შემოგვიერთდი

25.02.2010 13:35

ჟურნალისტებმა ქართული მედიის პრობლემებსა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის საკითხებზე იმსჯელეს

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

ქართული მედიისადმი საზოგადოების ნდობის საკითხებს მიეძღვნა მრგვალი მაგიდა "ნდობა-უნდობლობა ქართული მედიის მიმართ, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  "საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება" ფარგლებში 24 თებერვალს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა".

მრგვალი მაგიდის მიზანი იყო  რეკომენდაციების შემუშავება  როგორც მედია საშუალებებისათვის, ასევე შესაბამისი უწყებებისათვის, რათა გაიზარდოს მოსახლეობის ნდობის ხარისხი  ქართული მედიის მიმართ.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა, მედიაექსპერტებმა მედიის მკვლევრებმა და მედია პროექტების განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციებმა. განსახილველად წარმოდგენილი იყო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები,  რომელშიც ასახულია ქართულ მედიაში არსებული მდგომარეობა და   საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება  ქართული მედიის მიმართ.

შეხვედრას ესწრებოდა  საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი  პერ ეკლუნდი, რომელმაც განაცხადა, რომ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებულმა  კვლევამ გამოავლინა ქართული მედიის ძლიერი და სუსტი მხარეები.

მისი თქმით, ქართული მედიის ძლიერი მხარე არის ის, რომ მოსახლოება დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით, ამასთან ტელევიზია გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე.

მაგრამ, განაგრძო ელჩმა, ქართული ტელემედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კონტრასტულია.

"ნაციონალურ არხები ახალ ამბებს  პოზიტიურად აშუქებენ,  თბილისში მაუწყებელი სხვა კერძო ტელეკომპანიები კი ნეგატიურად ან ნეიტრალურად" აღნიშნა ეკლუნდმა და ამ გარემოებას ქართული მედიის სუსტი მხარე უწოდა.

ამასთან, პერ ეკლუნდი მიესალმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ინიციატივას, "მოამბის" (საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა) ეთნიკურ უმცირესობათა ენაზე მაუწყებლობის შესახებ.

"ვიმედოვნებ,  ეს წამოწყება დადებით შედეგს გამოიღებს და ხელს შეუწყობს უმცირესობათა ინტეგრაციას საზოგადოებაში", განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

ამავე დროს, პერ ეკლუნდმა გაიხსენა ქართველი ჟურნალისტების მიერ  ევროკავშირის მხარდაჭერით მიღებული ეთიკის ქარტია.

ამ მნიშვნელოვანმა ნაბიჯმა "სათანადო შედეგები უნდა მოიტანოს" მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის თვალსაზრისით, აღნიშნა ეკლუნდმა.

ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ჟურნალისტმა  ზვიად ქორიძემ  განაცხადა, რომ პოსტმოდერნულ საზოგადოებაში კითხვა: "ენდობი თუ არა ინფორმაციას?" არ უნდა არსებობდეს. მისი თქმით,  დღეს ქართული მედია  გაჟღენთილია სტერეოტიპებით.

"ქართულმა ჟურნალისტიკამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა თქვას, რომ   ინფორმაცია არ ეკუთვნის არც მთავრობას, არც ოპოზიციასა და არც თავად ჟურნალიტს. ინფორმაციაზე საკუთრების უფლება აქვს  მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეს." დასძინა ქორიძემ.

პოპულარულ ჟურნალ "ლიბერალის" მთავარმა რედაქტორმა, შორენა შავერდაშვილმა, სხვა საკითხებთან ერთად,  ყურადღება გაამახვილა  ბეჭდური მედიის ფინანსური შემოსავლების სიმცირეზე და საილუსტრაციოდ თავისი ჟურნალის მაგალითი მოიყვანა.

"ბიზნეს სექტორი უარს ამბობს ბეჭდურ მედიაში რეკლამის განთავსებაზე", განაცხადა შავერდაშვილმა", "მაგალითად, მსხვილ ბანკებს ჩვენთან რეკლამის  სრულიად უფასოდ განთავსება შევთავაზეთ,  მაგრამ  უარი გვითხრეს."

შავერდაშვილის თქმით, ქართული დამოუკიდებელი მედია საერთასორისო დახმარებას საჭიროებს.

შავერდაშვილმა ასევე ისაუბრა  საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების დაბალ რეიტინგზე.

"არც ერთ გადაცემას რეიტინგი არა აქვს. მაჩვენებელი 0,42-0,63% მერყეობს. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს პულსი არ ესინჯება", განაცხადა შავერდაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა  ლიკა ჩახუნაშვილმა, სთხოვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, აქტიურად ითანამშრომლონ საბჭოს წევრებთან, რათა  "პირველმა არხმა" "სრულად შეასრულოს თავისი ფუნქცია საზოგადოების წინაშე".

შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს კერძო ნაციონალური არხების მფლობელობის საკითხზე. მათი აზრით, ეს თემა საზოგადოებისთვის დაფარულია.

შეხვედრაზე დასახელდა ქართული მედიის წინაშე არსებული სხვა პრობლემებიც, ერთ-ერთი იყო საჯარო ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა, ასევე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაწესებული 15-ლარიანი გადასახადი.

სტუდია "მონიტორის" ხელმძღვანელმა ნინო ზურიაშვილმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებასი ხელს უშლის   100- ლარიანი  ბაჟიც, რომელსაც ჟურნალისტი იხდის საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო სასამართლოში ჩივილის დროს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test