შემოგვიერთდი

21.09.2010 15:15

სტუდია „მონიტორი" - საზოგადოებისთვის უცნობ ფაქტებზე

David Mchedlidze
ახლო ხედით

სტუდია "მონიტორი",  დღეს, ლამის ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც  საგამოძიებო ფილმების კეთებას აგრძელებს. ყოველი ახალი ფილმი საზოგადოებაში რეზონანსს იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ ფილმების დემონსტრირება  მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ ხერხდება.

2004 წელს ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის ახალი მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა, რომელმაც  ერთადერთი საგამოიძიებო გადაცემა "60 წუთი" დახურა. ჟურნალისტები სამსახურის გარეშე დარჩნენ, მაგრამ მალევე იპოვეს გამოსავალი - "რუსთავი 2"- დან საკუთარი არქივი წამოიღეს,  ბინა იქირავეს და საგამოძიებო სტუდია დაარსეს. თავიდან, გაუჭირდათ დაფინანსების მოპოვება,  თუმცა ცდას წარმატება მოჰყვა - 2006 წელს საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ მათთვის ფინანსები გამოყო.

პირველი გამოძიება სტუდია "მონიტორის" გამგეობის თავმჯდომარე ნინო ზურიაშვილმა ჩაატარა. ფილმს "რეიდი მესტიაში" ერქვა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდის) მაშინდელ უფროსს ერეკლე კოდუას ეხებოდა.

"თავიდან გაშუქების პრობლემა გვქონდა, ფილმებს ტელევიზიით არავინ უშვებდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი გამოძიება საზოგადოებისთვის "კინოს სახლში" გვეჩვენებინა, თუმცა მის  სანახავად მხოლოდ 20 ადამინი მოვიდა" , - იხსენებს ნინო ზურიაშვილი.

დღეს, სტუდიის მიერ  მომზადებული საგამოძიებო ფილმები  ორი ტელეკომპანიის "მაესტროსა" და "კავკასიის" ეთერში გადის, ფილმები გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციაციის (IJA)  ვებ გვერდზეც დევს, ბეჭდური ვერსია კი ჟურნალ "ლიბერალსა" და რეგიონული პრესის ფურცლებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ. გარდა ამისა, ერთი თვეა, რაც ამუშავდა სტუდია "მონიტორის" ვებ-გვერდი  www.monitori.ge, სადაც განთავსებულია გამოძიების  ვიდეო და ბეჭდური ვერსიები.  თანამშრომელთა  რაოდენობაც გაიზარდა -   სტუდიაში უკვე რვა ჟურნალისტი მუშაობს.

სტუდია "მონიტორის" ფილმებს გარკვეული შედეგიც ჰქონდა - ნანა ბიგანიშვილის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ კახეთში პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერეს, მაგდა მემანიშვილის ფილმის გმირებს უკანონოდ წართმეული ქონება დაუბრუნეს

"ჩვენს გამოძიებებს იმხელა გამოხმაურება არ ჰქონია, რაც,  წესით,  ასეთ ფილმებს მოჰყვება ხოლმე, ეს, ალბათ,  იმის ბრალია, რომ ნაციონალურ არხებზე ვერ გავდივართ, შესაბამისად,  ჩვენს პროდუქტს რეგიონები ნაკლებად იცნობენ", - აღნიშნავს ნინო ზურიაშვილი.

ბოლოს ყველაზე დიდი რეზონანსი გიორგი გელაძის ფილმს "რეკეტი თბილისის ქუჩებში" მოჰყვა. გამოძიება ე.წ. "სტაიანშიკების" გამომძალველებს ეხება. როგორც გამოძიების ავტორები ამბობენ, ფილმის გასვლის შემდეგ ამ საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

"მთავარი ის კი არ არის, რომ ჩვენს გამოძიებას მთავრობის მყისიერი რეაქცია მოჰყვეს, ეს მათ პროგრესულობაზეა დამოკიდებული. თუ რამეს გამოასწორებენ, რეიტინგს ჩვენ კი არა, ისინი აიმაღლებენ. ჩვენი უპირველესი მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობაა იმ ძვირადღირებული, ძნელადმოსაპოვებელი ინფორმაციით, რომელიც თვითეულ მოქალაქეს  ძალიან სჭირდება იმისათვის, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ქვეყანა განვითარდეს",  - ამობოს ნინო ზურიაშვილი .

გამომძიებელ ჟურნალისტებს მუშაობის პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას ექმნებათ. დაბრკოლებებს უქმნით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით დაწესებული მოსაკრებელიც.

"უცნაურია, მაგრამ  სასამართლო პროცესებზე,  მომჩივანი ყოველთვის ჩვენ ვიყავით, რადგან რამდენიმე სახელმწიფო უწყებაში საჯარო ინფორმაციას კანონით დადგენილ ათი დღის ვადაში არ გვაძლევენ და პასუხს თვეობით ველოდებით. დიდ პრობლემებს გვიქმნის ისიც,  რომ ზოგიერთ უწყებაში საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საკმაოდ მაღალი ფასია დაწესებული.  მაგალითად, სამეწარმეო რეეესტრში ერთ შპს-ზე ინფორმაცია 10 და 15 ლარი ღირს. ერთი გამოძიების დროს შეიძლება 100- დან 500 ლარამდე ღირებულების ინფორმაცია დაგვჭირდეს, რაც საკმაოდ ძვირია", -  ამბობს სტუდია მონიტორის ჟურნალისტი გიორგი გელაძე.

სტუდიას ამჟამად სამი დონორი ჰყავს -  ევროკომისია, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი  და ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test