შემოგვიერთდი

25.10.2010 15:29

რადიო "აფხაზეთის ხმა" - განახლებული ეთერით

David Mchedlidze
ახლო ხედით

რადიოში  "აფხაზეთის ხმა" რეორგანიზაცია დასრულდა. პირველი ნოემბრიდან ახალი გადაცემებით გავლენ ეთერში.

პოლიტოლოგმა  ნიკა თარაშვილმა და მისმა მეგობრებმა "აფხაზეთის ხმა" 2007 წლის გაზაფხულზე დაარსეს, მაუწყებლობა კი იმავე წლის ოქტომბერში დაიწყეს. თავდაპირველად რადიო მხოლოდ სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონში ვრცელდებოდა. შემდეგ თბილისის დაფარვაც შეძლეს.  იმ პერიოდში რადიო მხოლოდ რუსულენოვანი იყო. 2009 წელს "აფხაზეთის ხმის" ფორმატი შეიცვალა და მაუწყებლობა,  რუსულ ენასთან ერთად,  ქართულ ენაზეც დაიწყეს.

"თავდაპირველად  მხოლოდ აფხაზეთსა და სამეგრელოში ვმაუწყებლობდით,  და რადგან აფხაზეთში ძირითადად რუსულად საუბრობენ,  საეთერო ენად რუსული ავირჩიეთ. აფხაზეთში, მოგეხსენაბათ,  მხოლოდ რუსული არხები მაუწყებლობენ, ჩვენ კი, გვინდოდა,  იქაური მოსახლეობისთვის ალტერნატიული ინფორმაციის წყარო ვყოფილიყავით.   მოგვიანებით, რადიოსადგურის ეთერი საქართველოს  სხვა რეგიონებშიც გავრცელდა, ამიტომ მაუწყებლობა ქართულ ენაზეც დავიწყეთ. დღეს რადიო ორენოვანია ", - აღნიშნავს "აფხაზეთის ხმის აღმასრულებელი დირექტორი  ირაკლი დათეშიძე. მისი თქმით, "აფხაზეთის ხმა"  ერთადერთია ქართულ მაუწყებელთაგან, რომლის ეთერი  სოხუმსა და გაგრაშიც ვრცელდება "ჩვენ გვაქვს ტექნიკური შესაძლებლობა  იმისა, რომ  ჩვენი სიხშირე ოკუპირებულ ტერიტორიაზეც გავრცელდეს",  განმარტავს ირაკლი დათეშიძე.

"აფხაზეთის ხმის" რეორგანიზაცია ზაფხულში სიხშირის შეცვლით დაიწყო. მანამდე, თბილისში FM 98.8 სიხშირეზე მაუწყებლობდნენ.  კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოსადგურს  ახალი სიხშირე 10 წლით მართვის უფლებით გადასცა. დღეს "აფხაზეთის ხმა" თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთსა და გურიაში FM98.9 სიხშირეზე ისმინება, აფხაზეთსა და სამეგრელოში კი კვლავ FM 107.2-ზე გადის. რადიოსადგური კახეთში მაუწყებლობასაც აპირებს.

რადიოს  შემოსავალი მთლიანად რეკლამიდან აქვს, თითოეული გადაცემა სხვადსხვა კომპანიისგან სპონსორდება. როგორც აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რადიო თავის თავს ინახავს.

მსმენელთა აუდიტორია  განსაზღვრული არ არის. ცდილობენ ყველა თაობის ადამიანის გემოვნება დააკამაყოფილონ.  ამიტომ ეთერში სხვადსხვა ჟანრის მუსიკა ისმის.

"რადიოს მუსიკალური ბადე ისე აწყობილი, რომ მუსიკის სხვადასხვა ჟანრის მოყვარულთა გემოვნება დააკმაყოფილოს. ამასთან,

აფხაზი მსმენელისთვის  ეთერში ხშირად ისმის რუსული მუსიკა"- ამბობს "აფხაზეთის ხმის" კრეატივ ჯგუფის ხელმძღვანელი გვანცა წიკლაური.

ეთერი რამდენიმე ნაწილად იყოფა. დილის 8-დან 13-საათამდე მაუწყებლობა ქართულ ენაზე მიმდინარეობს. შემდეგ,  18 საათამდე - რუსულენოვანი ეთერია, საღამოს 18-დან ღამის 12-მდე კი კვლავ - ქართულენოვანი გადაცემები ისმის. რადიოს ექვსი მუსიკალური წამყვანი ჰყავს.

პირველი ნომებრიდან "აფხაზეთის ხმის" სამაუწყებლო ბადეს  მუსიკალურ-

გასართობი გადაცემები  დაემატება.  ორშაბათს, საღამოს 6-დან 7 საათამდე,  მუსიკალური დუეტი "ჯორჯია" თანამედროვე ქართული სიმღერების ჰიტ ათეულს წაიყვანს.

გადაცემის წამყვანობას შეითავსებს მომღერალი დათო არჩვაძე. ის ქალაქური სიმღერების ათეულს გააცნობს მსმენელს. გარდა ამისა, სტუდიაში სტუმარსაც მიიწვევს.

ახალ გადაცემას  "ავტოგრაფს" მომღერლები ნინო ჩხეიძე და ნიკა ხაჩიძე წაიყვანენ. სტუდიაში შოუ -ბიზნესის იმ წარმომადგენელს მოიწვევენ, ვინც  კვირის განმავლობაში  მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდება.

მუსიკალურ-გასართობი ხასიათის გადაცემა ექნება  თიკა ჯამბურიასაც.

მოუხედავად იმისა, რომ "აფხაზეთის ხმის" ფორმატი შეიცვალა და ბევრი მუსიკალური გადაცემა დაემატა, რადიოს ძირითადი კონცეფცია უცვლელი დარჩა.

"თავდაპირველ მიმართულებას ვინარჩუნებთ - ჩვენი პრიორიტეტი კვლავ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა რჩება. უბრალოდ,  შევეცადეთ, რადიო  უფრო მიმზიდველი გაგვეხადა მსმენელისთვის. მხოლოდ ინფორმაცია არავის აინტერესებს, მათ შორის, არც აფახაზეთის მოსახლეობას. გარდა ამისა, ვცდილობთ,  შევინარჩუნოთ ნეიტრალური ტონი, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩვენი სიგნალი არ ჩაახშოს. ამის მცდელობა კი თავიდანვე იყო," - განმარტავს ირაკლი დათეშიძე.

უცვლელი დარჩა საინფორმაციო გამოშვების ფორმატი, გადაცემა კვლავ ყოველ საათში ერთხელ გადის, რომლის  ქრონომეტრაჟი 5 წუთია. საინფორმაციო გამოშვება ორენოვანია, მის მომზადებაზე  ოთხი ჟურნალისტი და რამდენიმე სტაჟიორი მუშაობს.

"გადაცემის პირველი ბლოკი ყოველთვის კონფლიქტურ რეგიონებს ეთმობა. შემდეგ კი დღის აქტუალური თემები მოდის. კონფლიქტის ზონაში ინფორმაციის საკუთარი  წყაროები გვყავს. ხშირად ვრთავთ პირდაპირ ეთერში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვა რადიოებისგან ", - ამბობს "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამუნა ხომერიკი.

რეორგანიზაციის პერიოდში რადიომ ახალი ტექნიკაც შეიძინა, განაახლა სტუდია, შეცვალა მიკროფონები და ხმის აპარატურა. რადიო კონფლიქტების შესახებ ტოქშოუს გაკეთებასაც აპირებს. ეს გადაცემა იანვრიდან გავა ეთერში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test