შემოგვიერთდი

29.01.2010 10:18

რუსულენოვანი მედია არაინგლისურენოვანი კავკასიისთვის

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველოს ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკა ძირითადად ინგლისურენოვან აუდიტორიიაზე იყო ორიენტირებული. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ემოციური კომენტარები  ხან CNN-ის და ხანაც BBC-ის ეთერში ლამის ყოველკვირა გადიოდა და ქართული ნაციონალური არხებიც ამ კადრებს, ისევე როგორც პრეზიდენტის ნებისმიერ სატელევიზიო გამოსვლას,  დაუსრულებლად იმეორებდნენ.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას,  რომ ხელისუფლება არაინგლისურენოვან აუდიტორიაზეც მუშაობდა, ავიღოთ თუნდაც რაოდენობრივად ძალზე მცირე, მაგრამ პოლიტიკურად მეტისმეტად მნიშვნელოვანი სეგმენტი -   ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ოსურ ნაწილი. ჩრდილოეთიდან წამოსულ დეზინფორმაციის ნიაღვარს   საქართველოს ხელისუფლებამ რუსულენოვანი  "ალანია" დაუპირისპირა, მაგრამ ეს ტელევიზია, ტექნიკური მიზეზებისა და შიშველი პროპაგანდის გამო,  უხარისხო და  უსარგებლო აღმოჩნდა, მან  ვერ მოიპოვა ადგილობრივი აუდიტორიის ნდობა, ხელისუფლება კი ამის იქით აღარ წასულა.

გარდა ამისა ომის ზღვრზე მისული დაპირისპირების გამო რეგიონში თავისუფალი  ინფორმაცია თითქმის არ ვრცელდებოდა. ეთნიკური ოსების ის ნაწილიც კი, რომელმაც აქრთული იცის, საქართველოს ნაციონალური ტელეარხებიდან გაფილტრულ ინფორმაციას იღებდა.  ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები კი,  იქნებოდა ეს ინტერნეტ-საიტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ამინდს ნამდვილად ვერ ქმნიდნენ.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ქართული სამთავრობო და დამოუკიდებელი საინფორმაციო საიტები  გათიშა და ქართველ პოლიტიკოსებსაც ხელთ შერჩენილი მწირი რესურსებით უხდებოდათ   საინფორმაციო ბლოკადის გარღვევა. რაღა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე კვლავაც დასავლეთი: ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები იყო.

ომიდან წელიწადნახევარი გავიდა და,  როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მკაფიოდ  გაიაზრა,  რომ  საქართველოსთვის ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე სამყაროს გარდა ასევე მნიშვნელოვანია არაინგლისურენოვანი აუდიტორიაც. ამის ნათელი დადასტურებაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე შექმნილი "პირველი კავკასიური",   რომელიც რუსულ ენაზე მაუწყებლობს და  ჯერჯერობით ინტერნეტითა და საკაბელო ქსელით ვრცელდება.

რუსულენოვანი არხი 15 იანვრიდან 28 იანვრამდე თანამგზავრზეც მაუწყებლობდა ფრანგულ კომპანია Eutelsat-თან წინასწარ დადებული შეთანხმების საფუძველზე, თუმცა 28 იანვარს  თანამგზავრული მაუწყებლობა გაითიშა. "პირველი კავკასიურის" გენერალური პროდიუსერის ზურაბ დვალის ვარაუდით,  ფრანგული თანამგზავრიდან მაუწყებლობის გათიშვა შესაძლოა  რუსეთის ზეწოლის შედეგად მომხდარიყო.

"პირველ კავკასიურს" საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის და პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევენ როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში.

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არკადი ედელევმა 14 იანვარს არხს ქართული პროპაგანდისტული მანქანა და ექსტრემისტული იდეოლოგიის გამტარებელი უწოდა. მან გამოთქვა ეჭვი, რომ ტელევიზიას ამერიკული მხარე აფინანსებს.

ზურაბ დვალის ინფორმაციით, ტელევიზიის საიტზე, მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ყოველდღიურად დაახლოებით 40-45 ათასი მომხმარებელი შედის.

"ჩვენ არ ვემსახურებით კონტრპროპაგანდას, ანტირუსულ კამპანიას, რაშიც გვდებენ ბრალს. ჩვენ ვართ ქართული არხი, ოღონდ რუსულენოვანი და გვინდა აუდიტორიას მივაწოდოთ ჩვენი ხედვა, პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში და მის გარშემო. როდესაც ჩნდება ალტერნატიული საინფორმაციო წყარო, ეს აღიზიანებს რუსეთს. მას ურჩევნია სრული მონოპოლისტი იყოს და ყველას თავისი ხედვა მიაწოდოს". - ამბობს ზურაბ დვალი Media.Ge-სთან საუბარში და ტელევიზიის სამიზნე აუდიტორიად იმ რუსულენოვან მაყურებელს მიიჩნევს, ვისაც საქართველოსა და მის გარშემო მომხდარი ახალი ამბები აინტერესებს. ასეთები კი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები და ჩრდილოეთი და სამხრეთი კავკასიის მოსახლეობაა, რომლამდეც, ზურაბ დვალის თქმით, რეალური ინფორმაცია ვერ აღწევს.

კავკასიელი მაყურებლისთვის ახალი ამბები დღეში 4-ჯერ გადის და მის მომზადებაზე დაახლოებით 30 ადამიანი მუშაობს. საინფორმაციო პროგრამაში როგორც საქართველოს, ასევე კავკასიის ქვეყნებისა და მსოფლიოს სიახლეები გადის.

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ეკატერინე კოტრიკაძის განცხადებით, პრიორიტეტი ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებია.

