შემოგვიერთდი

09.03.2010 16:59

საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ში ლობირებისთვის ორი პიარ-კომპანია დაიქირავა

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის დასაწყისში შეერთებულ შტატებში ლობირებითვის ორი პიარ-კომპანია დაიქირავა, რომლის მომსახურება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ჯამურად, 800 ათას აშშ დოლარს უტოლდება. ორივე კომპანიის მომსახურება აშშ-ს კონგრესში საქართველოს ხელისუფლების ლობირებას ითვალისწინებს.

ანალოგიურად,  გასულ წელს ხელისუფლებამ ამგვარ მომსახურებაში შეერთებულ შტატებში ასევე  800 ათასამდე აშშ დოლარი დახარჯა, თუმცა რამდენი დაიხარჯა ევროპაში ლობირება - უცნობია.

ბოლო კონტრაქტი, რომელიც მიმდინარე წლის 12 იანვრით თარიღდება და   თებერვალში გამოქვეყნდა, ხელს აწერს უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი,  300 ათას დოლარადაა შეფასებული ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტურ ფირმასთან - Podesta Group -ისგან ექვსთვიან მომსახურებას ითვალისწინებს.

კონტრაქტის მიხედვით, ლობისტური ფირმა ვალდებულია, საქართველოს ხელისუფლებას ლობირება გაუწიოს  აშშ-ის კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე უზრუნველყოს მედიასთან დაკავშირებული სერვისები.

ფირმის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ის ასევე ორგანიზებას გაუწევს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებს აშშ-ის კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან.

Podesta Group -ი 1988 წელს ტონი პოდესტამ,  ძმასთან,  ჯონ პოდესტასთან ერთად,  დააფუძნა. დღეს ტონი პოდესტა ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტად ითვლება, ხოლო მისი ძმა - ჯონ პოდესტა, ობამას გარდამავალი ადმინისტრაციის (პრეზიდენტად არჩევიდან ინაუგურაციამდე) თანათავმჯდომარე იყო.

მიმდინარე წლის 12 იანვარს, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ში ლობირებისთვის კიდევ ერთი პიარ-კომპანია Gephardt Group Government Affairs დაიქირავა, რომელის წლიური მომსახურება დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი ღირს.

ხელშეკრულება, რომელიც მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს გამოქვეყნდა, საქართველოს ხელისუფლებამ ყოფილი დემოკრატი კონგრესმენის,  რიჩარდ გეფჰართის,  კუთვნილ კომპანიასთან  Gephardt Group Government Affairs - თან დადო, ის ერთწლიანია და წინას მსგავსად,  საქართველოს ვაშინგტონში ხელისუფლების ლობირებას ითვალისწინებს.

კომპანიის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, რომელსაც ქართული მხრიდან ხელს აწერს უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი, აღნიშნული კონტრაქტის ღირებულება 436 800 აშშ დოლარია.

კომპანია  ვალდებულებას იღებს, გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ლობისტური და მთავრობასთან ურთიერთობის მომსახურეობა აშშ-ის კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

აღნიშნული სახის კონტრაქტები საქართველოს ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებში შარშანაც გააფორმა და ვაშინგტონის ლობისტურ ფირმებთან 770 - ათასდოლარიანი კონტრაქტები დადო. როგორც აშშ-ს კონგრესის გამოცემა The Hill იუწყებოდა PR-საკონსულტაციო და ლობისტური ფირმების დაიქირავება, ვაშინგტონში, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, საქართველოსადმი  მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა.

The Hill, რომელიც ძირითადად ამერიკის კონგრესის თემატიკას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს, იუწყებოდა, რომ მარტში საქართველოს მთავრობამ შარშან 300 ათასი აშშ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა ლობისტურ ფირმა Public Strategies -სთან. კონტრაქტის ხანგრძლივობა ექვსი თვე იყო და ამ ფირმაში მუშაობდა რამდენიმე გავლენიანი პირი დემკრატიული პარტიიდან, მათ შორის ჯეფ ელერი, რომელიც პრეზიდენტ კლინტონის დროს თეთრი სახლის მედია კამპანიას კურირებდა და რობერტ ლუდკე, რომელიც წარსულში დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური კომიტეტის საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხების ანალიტიკოსი იყო.

გარდა ამისა, საქართველომ  2009 წელს 11 თვის ვადით დაიქირავა ორი კონსულტანტი - დენიელ კუნინი, რომელიც წლების განმავლობაში სააკაშვილის მრჩეველი იყო და გრეგორი მანიატისი. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 470 ათასი აშშ დოლარია და ეს თანხა კუნინსა და მანიატისს უნდა გაეყოთ.

"კონტრაქტის მიხედვით ჩვენ უნდა მივაწოდოთ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ურთიერთობებზე, კერძოდ კი აშშ-სთან მიმართებაში სტრატეგიასა და კომუნიკაციებთან დაკავშირებული რჩევები," - განაცხადა მანიატისმა შარშან გაზეთისადმი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში.

აღნიშნული ახალი საკონსულტაციო კონტრაქტები დაემატა უკვე არსებულ ლობისტურ ფირმას Glover Park Group-s , რომელიც საქართველოს მთავრობამ 2008 წლის აგვისტოში დაიქირავა.

2008 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისადმი წარდგენილ დოკუმენტაციაში Glover Park Group -ი მიუთითებს, რომ მან საქართველოს მთავრობისგან გაწეული მომსახურეობისათვის 320 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

იმავე დოკუმენტაციის მიხედვით, დაქირავების შემდეგ Glover Park Group -მა 50-ზე მეტი კავშირი დაამყარა კონგრესმენებისა და სენატორების ოფისებთან, რათა საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისთვის ორგანიზება გაეწიათ, ან განეხილათ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები.

