შემოგვიერთდი

05.12.2010 23:35

კახეთის საინფორმაციო ცენტრი - ინფორმაცია კახეთიდან

David Mchedlidze
ახლო ხედით

კახეთის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც  კახეთში მიმდინარე მოვლენებს, ინტერნეტ-გაზეთ  www.ick.ge-ს საშუალებით, 2009 წლიდან  ავრცელებს, დაარსდა 2008 წელს. მანამდე, ცენტრის დამფუძნებლები გამოსცემდნენ რეგიონულ  გაზეთ "იმედს", რომელიც ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა."მას შემდეგ, რაც საბიუჯეტო ორგანიზაციებს ჩვენი გაზეთის გამოწერა აუკრძალეს, შემოსავალმა მნიშვნელოვნად იკლო, რამაც გაზეთის ტირაჟის შემცირება  გამოიწვია. საბოლოოდ, რედაქციამ გაზეთის გამოცემა შეწყვეტა",  - განმარტავს კახეთის საიფორმაციო ცენტრის ხელმძრვანელი  გელა მთივლიშვილმა.

რედაქციამ  საქმიანობა ონლაინ-სივრცეში გააგრძელა. "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" დახმარებით მათ   ინტერნეტ-გაზეთი www.ick.ge დააარსეს და სხვადასხვა პროექტების განხორციელება დაიწყეს.

ცენტრი ამჟამად  სამ პროექტზე მუშაობს.   "ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი კახეთში", - ასე ეწოდება   ერთ-ერთ  პროექტს, რომლის ფარგლებში ცენტრის ჟურნალისტები ადამიანის უფლებების დარღვევის და კორუფციის ფაქტებს იკვლევენ. პროექტს მხარს უჭერს  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი პროექტის -   "საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება" - ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

კახეთის სამასამდე  სოფლიდან ფოტორეპოტრაჟებს ითვალისწინებს ფონდი

"ღია საზოგადოება საქართველოს"  მიერ დაფინანსებული პროექტი  "ყოველდღიური ახალი ამბები და ფოტორეპორტაჟები კახეთში".  გარდა ამისა, ცენტრის თანამშრომლები,  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით,  ამზადებენ   ვიდეო და  ფოტორეპორტაჟებს,   ადამიანის უფლებათა თემაზე.  მათი პრეზენტაცია უკვე გაიმართა თბილისში, ველისციხესა და კაჭრეთში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე  ყოველდღე ქვეყნდება  რეგიონული ახალი ამბები, ვიდეო, აუდიო და ფოტორეპორტაჟები. საიტის ფოკუსში მოქცეულია  პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, გარემოს დაცვა, კულტურა, სპორტი, თუმცა, ცენტრი მთავარ აქცენტს, მაინც,  ადამიანის უფლებებზე აკეთებს.

"ჩვენ რეპორტაჟებს ვამზადებთ იმ  სოფლებიდან, სადაც სხვა მედიასაშუალებები ვერ ან არ ჩადიან. განსაკუთრებით გვიზიდავს   საზღვრისპირა სოფლები.  გვაინტერესებს  ადამიანური ისტორიები.  ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის აპარატთან, არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლთან", ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრთან. ისინი ხშირად პირველად ჩვენგან იღებენ ინფორმაციას კახეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ", - აცხადებს  გელა მთივლიშვილი.

მისი თქმით, ცენტრის მიერ  გავრცელებულ  მასალებს ხშირად  ხელისუფლება

ეხმაურება. "მაგალითად, სიღნაღში ადამიანის დაჭრის ამბავი გავახმაურეთ თუ არა, გამოძიება დაიწყო. ხელისუფლებამ  მტკიცებულებად  ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული   ვიდეო გამოიყენა",  - ამბობს მთივლიშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები კახეთის  ყველა რაიონში მუშაობენ. ცენტრს სპეციალური კორესპონდენტები  ჰყავს პანკისის ხეობასა  და საინგილოში (დასავლეთ აზერბაიჯანში). ცენტრი აქტიურად თანაშრომლობს  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

როგორც ცენტრის  ჟურნალისტი ნათია დანელიშვილი  აღნიშნავს, ჟურნალისტებს  მუშაობაში ხელს უშლის    საჯარო ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა . მისი განმარტებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრი ადმინისტრაციული ორგანოებიდან თითქმის ყოველდღიურად ითხოვს საჯარო ინფორმაციას. გასული წლის 10 დეკემბრის ანგარიშების მიხედვით, რეგიონის საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებული განცხადებების 70-80 % კახეთის საინფორმაციო ცენტრზე მოდის.

