შემოგვიერთდი

05.01.2011 13:38

რადიო „სტარ FM" - ვისაც ვარსკვლავები აინტერესებს

David Mchedlidze
ახლო ხედით

რადიო "სტარ FM"  ეთერში წარმატებული ადამიანების შესახებ ჰყვება და ჰიტად ქცეულ სიმღერებს უშვებს,   საუბრობს   თითქმის ყველაფერზე,  თუმცა  პოლიტიკურ თემებს არ ეხება.

რადიოს შექმნის იდეა სარეკლამო კომპანია "გაა ჰოლდინგს" ეკუთვნის. კომპანიამ 2009 წლის აგვისტოში სიხშირე 93,9 FM შეიძინა  და რადიოსადგური  "სტარ FM"  აამუშავა.    რადიო  თავდაპირველად ნონსტოპის რეჟიმში მაუწყებლობდა,  მოგვიანებით მან საკუთარი გადაცემები გაუშვა ეთერში  . "სტარ FM" -ის  მაუწყებლობა ამჟამად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე  ვრცელდება.

რადიოს სამაუწყებლო ბადე დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, დილის, შუადღის და საღამოს ეთერს  მუსიკალური წამყვანები  უძღვებიან.  "სტარ FM"-ში 14 ადამიანი მუშაობს. 10-დან 13:00 საათამდე მსმენელი დილის გადაცემა ისმენს, რომელიც ლევან ინასარიძესა და ანი მეტრეველს მიჰყავთ.

"ვცდილობთ,  მსმენელს  კარგი განწყობა დილიდან შევუქმნათ. ეთერში გადის  პოპულარულ სიმღერები,  ინფორმაცია საწვავის ფასის და ვალუტის კურსის შესახებ,  კულტურული ცხოვრების აფიშა. ვსაუბრობთ დღის საინტერესო ამბებზე. ხანდახან სტუმარსაც ვიწვევთ," - განმარტა ანი მეტრეველმა.

ამავე გადაცემაშია რუბრიკა "ბიბლიოგრაფია", სადაც მსმენელებს  ახალ წიგნებზე ესაუბრებიან. რადიო 33-ე ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობს, ამ რუბრიკის მომზადებაში სწორედ ისინი ეხმარებიან.

დილის გადაცემას 12:00 საათზე, საინფორმაციო გამოშვება "სტარნიუსი" ჭრის, რომელიც  ორი ადამიანის მიერ მზადდება  და 5-10 წუთის განმავლობაში სხვადასხვა სიახლეს გადასცემს. "სტარნუსი" 18:00  საათზეც გადის ეთერში.

"ვაშუქებთ საქართველოსა და მოსფლიოში მიმდინარე ყველა მოვლენას, თუმცა პოლიტიკურ თემებს არ ვეხებით. გადაცემაზე, წამყვანის გარდა, კორესპონდენტიც მუშაობს, ის მოპოვებს ინფორმაციას და იწერს რესპონდენტთა კომენტარებს", - აღნიშნა "სტარნიუსის" წამყვანმა მირანდა სურმანიძემ, რომელიც საავტორო გადაცემა  "პერსონაჟსაც" უძღვება.

"პერსონაჟი" მსმენელს სხვადასხვა სფეროს გამორჩეული ადამიანების  შესახებ უამბობს. რადიოგადაცემა  ყოველ ოთხშაბათს გადის ეთერში, ხუთშაბათობით -  განმეორებით.

"ჩემი "პერსონაჟები" წარმატებული  ადამიანები არიან, ცალ-ცალკე ყველა გამორჩეული და განსაკუთრებულია. გადაცემაში მონაწილეობა უკვე მიიღეს ზაზა ფაჩულიამ, ნინო ანანიაშვილმა, გია ბუღაძემ და სხვებმა.  მინდა, რადიოს მსმენელებს თანდათან ის პერსონებიც გავაცნო, რომლებიც  ნაკლებად ჩანან ტელეეკრანებსა თუ ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, მაგრამ მათი როლი არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის," - განაცხადა მირანდა სურმანიძემ.

წარმატებულ  ბიზნესმენებს  ეხება  დალი ფრიდონაშვილის ტოქშოუ "ბიზნეს ავანტაჟი". გადაცემაში მიწვეული  ადამიანები რადიომოყვარულებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და   დამწყებ ბიზნესმენებს რჩევებს აძლევენ.

"სტარ FM"-ის სამაუწყებლო ბადეში საეთერო დრო დათმობილი აქვს ასევე  აჩიკო ბენაშვილის სპორტულ გადაცემას "ჩემპიონი" და ვიქტორინას "ლაბირინთი".  რამდენიმე კვირის წინ ეთერში გავიდა ახალი გადაცემა "ბალკანური საღამო"  - 2 საათის განმავლობაში თაზო ქურდაძე მსმენელს ამ ნახევარკუნძულისთვის დამახასიათებელ მელოდიებს სთავაზობს.

ისე კი, რადიოს ეთერში მრავალფეროვანი, სხვადასხვა ჟანრის  მუსიკა ისმის.

"ჩვენი რადიოს სლოგანია "ვარსკვლავთა მუსიკა", ამიტომ ეთერში ძირითადად ჰიტებს ვუშვებთ, ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მუსიკას. არ გვაქვს არჩეული რომელიმე ჟანრი, ამიტომ  მსმენელთა მრავალფეროვან  აუდიტორიას მოვიცავთ," - განაცხადა ლევან ინასარიძემ, რომლიც 2011 წლის იანვრიდან  ავტომოყვარულთათვის განკუთვნილ ახალ  გადაცემას გაუძღვება.

რადიოსადგურის დირექტორის, ხათუნა კაპანაძის,  თქმით, ახალი წლიდან "სტარ FM"-ის საიტიც განახლდება და ინფორმაციული გახდება, ამჟამად  ვებგვერდზე  stargroup.ge, შესაძლებელია  მხოლოდ რადიოს პირდაპირ ეთერში მოსმენა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test