შემოგვიერთდი

02.02.2010 18:29

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

რატომ იცვლიან ჟურნალისტები პროფესიას? რატომ გადადიან ისინი სახელმწიფო სამსახურებში და რატომ ბრუნდებიან ისევ უკან?! რა ტენდენციებზე საუბრობენ მედიაექსპერტები, რაში ხედავენ ისინი მიზეზებს და გამოსავალს? ამ საკითხებზე Media.Ge ყველა იმ ადამიანს ესაუბრა, ვისაც ამ პროლემასთან პირდაპირი, თუ ირიბი შეხება ჰქონია.

გაზეთ "გურია ნიუსის" ყოფილი ჟურნალისტი ნინო მშვიდობაძე აქტიურ ჟურნალისტიკაში 12 წელი მოღვაწეობდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ მან არჩეული პროფესია შეიცვალა და მუშაობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრესცენტრში დაიწყო. ყოფილი ჟურნალისტი აწ უკვე ყოფილ კოლეგებს ობიექტურობას უწუნებს და თავისი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ფინანსურ პრობლემასაც ასახელებს.

"აღმოვაჩინე, რომ ვარ სრულიად მარტო, რომ სიმართლე არავის უნდა .მივხვდი რომ სამწუხაროდ, ჩემი ბევრი კოლეგა  შეკრულია ოპოზიციასთან, ხელისუფლებასთან, არასამთავრობოებთან, და ა.შ.  ოფიციალურად იღებენ ბიუჯეტიდან ხელფასებს, მაგრამ თავს მაინც დამოუკიდებელ ჟურნალისტებად თვლიან. ამას ყოველივეს დაემატა ფინანსური პრობლემები."-გვითხრა ნინო მშვიდობაძემ.

მისგან განსხვავებით, "გურია ნიუსის"  დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ია მამალაძე ჟურნალისტების ამგვარ გადაწყვეტილებას, სამი  მიზეზით ხსნის.

"პირველ რიგში ამის მიზეზად  მაინც არაპროფესიონალიზმს მივიჩნევ. მეორე, მედიასაშუალებებში არსებულ დაბალ ანაზღაურებასა და მესამე-სიმშვიდისა და ნავსაყუდელის პოვნის სურვილს"_აცხადებს მამალაძე.

ქალბატონი ია ნინო მშვიდობაძის შემთხვევაში პირველ ორ მიზეზს გამორიცხავს და მიიჩნევს რომ მან "ბრძოლა საზოგადოების გაჯანსაღებისათვის" შეწყვიტა.

მედიაექსპერტი, ია ანთაძე კი, ჟურნალისტების ხელისუფლებაში გადასვლას "ვარდების რევოლუციის ტენდენციად მიიჩნევს". მისი თქმით ახალმა ხელისუფლებამ ჟურნალისტთა ერთი ნაწილი თავის პრეს-ცენტრებშჳ წაიყვანა. ანთაძე სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტსაც, რომ უკვე  სახელმწიფო დაწესებულებაში გადასული ჟურნალისტები, ინფორმაციის დაბლოკვის მთავარი შემოქმედები ხდებიან.

"რეგიონულ მედიაში, დიდი გაჭირვებაა. მე არ მგონია, რომ რამე იდეოლოგიური, ან მსოფმხედველობითი მიზეზები ჰქონდეთ, როცა ჟურნალისტები გადადიან პრესცენტრებში, ძირითადად ეს არის ეკონომიკური ფაქტორი, რომლის წინაშეც ისინი  უძლურები არიან" ამბობს, ია ანთაძე.

გაზეთ "სპექტრის" რედაქტორი მაია ყალაბეგაშვილი, სწორედ ის ჟურნალისტია, რომელიც ჯერ ჟურნალისტიკიდან სახელმწიფო სამსახურში, კერძოდ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გადავიდა, შემდეგ კი, ისევ უკან დაბრუნდა. ყალიბეგაშვილის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება განაპირობა სურვილმა, გაეგო რატომ  ვერ მუშაობდნენ პრეს-სამსახურები და რატომ იბლოკებოდა ინფორმაცია მოქმედი ჟურნალისტებისათვის, თუმცა ის შემდეგი რეალობის წინაშე დადგა.