ნათია დანელიშვილი  ამბობს, რომ 2010 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, კახეთის საინფორმაციო ცენტრს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით გაგზავნილი აქვს 200-ზე მეტი განცხადება. კანონით დადგენილ ვადებში პასუხის დაგვიანების, ან ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო, საჯარო დაწესებულებებს 14-ჯერ მიმართეს ადმინისტრაციული საჩივრით. ერთ შემთხვევაში კი, სასამართლოს მიერ სტატისტიკური მონაცემების დაბლოკვის გამო, სარჩელი შეიტანეს ამავე სასამართლოში და პროცესი მოიგეს. სულ.  კახეთის საინფორმაციო ცენტრმა, ბოლო 3 წლის განმავლობაში,  12-ჯერ მიმართა  სასამართლოს, აქედან 10 შემთხვევაში, დავა  ცენტრის სასარგებლოდ გადაწყდა.

"გასულ წლებთან  შედარებით, 2010 წელს ინფორმაციის  თავისუფლების ხარისხი მკვეთრად გაუარესდა. ხშირ შემთხვევაში,  ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციებს ვიღებთ, ოღონდ გვიან, როცა ღირებული აღარ არის, ზოგჯერ პასუხი  არასრულყოფილია, რის გამოც  დამატებით გვიხდება განცხადების წარდგენა", - აღნიშნავს ნათია დანელიშვილი.

ცენტრს სულ 27 თანამშრომელი ჰყავს.  10 მათგანი ჟურნალისტია.  ცენტრი სიახლეებს, გარდა იმისა, რომ   ვებ-გვერდზე აქვეყნებს, ონლაინ ხელმომწერებსაც უგზავნის.

"ინტერნეტ - გაზეთი მომხმარებლებისთვის უფასოა და აქ მკითხველი მხოლოდ ჩვენს  მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ეცნობა.  ხელმომწერებს კი ჩვენ დღეში რამდენჯერმე ვაწვდით ახალი ამბების დაიჯესტს. იგი მოიცავს  როგორც ცენტრის მიერ მოპოვებული ახალ ამბებს, ასევე სხვა საინფორმაციო საშუალებებში კახეთის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს. ასევე, ზოგიერთი ხელმომწერი სარგებლობს პაკეტით, რომელშიც, მაგალითად, შედის სოციოლოგიური კვლევა მისთვის საინტერესო საკითხზე.  ხელმომწერებს ასევე ვაწვდით  ამა თუ იმ ღონისძიების ფოტო და  ვიდეო მასალას",  ამბობს გელა მთივლიშვილი.

ცენტრის ვებ-გვერდს  დღეში  საშუალოდ 500 უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. თუმცა, გამოქვეყნებულ მასალებს  ხშირად სხვა საინფორმაციო სააგანტოებიც ავრცელბენ. ამდენად, საიტის კონტენტს   რეალურად გაცილებით მეტი ადამიანი ეცნობა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი აღჭურვილია ახალი კომპიუტერული ტექნიკით, აუდიოჩამწერებით, ვიდეო და ფოტო კამერებით.

ცენტრი რამდენიმე სიახლეს გეგმავს. გელა მთივლიშვილის თქმით, მალე დაიწყებენ ყოველთვიური ბიულეტენების გამოცემას, ასევე იგეგმება ბლოგის გაკეთება, სასამართლო დარბაზებიდან რეპორტაჟების მომზადება და ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეკომპანიასთან ერთობლივი საინფორმაციო - ანალიტიკური გადაცემის მომზადება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test