"ეს თემა თითქმის დახურულია და ნაკლებად შუქდება, ინტერნეტში თუ წააწყდები რამეს. გვინდა, რომ ჩვენი ტელევიზია იყოს ობიექტური და სიმართლე თქვას იმაზე, რაც იქ ხდება", ამბობს ეკატერინე კოტრიკაძე.

"პირველ კავკასიურს" რეგიონში უკვე ჰყავს ჟურნალისტები, რომლებთანაც თანამშრომლობს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით მათ ვინაობას არ ამხელენ.

ახალი ამბების გარდა "პირველ კავკასიურს" ჯერჯერობით 7 გადაცემა აქვს. ზაფხულამდე სატელევიზიო ბადეს კიდევ 10-მდე გადაცემა უნდა დაემატოს. არხის მთავარი მიზანი საქართველოსა და მთლიანად კავკასიის პრობლემებზე, ქვეყნის ისტორიასა და, პერსპექტივებზე საუბარია.

"ჩვენი სიმართლე, პოზიცია, სხვადასხვა პროცესების ხედვა სათანადოდ ვერ გავიტანეთ ქვეყნის გარეთ. საელჩოები კი მუშაობენ ამ მიმართულებით, რაღაც ღონისძიებებს ატარებენ, მაგრამ რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, რუსულენოვან სამყაროში, ძირითადად მთელი ინფორმაცია საქართველოზე რუსული არხების მეშვეობით ვრცელდება",  - ამბობს ზურაბ დვალი, რომლის განმარტებითაც, ინფორმაციული ვაკუუმი "პირველმა კავკასიურმა" უნდა შეავსოს: არხის ხელმძღვანელობა მაყურებელს ობიექტურ, მიუკერძოებელ და ხარისხიან პროდუქციას პირდება.

არასტაბილურ, მაგრამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან კავკასიას,   საერთაშორისო მედია ყურადღებას  ყოველთვის უთმობდა და ეს ყურადღება კონფლიქტების გამძფრების პარალელურად იზრდებოდა, მაგრამ საერთაშორისო მედია მოვლენებს საერთაშორისო  აუდიტორიისთვის აშუქებს, იმ დროს, როცა საქართველოსგან ჩამოშორებული ტერიტორიების მოსახლოება ცალმხრივი ან მრავალმხრივი  პროპაგანდის ტყვეობაში რჩება, თუმცა ამ სიტუაციის გამოსწორებას "რადიო "თავისუფლება" ცდილობს.

რადიოსადგურის ქართულმა სამსახურმა გასული წლის ნოემბრის დასაწყისში რუსულენოვანი "ეხო კავკაზა" აამუშავა. ახალი ამბები საქართველოსა და კავკასიის რეგიონის შესახებ საიტზეც (www.ekhokavkaza.com) იტვირთება. რადიო "თავისუფლების" ქართული სამსახურის დირექტორის, დავით კაკაბაძის განცხადებით, ვებ-გვერდს დღეში დაახლოებით 600-დან 1000-მდე მომხმარებელი სტუმრობს. "ეხო კავკაზას" დანარჩენ საქართველოსთან ერთად აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის მოსახლეობა უსმენს.

"არანაირი პროპაგანდა! ესაა საინფორმაციო მაუწყებლობა. ჩვენი ამოცანა არაა ვინმეს რამეში დარწმუნება! ვაწვდით ინფორმაციას ოპერატიულად, მიუკერძოებლად და ობიექტურად", - ამბობს დავით კაკაბაძე.

ყველაზე რთული აფხაზი და ოსი კოლეგების თანამშრომლობაზე დაყოლიება აღმოჩნდა. იყო საშიშროება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემებს შეუქმნიდა. ფიქრობდნენ, რომ რადიო საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. შესაბამისად, ჟურნალისტების უმეტესობას არ უნდოდა საკუთარი პრინციპების საწინააღმდეგო პროცესებში მონაწილეობა. თუმცა საბოლოოდ რამდენიმე მათგანი რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს თანამშრომლობაზე დათანხმდა. "ეხო კავკაზას" მთავარი პრინციპი საერთაშორისო ნორმების დაცვაა, მაგრამ ჟურნალისტები აფხაზეთიდან და ოსეთიდან რეპორტაჟებში ხშირად მათთვის დამახასიათებელ ტერმინოლოგიას იყენებენ. ამ შემთხვევაში რადიოს ხელმძღვანელობა დათმობაზე მიდის, რადგან მათთვის მთავარი ამ რეგიონებიდან ინფორმაციის გადაცემაა და არა ის, თუ როგორ მოიხსენიებენ სამხრეთ ოსეთს, ან აფხაზეთს იქაური ჟურნალისტები.

კავკასიით დაინტერესებას დავით კაკაბაძე რეგიონის მნიშვნელობის ზრდით ხსნის, რაც რეგიონმა სატრანზიტო და სამარშუტო თვალსაზრისით შეიძინა.

"გამოჩნდა, თუ როგორი მნიშვნელოვანია, როცა რუსეთზე დამოკიდებული არ ხარ. არანაკლებ აუცილებელია სტაბილურობა ჩრდილოეთ კავკასიაში - ინგუშეთში, დაღესტანში. ეს სტაბილურობა მნიშვნელოვანია რუსეთისთვისაც. ინფორმაცია და ინფორმირებულობა კი სტაბილურობის ძირითადი ელემენტია." - ამბობს დავით კაკაბაძე. სწორედ ამის გამო კავკასიით სულ უფრო მეტი მედიასაშუალება ინტერესდება და ცდილობს მოსახელობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test