"ჩვეულებრივ გრძელდებოდა ფავორიტად შერაცხულ ჟურნალისტებთან ურთიერთობა, ჩემ გარეშე  მათი საღამოობით დაბარება  და ექსკლუზივების გაცემა"_ამბობს ყალიბეგაშვილი.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკიდან ჟურნალისტიკაში დაბრუნების  შემთხვევაში, მონატრებულ თავისუფლებასთან ერთად ხელისუფლებიდან ჟურნალისტებს, გარკვეული ვალდებულებებიც მოჰყვებათ.

"ძალიან ადვილია მედიიდან საჯარო სამსახურში წასვლა, ხოლო იქედან  წამოსვლა  არის ზოგადად ძალიან რთული.  სახელმწიფო სამსახური თავის მოსამსახურეებს ასე ადვილად არ უშვებს. როდესაც შენ აკეთებ არჩევანს საჯარო სამსახურის სასარგებლოდ, ავტომატურად გადიხარ ჟურნალისტიკიდან და მერე იქ ვეღარ ბრუნდები.,~-დასძენს ქორიძე.

ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორი  და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამთვალყურეო საბჭოს წევრი შორენა შავერდაშვილი ამ პრობლემის ძირითად ორ მიზეზს გამოჰყოფს:

"პირველი გახლავთ ის, რომ სულ უფრო და უფრო მცირდება დამოუკიდებლობის ხარისხი და სარედაქციო დამოუკიდებლობის პრაქტიკა ნაციონალურ მაუწყებლებში. ტელევიზიებში ეს  განსაკუთრებით თვალშისაცემია. მეორე მიზეზი, არის ის, რომ ბეჭდური მედია ხელფასების თვალსაზრისით ვერ უწევს კონკურენციას, ვერც ტელევიზიებს და ვერც პრეს-ცენტრებს,"-ამბობს შავერდაშვილი.

გაცილებით რადიკალური პოზიცია აქვთ  რეგიონულ მედიასაშუალებებში მომუშავე მოქმედ ჟურნალისტებს

გაზეთ "ბათუმელების" კორესპონდენტი ნათია როყვა თავისი რედაქტორის, ეთერ თურაძის სიტყვებს იშველიებს  და აცხადებს რომ "პროფესიონალი ჟურნალისტები არასდროს  მიდიან ჟურნალისტიკიდან"

ხელისუფლებაში წასული კოლეგების შეფასებისას,  უფრო კატეგორიულია, გაზეთ "ჩემი ხარაგაულის" ჟურნალისტი, ნინო კაპანაძე, მისი მტკიცებით ის ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება ყოფილ კოლეგებს თუ მათ კონფლიქტი ჰქონდათ გამომცემლებთან,ვერ გაუძლეს ხელისუფლების ზეწოლას ან ფინანსური ინტერესი ამოძრავებდათ.

აღიქვამს ტელეკომპანია "კავკასიის" საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი, ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს რომ ამგვარი ფაქტებიცხადყოფს ჟურნალიტთა ინტეგრაციას ხელისუფლებასთან.

"ეს ერთგვარი ტენდენციაა და იმის მანიშნებელია, რომ ჟურნალისტები, იმდენად ინტეგრირებულები არიან ხელისუფლებასთან და სახელისუფლებო წრეებთან, რომ ისინი, როგორც გუნდის წევრები, სადაც უნდათ იქ გადაჰყავთ, მერე გადმოყავთ,"-ამბობს ჯანგირაშვილი.

აშკარაა, რომ  ქართულ ჟურნალისტიკაში ჟურნალისტების გაჩინოვნიკება-გაპოლიტიკოსების პრობლემა, სერიოზულად დგას. ფაქტია ისიც, რომ ჟურნალისტის პროფესია, ერთგვარ თანამდებობრივ ტრამპლინად და უკეთესი მომავლის გარანტად მიიჩნევა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test