეობას?

- ჩემთვის ქართული ჟურნალისტიკის შეფასება ძნელია, ქართული არ ვიცი. მაგრამ დაახლოებით ვხვდები, რაც ხდება. ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, საქართველოშიც გაზეთები მკვეთრადაა გამიჯნული ტელევიზიებისგან. ისე, ყველა ქვეყანაში მოსახლეობა ტელევიზიებისგან უფრო მეტ ინფორმაციას იღებს, ვიდრე - გაზეთებისგან. საქართველოში საგაზეთო ბაზარი, როგორც დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მწირია. მცირეა ტირაჟიც და ბეჭდური მედია აგრესიული საინფორმაციო პოლიტიკით გამოირჩევა.

ქართული ჟურნალისტიკა უნდა შეფასდეს ორი ფაქტორით: პირველი ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველო ძალიან კარგ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან აქვს ყველაზე კარგი კანონი, რომელიც მედიას არეგულირებს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს კანონი ბევრად სჯობს იმ კანონებს, რომლითაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ხელმძღვანელობენ. მართლაც, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც კონსტიტუცია კრძალავს სამთავრობო მედია-საშუალებების არსებობას.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არ არის საჭირო აკრედიტაცია და უცხოელ ჟურნალისტებს აქვთ თავისუფლად მუშაობის საშუალება.

- თუმცა არსებობს პრობლემებიც, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით, საინტერესოა თქვენ რაში ხედავთ პრობლემას?

- სამწუხაროდ, არსებობს სხვა, მაგალითად,  განათლების პრობლემა. აი, ეს ორი ფაქტორი რეალურად არსებობს სხვადასხვა ატმოსფეროში და არაფრით არაა ერთმანეთთან შეხებაში, ანუ არსებობს კარგი საკანონმდებლო ბაზა, მაგრამ ეს არაფრით არ ეხმარება ჟურნალისტიკის განვითარებას, რადგან ჟურნალისტებს, ტრადიციულად, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არ უყვართ კანონების ცოდნა და დაცვა.

ის, რომ ხელისუფლებას არ უყვარს კანონების დაცვა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ჟურნალისტებს არ უნდათ კანონების ცოდნა და გამოყენება თავიანთ მუშაობაში. საერთოდ, სიტყვის თავისუფლება მხოლოდ სიტყვები კი არა, პასუხისმგებლობაცაა. ამიტომაც, ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ კანონები, რომ საკუთარი თავის დაცვა და ჩინოვნიკების "დასჯა" შეეძლოთ.

მაგალითად, როცა არ აძლევენ ინფორმაციას, შეეძლოთ ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენება.

მოკლედ, კანონის ცოდნა საქართველოში ძალიან დაბალ დონეზეა. საუბარი მქონდა "ახალგაზრადა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებთან და მათ მითხრეს, რომ საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტები, ასე თუ ისე, აქტიურები არიან, თბილისელი ჟურნალისტები კი კანონებს ძალიან იშვიათად იყენებენ.

აი, ეს მეორე ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაცვლელია ჟურნალისტთა განათლება. სამწუხაროდ, ბევრ უნივერსიტეტში ჯერ კიდევ შემორჩენილია საბჭოთა მემკვიდრეობა განათლების სისტემაში, ამიტომაც, შესაქმნელია ახალი სკოლა, რომელიც ევროპის სტანდარტების შესაბამისი იქნება. ეს უნდა იყოს მაგისტრატურა და ბავშვებისთვის ჟურნალისტიკის სწავლება უნდა შეწყდეს, რადგან ბავშვი სკოლის მერხიდან პროფესიონალი ჟურნალისტი ვერ გახდება, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რაღაც განათლება, ცხოვრებისეული გამოცდილება.

- თუ შევადარებთ ერთმანეთს ქართულ და რუსულ ურნალისტიკას, რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ?

- ქართული ჟურნალისტიკის რუსულთან შედარებაც აღარ შეიძლება. როცა რუსეთში ჩემს მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ საქართველოში არის ორი არხი -'მაესტრო~ და 'კავკასია~, სადაც დილიდან საღამომდე მხოლოდ ერთ ადამიანს და მის გარემოცვას აკრიტიკებენ-მეთქი, ეს გაოცებას იწვევდა, რადგან იქ 10 წელია, დაავიწყდათ, თუ რას ნიშნავს პრულარიზმი. ერთადერთი საინფორმაციო არხი, რომელიც გადასცემს ასე თუ ისე ობიექტურ და ალტერნატიულ ინფორმაციას, 'რნტვ~-ა. ყველა, სხვა დანარჩენი, სამწუხაროდ, სახელმწიფო პროპაგანდაა.