ფირმას, საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით, კონტაქტები ჰქონდა სენატის უმრავლესობის ლიდერ ჰარი რიდის თანაშემწეებთან და ასევე რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ სარა პეილინთან. Glover Park Group -ის კიდევ ერთ  მიზანი ასევე იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მედიაში წარმოჩენა.

აღნიშნული ფირმების გარდა, საქართველოზე ასევე მუშაობდა Orion Strategies, რომელმაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, 2008 წელს საქართველოს მთავრობისგან 150 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

The Washington Post -ი 2008 წლის აგვისტოში იტყობინებოდა, Orion Strategies -მა 2004 წლიდან მოყოლებული საქართველოსგან, მთლიანობაში, 800 ათასი აშშ დოლარი მიიღო. თუმცა, 2009 წელს ამ ფირმასთან საქართველოს კონტრაქტი აღარ გაუგრძელებია. აღსანიშნავია, რომ Orion Strategies არის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ჯონ მაკკეინის  საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლის რენდი შეუნმანის მიერ დაფუძნებული.

აშშ-ის გარდა, საქართველოს მთავრობას ევროპაშიც ყავდა დაქირავებული PR-საკონსულტაციო ფირმა - ბრიუსელში განთავსებული Aspect Consulting -ი, რის შესახებაც ამ კომპანიის წარმომადგენლებმა თავად გააკეთეს განცხადებები, თუმცა რის  ფასად - ცნობია.

საგულისხმოა ისიც, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა კატეგორიულად უარყო ამერიკელ ლობისტებზე მილიონების ხარჯვა. 2008 წლის სექტემბერში სააკაშვილმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მის ადმინისტრაციას "ლობირების კუთხით რაიმე ურთიერთობები" აქვს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯონ მაკკეინის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში რენდი შეუნმანთან.

მას ეს კითხვა BBC-ის გადაცემა HARDtalk -ში მაშინ დაუსვეს, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი იმ უზარმაზარ მხარდაჭერაზე საუბრობდა, რომელიც საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს.

"ჩვენ უზარმაზარ მხარდაჭერას ვიღებთ აშშ-ს ადმინისტრაციისგან," - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ პრეზიდენტ ბუშისა და მისი ადმინისტრაციიდან მოდის, არამედ აშშ-ს ორივე საპრეზიდენტო კანდიდატისგან.

ამის თქმისას გადაცემის წამყვანმა სტეფან საკურმა გააწყვეტინა სააკაშვილს და ჰკითხა: "არავინ ერთი წამითაც არ უარყოფს იმას, რომ თქვენ ფანტასტიური PR-ი გაქვთ და ბევრი მხარდამჭერი გყავთ ვაშინგტონში; ზოგი ამბობს, ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ თქვენ მილიონობით დოლარს ხარჯავთ ლობისტურ წრეებში და PR-ზე ვაშინგტონში, მათ შორის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბატონი მაკკეინის მრჩეველიც არის [რენდი შეუნმანი]; მისმა ორგანიზაციამ [Orion Strategies] უამრავი ფული მიიღო თქვენი მთავრობისგან; ამრიგად, თქვენ ნამდვილად გყავთ PR-მეგობრები, მაგრამ როდესაც საქმე ძალიან კონკრეტულ და პრაქტიკულ დახმარებას

ეხება, რა გაგიკეთეს ამერიკელებმა იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ რუსებს, რაც უნდათ ის აკეთონ თქვენს ტერიტორიაზე?"

"ახლა ისე ლაპარაკობთ, როგორც ბატონი პუტინი," - უპასუხა მაშინ სააკაშვილმა გადაცემის წამყვანს ღიმილით. "რა მილიონობით დოლარი? რა ლობისტები? ... ჩვენ არ გვაქვს მილიონები, რომ რამეში დავხარჯოთ, განსაკუთრებით ლობირებაში".

The Washington Post კი 2008 წლის 31 აგვისტოს წერდა, რომ 2004 წლიდან Orion Strategies -მა საქართველოს ხელისუფლებისგან 800 000 აშშ დოლარი მიიღო.

საყურადღებოა ისიც, რომ კონტრარგუმენტის სახით საქართველოს  საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გელა  ბეჟუაშვილმა გასულ წელს განაცხადა, რომ  რუსეთი აქტიურად იყენებდა საერთაშორისო ლობისტურ ჯგუფებს, PR-კომპანიებს და უცხოურ მედიას საქართველოს დისკრედიტაციაზე და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. მისი თქმით, რუსეთმა მხოლოდ 2008 წელს საქართველოსთან PR-ომში 20 მლნ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა.

მან ასევე დაასახელა ის კომპანიები, რომლებსაც, მისი თქმით, კრემლი პირდაპირ თუ "გაზპრომის" მეშვეობით უკვეთავდა 2006 წლიდან საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას. ამ კომპანიებს შორის მან დაასახელა: Ketchum Ltd; Gavin Andreson; GPlus; Alston&Bird, LLP.

რამდენს  ხარჯავს მთავრობა ყოველწლიურად დასავლეთში ლობირებისთვის -  უცნობია. ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ არანაირი ინფორმაცია არც ევროპაში და არც შეერთებულ შტატებში ხელისუფლების მიერ მსგავსი ხარჯების გაწევის შესახებ არ აქვთ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით ეს საკითხი  მის კომპეტენციაში არ შედის. პრემიერის პრესამსახურის უფროსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ამბობს, რომ მასაც არ აქვს ინფორმაცია ამ თანხების შესახებ და ვერ ადასტურებს არის თუ არა გამოყოფილი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. ხოლო მთავრობის ოფიციალურ საიტზე კი სარეზერვო ფონდში ამ ხარჯებზე არაფერია ნათქვამი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test