შემოგვიერთდი

10.10.2010 20:23

გაზეთი „რეზონანსი" - 20 წელი სტელაჟებზე

David Mchedlidze
ახლო ხედით

გაზეთი "რეზონანსი" უკვე ოცი წელია ქართულ მედიაბაზარზეა და საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას აწვდის. გაზეთი მალხაზ რამიშვილმა, ზურაბ მაჭარაძემ და ალექსანდრე რუსეცკიმ  დააფუძნეს. პირველი ნომერი 1990 წელს გამოვიდა. გაზეთი ყოველკვირეული იყო და რუსულ ენაზე გამოიცემოდა. ორი წლის შემდეგ "რეზონანსი" ქართულენოვანი გახდა და პერიოდულობაც შეიცვალა -  კვირაში სამჯერ იბეჭდებოდა.

"განსხვავებით ახლანდელი "რეზონანსისგან," რომელიც უფრო ფაქტობრივ მასალაზეა ორიენტირებული, მაშინ ძირითადად მოსაზრებები იბეჭდებოდა. ეს იყო, პრინციპში, ყველაზე პოპულარული ქართული გაზეთი, რადგან იმ დროისთვის კონკურენტი არ ჰყავდა, ელექტროენერგიის არქონის გამო ხალხი ტელევიზიას ვერ უყურებდა და ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ გაზეთი რჩებოდა," - ამბობს "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე, რომელიც ამ გაზეთში 1994 წლიდან მუშაობს.

გაზეთის კონცეფცია საბოლოოდ 1995 წელს შეიცვალა, მას შემდეგ, რაც მთავარი რედაქტორის პოსტი ლაშა ტუღუშმა დაიკავა. "რეზონანსი" ყოველდღიური გახდა, შეიცვალა დიზაინი და იმატა ანალიტიკურმა სტატიებმა. ამავე პერიოდში გაზეთში დაიბეჭდა ჟურნალისტური გამოძიება "წითელი კონტრრევოლუცია", სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ დათმო პოზიციები კომუნისტურმა პარტიამ, რომელიც რევანშისთვის ემზადებოდა. როგორც ელისო ჩაფიძე ამბობს, ამ სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამიტომ  გაზეთის ის ნომერი  რამდენჯერმე ხელახლა დაიბეჭდა. მსგავსი აუცილებლობის წინაშე რედაქცია სხვა დროსაც დამდგარა,   მაგალითად, მაშინ, როცა გაზეთში გამოქვეყნებული სტატია  ედუარდ შევარდნაძის

პრეზიდენტობის დროინდელი მინისტრის,    პოლიციის შეფის,  კახა თარგამაძის მიერ საფეხბურთო კლუბ "დინამოს" პრივატიზებას შეეხებოდა.  პუბლიკაციის გამო მის ავტორს, ელისო ჩაფიძეს,  და მთელს რედაქციას,  პატივისა და ღირსების შელახვისთვის, სასამართლოში უჩივლეს, პროცესი 2 წელს გრძელდებოდა, თუმცა ეს საქმე ჟურნალისტებმა  მოიგეს.

"რეზონანს" სასამართლოში სარჩელი ახლაც შეტანილი აქვს. გაზეთი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსულ ენერგოკომპანია "ინტერ რაო -ეეს"-შორის "ენგურჰესის ეფექტიანად ექსპლუატაციის შესახებ" 2008 წლის 30 დეკემბერს  გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საჯაროობას ითხოვს. საქმე ამჟამად საკასაციო სასამართლოშია.

ქართული დემოკრატიის ზოგად პრობლემას - საჯარო ინფორმაციის ხელმიუწვდომლობას - "რეზონანსის" ჟურნალისტები ხშირად აწყდებიან, თუმცა მათ მუშაობაში სხვა რამეც უშლის ხელს.

"საჯარო ინფორმაცია ფასიანი გახდა, რამაც მნიშვნელოვანი პრობლემები შეგვიქმნა. ინფორმაციის მიღების ვადები რომ ირღვევა, ამაზე აღარფერს ვამბობ. თანამდებობის პირებთან ნაკლებად გვიშვებენ და როცა ეს ხდება, კითხვების დასმის საშუალება ნაკლებია. საჯარო უწყების პრესსამსახურები დამაბრკოლებელ რგოლად იქცა", - ამბობს "რეზონანსის" ჟურნალისტი სალომე ცეცხლაძე.

გაზეთში რამდენიმე განყოფილებაა: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, სპორტი. როგორც გაზეთის ერთერთი განყოფილების რედაქტორი ბესო მამინეიშვილი ამბობს, "რეზონანსში" ის თემები ხვდება, რამაც საზოგადოების ცხოვრებაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს.

"ჩვენი გაზეთის ფურცლებზე იბეჭდება   მასალები, რომლებმაც, შესაძლებელია,  ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესოს, ან

გააუარესოს. ახალი პროექტები, პოლიტიკური მოვლენები, ეკონომიკური ინიციატივები - ეს საკითხები მოსახლეობის ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, და სწორედ ამ  ამჭრილში ვაშუქებთ მოვლენებს",  ამბობს ბესო მამინეიშვილი. მისივე თქმით, გაზეთის პრიორიტეტი მკითხველის ნდობაა. "ადამიანები ჩვენს ინფორმაციას ენდობიან. ყოველთვის ვცდილობთ, გადამოწმებული ინფორმაცია გავუშვათ. თუმცა, ამის გამო სხვა ყოველდღიურ გაზეთებთან ოპერატიულობაში ვაგებთ ხოლმე," - ამბობს ის.

"რეზონანსში" ამჟამად 32 ადამიანი მუშაობს, რომელთაგან 22 ჟურნალისტია. ორშაბათობით გამოდის "მთელი კვირა", კვირის დანარჩენ დღეებში "რეზონანსი", ხოლო კვირა დღეს - ლიტერატურული დამატება "გალაქტიონი". როგორც ბესო მამინეიშვილი  ამბობს, გაზეთის ტირაჟი  ექვსიდან შვიდი ათასამდე მერყეობს.

რედაქციაში რამდენიმე პატარა ოთახი და ერთი ნიუსრუმია. ტექნიკა საშუალო დონისაა.

"ეს საკმარისია იმისათვის, რომ გაზეთი გამოვუშვათ. მე მინდა მქონდეს ადამიანური რედაქცია, მყავდეს ისეთი ჟურნალისტები, როგორიც მოსახლეობის 90%-ია. როდესაც განსხვავებული ხარ, რეალობას წყდები", - ამბობს ელისო ჩაფიძე

"რეზონანს" შემოსავალი რეკლამიდან და გაყიდვებიდან აქვს.  თუმცა სხვადასხვა პროექტებს პერიოდულად ფონდები უფინანსებენ. ბოლო პროექტი - სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგი, ბრიტანულ- ქართული პროფესიული ქსელის დაფინანსებით განახორციელეს. კიდევ ერთი, პროექტი, რამაც რედაქციას გაზეთის ინტერნეტ-ვერსიის შექმნის შესაძლებლობა მისცა, ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველომ" დააფინანსა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test