შემოგვიერთდი

10.11.2010 20:05

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი" - არა მხოლოდ ახალი ამბები

David Mchedlidze
ახლო ხედით

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესსნიუსი" ის ადგილია, სადაც დღის განმავლობაში ახალი ამბები იყრის თავს, დამუშავების შემდეგ კი, ფართო საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი.

საინფორმაციო სააგენტოს შექმნის იდეა ბაია ცანავასა და მის მეგობრებს 1998 წელს გაუჩნდათ. "მაშინ სახელმწიფო არხზე ვმუშაობდით და როდესაც ამ იდეის შესახებ ჩვენს კოლეგებს ვუთხარით, ყველა სკეპტიკურად შეხვდა. თუმცა ჩვენ მაინც გავბედეთ და ახალი ამბების სააგენტო ჩამოვაყალიბეთ," - ამბობს ბაია ცანავა, რომელიც "ინტერპრესსნიუსის" ერთერთი დამფუძნებელი და ამჟამინდელი ხელმძღვანელია.

ფინანსების არქონის გამო დახმარებისთვის ჟურნალისტთა ფედერაციას მიმართეს. მათ მანსარდაში გამოუყვეს ფართი.  ახალ ამბებზე მუშაობა ერთი ფაქსით და 3-4 კომპიუტერით დაიწყეს. პირველი ინფორმაცია 1999 წლის დეკემბერში გაუშვეს. ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად თავდაპირველად უფასოდ უწევდათ ინფორმაციების გავრცელება.

"ჩვენ მიერ მომზადებული ახალი ამბავი  პირველად გაზეთმა "ახალმა თაობამ" დაბეჭდა. მაშინ დიდი ზეიმი გვქონდა, ვინაიდან იმ ადამიანებმა, ვისთვისაც ინფორმაციის პირველწყარო უნდა ვყოფილიყავით, მათ გვაღიარეს, ენდნენ ჩვენს ინფორმაციას", - იხსენებს ბაია ცანავა.

"ინტერპრესსნიუსმა" პირველი 2 წელი დამოუკიდებლად იარსება, შემდეგ მედიაჰოლდინგ "იმედის" შემადგენლობაში შევიდა.  2005 წელს სააგენტომ დამოუკიდებლად განაგრძო არსებობა, თუმცა  რამდენიმე თვის შემდეგ "კვირის პალიტრის" სახლს შეუერთდა. დღეს, სწორედ ამ მედიაჰოლდინგის წევრია და გარკვეულ ინვესტიციებს მისგან იღებს,  მაგრამ  ძირითადი შემოსავალს მაინც საიტზე განთავსებული სარეკლამო ბანერები და ხელმომწერების მიერ გადახდილი თანხიები წარმოადგენს. ბაია ცანავა ხელმომწერების კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია.

"დღეს ერთერთი ყველაზე წელში გამართული საინფორმაციო სააგენტო ვართ საქართველოში. ჩვენს ინფორმაციას საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემები ენდობიან. "ფრანსპრესი", "როიტერი", რადიო "თავისუფლება" ჩვენი ხელმომწერები არიან, საქართველოში არსებულ ახალ ამბებს ჩვენგან იგებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ენდობიან ჩვენს ინფორმაციას", - აცხადებს ბაია ცანავა.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს,  რედაქცია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდა. ცხინვალის მისადგომებთან მათი ფოტოკორესპონდენტი პირველი მივიდა და ექსკლუზიური ფოტოები გადაიღო.

"რევოლუცია, მიტინგები ანუ ის მოვლენები, როდესაც ახალი ამბების სააგენტოს ბევრი სამუშაო აქვს, უკვე გამოვლილი გვქონდა, თუმცა ომი სულ სხვა შემთხვევა იყო. ერთი თვის განმავლობაში რედაქციაში თვალი არავის მოუხუჭავს, ყველაფერთან ერთად, თითოეულ გავრცელებულ ინფორმაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ერთმა უზუსტობამ შეიძლება სავალალო შდეგები მოიტანოს. ეს იყო დიდი გამოცდა. მაშინ ვიზიტორების რაოდენობამ ჩვენი ყველა რეკორდი მოხსნა, დღის განმავლობაში ჩვენს საიტს სულ ცოტა 350 ათასი მნახველი ჰყავდა," - იხსენებს ბაია ცანავა.

