შემოგვიერთდი

20.01.2010 18:33

„ღია საზოგადოება საქართველოს" შარშანდელი მონაგარი და წლევანდელი გეგმები

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

საქართველოში  დემოკრატიიის მხარდაჭერა ახლაც ისევე აქტრუალურია როგორც 10 წლის წინ. საქართველოს დამოუკიდებელ  მედიასაც, რომლის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიის განვითარება, უწინდელივით უჭირს,  ამიტომაც, მის   მდგრადობასა და  განვითარებაზე ორიენტირებულ  პროექტებს საერთაშორისო ინსტიტუტები  თუ კერძო დონორები დღესაც ხალისით აფინანსებენ. ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც დამოუკიდებელი ქართულ მედიით დაინტერესდა. დღეს,  გარკვეული ისტორიის მქონე მედია საშუალებათაგან ცოტას თუ ნახავთ ისეთს, რომელსაც ხსენებული ფონდისგან ერთხელ მაინც არ მიეღოს ფინანსური მხარდაჭერა.

"ღია საზოგადოება-საქართველომ" გრანტები გასულ წელშიც გასცა, მედია პროექტები წელსაც დაფინანსდება.  Media.Ge ამ თემაზე  ფონდის მედიის პროგრამების კოორდინატორს ხატია ჯინჯიხაძეს გაესაუბრა.

- შარშან ათეულობით პროექტი დავაფინანსეთ,  საერთო ბიუჯეტმა დაახლოებით 900 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პრიორიტეტები წარმოდგენილია ფონდის  ვებგვერდზე  და მოიცავს ხუთ ძირითად მიმართულებას, რომლითაც  ვხელმძღვანელობდით გასული წლის განმავლობაში.

-დაფინანსებულ პროექტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი იყო?

- ჩვენთვის ძალიან მნiშვნელოვანი იყო  რეგიონულ მედიასთან თანამშრომლობა. რეგიონული მედია დღეს ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. მას  განვითარებისათვის  ბევრი რესურსი სჭირდება. შევეცადეთ, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავხმარებოდით, მათივე წარმოდგენილი პროექტების საფუძველზე.  გამოცხადდა კონკურსი რეგიონული ტელეარხებისთვისაც, ხუთი  გრანტი უნდა გაგვეცა,   მაგრამ  იმდენად კარგი განაცხადები გაკეთდა,  რომ, საბოლოოდ, ექვსი გამარჯვებული გამოვავლინეთ.  გრანტის მიმღებმა ტელეარხებმა დაიწყეს ახალი გადაცემების კეთება  ან გააგრძელეს არსებულის წარმოება. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს გადაცემები ადგილობრივი თემის ინტერესებზე ყოფილიყო მორგებული.   იმისათვის, რომ ტელეპროექტები მაღალი  ხარისხის  გამოსულიყო, ტელეკომპანიებს  მივამაგრეთ კონსულტანტები.

ასევე დავეხმარეთ რამდენიმე ადგილობრივ გაზეთს, რომლებმაც ინოვაციური პროექტები შემოგვთავაზეს. მაგალითად,  ქუთაისის ორმა დამოუკიდებელმა გაზეთმა შემოიტანა პროექტი, რომელიც გულისხმობდა პრესის ერთობლივ დისტრიბუციას.

ასევე დავაფინანსეთ   "რეგიონული რადიოსადგურების ქსელის"  პროექტები.  ეს რადიოქსელი აერთიანებს ოთხ რადიოსადგურს, ისინი ამზადებენ კორპორატიულ რადიოპროგრამებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი პროექტები ხელს  უწყობს ჟურნალისტური გაერთიანებების შექმნას. შარშან დავაფინანსეთ  რეგიონული მედიის ასოციაციის  პროექტი. მისი  მიზანია  ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის  ფაქტების აღნუსხვა და მათი ერთ ბაზაში მოქცევა. ვფიქრობთ, მონაცემთა ბაზა იქნება ინფორმაციის სანდო წყარო, რომელიც  მომხმარებელს წარმოდგენას შეუქმნის ჟურნალისტთა უფლებების დაცვის მხრივ საქართვცელოში არსებულ ვითარებაზე.  ასევე დავაფინანსეთ პრესის ასოციაციის პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობს გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში. ასოციაცია აერთიანებს რამდენიმე წამყვან გაზეთს,  პროექტის ფარგლებში ისინი ერთად მუშაობენ პრესის დისტრიბუციის გაუმჯობესებაზე.

-  როგორც ვიცი, ფონდმა ონლაინ მედიის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებიც დააფინანსა... - ონლაინ მედია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია,   ბეჭვდური გამოცემების ვებგვერდების განვითარებისთვის  შარშან ხუთი  გრანტი გავეცით.  . - ერთია პროექტის დაფინანსება, მეორე კი მისი განხორციელება...