რუსეთში, სამწუხაროდ, თავისუფლების ტრადიცია არ არსებობს. არადა, არსებობს რამდენიმე თვისება, რომელსაც უნდა ფლობდეს ჟურნალისტი. პირველ რიგში, ესაა თავისუფლების შეგრძნების უნარი. Mეორე -ცნობისმოყვარეობა. რუსეთში ძალიან ცოტაა, ვინც იცის, რა არის თავისუფლება!

არიან რუსეთში ჟურნალისტები, რომლებიც ცდილობენ, პროფესიისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, მაგრამ ისინი ცოტანი არიან და ჩემი საქართველოში გადმოსვლის მიზეზიც ის იყო, რომ მუშაობის გაგრძელების პერსპექტივას ვერ ვხედავდი. როცა შედეგს ვერ ხედავ, მუშაობა უინტერესოა.

- თქვენეული 'რეცეპტი~, როგორ უნდა შეიცვალონ უკეთესობისკენ ქართველი ჟურნალისტები?

- უნდა იყვნენ ჭკვიანები... ამასწინათ, ერთ-ერთ რადიოში ვიყავი მიწვეული და ორი ჟურნალისტი ცდილობდა ჩემს ჩიხში შეყვანას მხოლოდ იმის გამო, რომ სადღაც, რაღაც ჭორები ამოიკითხეს ჩემზე და იძულებული ვიყავი, სისტემატურად  მეპასუხა: ეს არ არის სიმართლე, ეს ჭორია... იმის მტკიცება მომიწია, რომ მე სულელი არ ვარ. ამიტომაც, მინდა, ჟურნალისტები პოლიტიკოსებზე უკეთესები იყვნენ, რადგან მათი საქმიანობა საზოგადოებრივია. ეს ის წესია, რომელსაც უნდა იცავდეს ოპოზიციაც. სულ ვამბობ, რომ ქართული ოპოზიცია უნდა იყოს ხელისუფლებაზე უფრო ჭკვიანი. თუმცა, ამას ოპოზიცია ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს. ასე რომ, ჟურნალისტიკის ხარისხი საქართველოში ძალიან დაბალია. მათი შეკითხვები დამყარებული იყო ჭორებზე. მაგალითად, მკითხეს, საერთო კავკასიური არხი შეიქმნა თუ არა ბერეზოვსკის ფულით? ვუთხარი, რომ ეს იყო სიცრუე. მკითხეს, მართალა ცდილობთ, ამ არხის დახმარებით დააცალკევოთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიო? ღმერთო ჩემო, ეს არხი იქმნება იმისათვის, რომ ადამიანებს ავუხსნათ, არსებობს ერთიანი კავკასია და საქართველო კი არა, კრემლი ცდილობს მის დაცალკავებას.  ამ არხზე გავაკეთებ პუბლიცისტურ გდაცემას, ეს არ იქნება პოლიტიკა, რადგან მე არ მიცხოვრია საქართველოში.

- თქვენი აზრით, ხომ არ ხდება პროფესია ჟურნალისტი, მსოფლიოში არაპოპულარული პროფესია? ეს ტენდენცია აშკარაა პოსტსაბჭოთა სივრცეში...

- არა, არა მთელ მსოფლიოში. იცით, ამ პროფესიის არაპოპულარობა შესამჩნევია პოსტსაბჭოთა სივრცეში. ყოველ შემთხვევაში, ყველგან, სადაც წამიკითხავს ლექციები, სტუდენტები ძირითადად გოგონები არიან. ეს იმაზე კი არ მიანიშნებს, რომ გოგონები უფრო ჭკვიანები არიან, უბრალოდ, პრესტიჟულობისა და გამომუშავების ამბავია.

სისულელეა, როცა ამბობენ, ჟურნალისტიკა ისეთი პროფესიაა, რომ ფულზე არ უნდა იფიქროო. არა, პირიქით, ღარიბი ჟურნალისტიკა არ შეიძლება იყოს ჟურნალისტიკა! ასეთ დროს ეცემა პროფესიის პრესტიჟი გარდა ამისა,  არსებობს ხელისუფლების ზეწოლა და როცა ჟურნალისტებს არ ეხერხებათ ხელისუფლების ზეწოლისგან თავის დაცვა, ისინი იმედგაცრუებული რჩებიან თავიანთი პროფესიით.  თუმცა, ვფიქრობ, საქართველოში ამ მხრივ, არცთუ შემაშფოთებელი სიტუაციაა: თუ არ მოგწონს "პირველი არხი", ან "რუსთავი 2", მაშინ გადართე "მაესტროზე" და უყურე. არ გინდა წაიკითხო "კვირის პალიტრა", მაშინ იყიდე '24 საათი~ და იკითხე.

როცა არსებობს მრავალფეროვნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ცოცხლობს. ქართულ ჟურნალისტიკას აქვს პერსპექტივა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test