ომის დროს რუსულმა სპეცსამსახურებმა კიბერ შეტევებიც  დაიწყეს და წყობიდან გამოიყვანეს ქართული საიტები. "ინტერპრესნიუსის" მენეჯმენტმა ამერიკის შეერთებულ  შტატებსა და დიდი ბრიტანეთში არსებულ სერვერებზე ვებგვერდის გადატანა მოახერხა. ამით საიტის დაბლოკვა თავიდან აიცილა.

ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" დაფინანსებით საიტი განაახლეს, დაამატეს ფოტორეპორტაჟები და ვიდეო მასალები. ვებ-გვერდი ამჟმად სამენოვანია - ქართული, ინგლისური, რუსული. რედაქცია კარგი ხარისხის  ტექნიკით არის აღჭურვილი.თბილისში 15 ჟურნალისტი მუშაობს,  თუმცა თითქმის ყველა რეგიონში ჰყავთ რეგიონული კორესპონდენტები, სპეციალური კორესპონდენტი ჰყავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთში. ცალკე შტატია დაშვებული ფოტოგრაფებისა და ვიდეო ოპერატორებისთვის. ჟურნალისტებიც "ფლიპ კამერებით"  არიან აღჭურვილნი და თუ საჭიროდ ჩათვლიან, გავრცელებულ ინფორმაციას თან ურთავენ ვიდეო მასალებს.

"ინტერპრესნიუსის" საიტზე გამოქვეყნებული ახალი ამბები ყველა სფეროს შეეხება,  ახალი ამბების გარდა, საიტზე ინტერვიუები, რეპორტაჟები და სოციალური გამოკითხვები ქვეყნდება, ანალიტიკური მასალები კი რუბრიკაში "ექსკლუზივი" თავსდება. ამ განყოფილებას ჟურნალისტი კობა ბენდელიანი უძღვება. ის დაარსების დღიდან ამ სააგენტოში მუშაობს. მისი თქმით, ახალ ამბები ჟურნალისტიკაში ყველაზე მთავარია.

"ერთი შეხედვით, ახალი ამბების წერა ძალიან ადვილია, მაგრამ სხვისთვის უმნიშვნელო ამბავში შეიძლება საინტერესო ნიუსი დაიჭირო. ამბავი მოკლედ დაწერო, ამავე დროს, არაფერი გამოგრჩეს და განმარტებაც გაუკეთო, თუ რა ფაქტები უძღოდა წინა ამა თუ იმ მოვლენას, ადვილი არ არის," - ამბობს კობა ბენდელიანი, რომელიც წარმოშობით სოხუმიდანაა და წლების განმავლობაში კონფლიქტების თემაზე მუშაობდა. სწორედ აფხაზეთში პირადი კონტაქტების  წყალობით ახერხებდა ექსკლუზიური ახალი ამბების გავრცელებას. "აფახაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პირველი პირებიდან დაწყებული, ჟურნალისტებით დამთავრებული, ძალიან ბევრი კონტაქტი მქონდა, თითოეულ მათგანთან საუბრისას ყოველთვის გამოიდნობოდა ხოლმე ახალი ამბავი, რომელიც მეორე დღეს აუცილებლად მოხვდებოდა მედიის ყურადღების ცენტრში. ახლა რუსეთმა კონფლიქტის ზონაში ახალი სატელეფონო კოდები შემოიღო, რის შემდეგაც სატელეფონო კავშირები გაჭირდა, შესაბამისად - კონატქტიც,"- განმარტავს კობა ბენდელიანი.

ბაია ცანავას თქმით, მათთვის მთავარია ინფორმაციის სისწრაფე.  "არის შემთხვევები, როდესაც ზუსტად ვიცით, რომ რაღაც მოხდა, თუმცა არავინ გვიდასტურებს. ასეთ შემთხვევაში გვიწევს გარისკვა და არაოფიციალური ინფორმაციის გაშვება, რაც შემდეგ დასტურდება ხოლმე, ამ მხრივ პრობლემები ჯერ არ შეგვქნია. საინფორმაციო სააგენტოს ხიბლი იმაშია, რომ დროში გამოცდილი საიმედო წყაროები გვყავს", - აღნიშნავს ბაია ცანავა. როგორც "ინტერპრესსნიუსის" ხელმძღვანელი ამბობს, საიტს დღეში საშუალოდ 9 ათასი უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს.

საიტი ნახევრად დახურულია, მთავარ გვერდზე გამოტანილი ინფორმაციას ყველა ეცნობა, არქივის ნახვა კი მხოლოდ ხელმომწერებს შეუძლიათ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test