- როგორც წესი, გრანტის მფლობელი მედიაორგანიზაციები წარმოადგენენ შუალედურ ანგარიშს, სადაც აღწერენ რამდენად შეძლეს მათ თავიანთი მიზნების განხორციელება. ჩვენ პროექტის  საბოლოო მონიტორინგს ვატარებთ. თუმცა გაცემული გრანტების მიზნობრივი ხარჯვისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის სრული კონტროლი  არ შეგვიძლია.  ქაღალდზე დაწრილი პროექტი გაცილებით მიმზიდველია ვიდრე რეალურად მიღწეული შედეგი. ჩვენ ძალიან ვცდლობთ ეს შედეგი უკეთესი იყოს.  მცდელობა გამოიხატება იმაში, რომ გრანტიორებთან მუშაობენ ჩვენს მიერ მივლენილი  კონსულტანტები, აგრეთვე,  მათ ვუტარებთ ტრენინგებს, რათა პროექტის განხორციელება უკეთესად შეძლონ. - როგორც ვიცი, თქვენი ფონდი შარშან  მნიშვნელოვნად იყო ჩართული ბლოგინგის განვითარებაში, კმაყოფილი ხართ შედეგით? - რაც შეეხება ახალ, სოციალურ მედიას, ჩვენ გასული წლის შემოდგომაზე, "მთაწმინდის პარკში",  საქართველოში პირველად, ჩავატარეთ ახალი მედიის ფორუმი. ჩვენი მიზანი იყო, რომ ახალი მედიის შესაძლებლობები წარმოგვეჩინა როგორც ტრადიციული მედიისთვის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და, უბრალოდ, დაინტერესებული ადამიანებისათვის.  როგორც ავღნიშნე, გაცემულ გრანტებზე სრული კონტროლი არ გვაქს. სხვა პროექტებისგან განსხვავებით,  ახალი მედიის ფორუმი ჩვენი შიდა პროექტი იყო, რომელზეც უშუალოდ მუშაობდა ფონდის თითქმის ყველა თანამშრომელი. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ფონდმა უფრო მეტი  პროექტები თავად  განახორციელოს. ეს საშუალებას მოგვცემს,  ჩვენს მიერ დასახულ მიზნებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. სოციალურ მედიაში განხორციელებულ პროექტებს შორის უმნიშვნელოვანესია ქართული ბლოგკატალოგი. ეს ჩვენი ერთ-ერთი სიამაყეა.  ძალიან კმაყოფილები ვართ მიღებული შედეგით. "ო,მედია ჯგუფი", რომელმაც პროექტზე იმუშავა, ახალგაზრდა ბლოგერებს აერთიანებს . მათ ძალიან კარგად იციან ეს სფერო.  ბევრი ფორმალური და არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა  ბლოგკატალოგი. პროექტის წარმატებაზე ისიც მეტყველებს, რომ კატალოგით  უამრავი ადამიანი დაინტერესდა,   მათ შორის ვარ მეც,   კატალოგის მუდმივი მკითხველი.

-რას გვეტყვით წლევანდელ  პრიორიტეტებსა და განსახორციელებელ პროექტებზე? - ჩვენ პრიორიტეტები პრაქტიკულად არ იცვლება, თუმცა აქცენტები გაკეთდება  ჟურნალისტურ განათლებაზეც. ცოტა ხანში  დავიწყებთ კონსულტაციებს, თუ კონკრეტულად  რა უნდა გაკეთდეს. მაინც, ვფიქრობთ, რომ ვიმუშავებთ  სამი ძირითადი მიმართულებით,  ესენია:   ბიბლიოთეკების განვითარება; მოვიწვევთ უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც ინდივიდუალურად იმუშავებენ უნივერსიტეტებთან; მესამე კი არის ქართული სახელმძღვანელოების შექმნა. დღეს ჟურნალისტიკის  სახელმძღვანელოები ძირითადად თარგმნილია ქართულ ენაზე, მაგრამ  ჩვენ პრინციპულად გვინდა, რომ დაიბეჭდოს  ქართული სახელმძღვანელოები, რომლის შექმნაზე ქართველი ჟურნალისტები იმუშავებენ და რომელიც ქართულ რეალობას იქნება მორგებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტია, ჯერჯერობით,  ჩვენთან კარგად არ იციან სახელმძღვანელოს შექმნის თანამედროვე მეთოდოლოგია. ასევე ვგეგმავთ, რომ უცხოეთიდან ჩამოვიყვანოთ სპეციალისტები, რომლებიც ქართველ ავტორებს  ამ საქმეს შეასწავლიან.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test