შემოგვიერთდი

01.02.2011 13:00

„თავისუფალი მიკროფონი" ტელეკომპანია „ბორჯომის" ეთერში

David Mchedlidze
ახლო ხედით

ტელეკომპანია  "ბორჯომი"-ს მაუწყებლობა ბორჯომსა და მის მიმდებარე სოფლებზე ვრცელდება. ტელევიზიაში თოთხმეტი თანამშრომელი მუშაობს, მათგან სამი ჟურნალისტია და ოთხი ოპერატორი. ადგილობრივი გადაცემები აქ საღამოს ცხრა საათზე იწყება და თორმეტ საათამდე გრძელდება, დანარჩენ დროს კი, ხელშეკრულების საფუძველზე, "რეგიონ TV"-ს ეთერია ჩართული.

ტელეკომპანია 1995 წელს დაარსდა, თუმცა მაუწყებლობა 1997 წელს დაიწყო. იმ პერიოდში არსებობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი გრანტი იყო. შესაბამისად, "ბორჯომიც" გრანტების საშუალებით ვითარდებოდა. 1999 წელს "ევრაზიის განვითარების ფონდის" კონკურსში გამარჯვების შემდეგ, არხმა ახალი გადაცემის - "დებატები პირდაპირ ეთერში"- მზადება დაიწყო. "ეს მაშინ ერთგვარი "ნოუ ჰაუ" იყო" - იხსენებს ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტრისტან ცუცქირიძე - "ლამის მანქანები არ დადიოდა ქუჩებში, როცა მაყურებელს ჩვენთან პირდაპირ ეთერში დარეკვა და სტუმრებთან გასაუბრება შეეძლო". 2002 წელს, IREX-ის დაფინანსებით, კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა. ეს იყო ორენოვანი საინფორმაციო ანალიტიკური გადაცემა "პარალელი",  ქართველი და სომეხი ეროვნების აუდიტორიისათვის,  რომელიც რეგიონის ექვსი ტელევიზიის პარტნიორობით მზადდებოდა.

ტელეკომპანია დღესაც გრანტების, სპონსორებისა და იმ განცხადებების მეშვეობით არსებობს, რომელთაც ძირითადად გამგეობა უკვეთავს.  სარეკლამო შემოსავალი მცირეა და ადგილობრივი მაღაზიებისა თუ რესტორნების რეკლამიდან შემოსული თანხით შემოიფარგლება.

"ბორჯომი" ქალაქის ცენტრში, გამგეობის შენობაში მდებარეობს: "შესაბამისად, მოვლენათა ცენტრშიც ვიმყოფებით" - აღნიშნავს  საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკა ნოზაძე. საინფორმაციო გამოშვება "დღის ქრონიკა"  შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე, 9 და 10 საათზე გადის და ძირითადად ადგილობრივ სიახლეებს აშუქებს. როგორც ტელევიზიაში ამბობენ, საინფორმაციო გამოშვებას დიდი რეიტინგიც აქვს, რადგან "რეგიონში მიმდინარე ახალი ამბები და ადგილობრივი განცხადებები ხალხს უფრო აინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ იქით "კურიერი" გადის",  - განმარტავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა ბაგაური. მთელი კვირის ინფორმაცია პარასკევობით "კვირის დაიჯესტში" იყრის თავს, სადაც ყველაზე აქტუალური თემა მოწვეულ სტუმართან ერთად პირდაპირ ეთერში განიხილება.

"ბორჯომის" ეთერში უკვე ექვსი სეზონის განმავლობაში გადის შემეცნებითი პროექტი - "შესანიშნავი შვიდეული". ინტელექტუალურ თამაშში  მონაწილეობას გუნდები ბორჯომისა და მისი მიმდებარე სოფლების სკოლებიდან იღებენ. ფინალში გასული ოთხი გუნდი  გამარჯვებულის გამოსავლენად ზღვაზე მიჰყავთ.  სამშაბათობით ეთერშია  რეგიონულ მაუწყებელთა  ასოციაციის პროექტი - "მრავალკუთხედია"., რელიგიურ დღესასწაულებზე კი გადის გადაცემა "ჩვენი რწმენა".

"ბორჯომში" ტექნოლოგიური და ფინანსური პრობლემებია გადასაჭრელი. ტექნიკა მოძველებულია, კამერა - ცოტა. საჭიროა თანხა ყოველკვირეული საზოგადოებრივი ფორმატის თოქ-შოუ "ფორუმის" გასაგრძელებლადაც, რომელიც 2009 წელს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" დაფინანსებით გადიოდა ეთერში. მაყურებელს შენიშვნა აქვს მაუწყებლობის ხარისხთანაც - ბორჯომის მთიანი რელიეფის გამო, მათთან, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს, "ბორჯომი" ცუდი ხარისხით აჩვენებს.

ტელეკომპანიას ოფისი გამგეობისაგან ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ამავე ოფისში ფუნქციონირებს "სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრიც". ორივე მათგანის ხელმძღვანელი მარინა კუპატაძეა. შესაბამისად, ტელევიზიასა და მედიაცენტრს რამდენიმე საერთო პროექტიც აქვთ. ერთ-ერთი მათგანია "თავისუფალი მიკროფონი", რომელშიც "ბორჯომთან" ერთად ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხიცაა" ჩართული. პროექტს ამერიკის საელჩო აფინანსებს და ის საინფორმაციო ხასიათისაა: კონკრეტულ თემაზე მოწვეული სტუმარი, საკითხის განხილვის გარდა, ხალხის იმ შენიშვნებსა და შეკითხვებსაც პასუხობს, რომლებიც გადაცემის დაწყებამდე ქუჩაში იწერება. ანალოგიურად ხდება გადაცემის ჩაწერა ახალციხეშიც.

"სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრის" კიდევ ერთი პროექტი, რომელშიც ტელეკომპანია "ბორჯომი" მონაწილეობს, სპეციალური დოკუმენტური ფილმების მომზადებაა. პროექტს, სახელწოდებით "ბორჯომი - სადაც წარსული ხვდება მომავალს", პოლონეთის "მენეჯერული ინიციატივების ფონდი" (FIM) აფინანსებს და მის ფარგლებში გადაღებული ოთხი დოკუმენტური ფილმი მიზნად ისახავს ბორჯომის პოპულარიზაციას. ათწუთიან ნამუშევრებში, რომელთა გადაღება უკვე დასრულებულია, ტურისტებს ბორჯომის ისტორიას, მის ღირსშესანიშნაობებსა და საინტერესო ადგილებს აცნობენ. ფილმების პრეზენტაცია 6-13 მარტს პოლონეთში გაიმართება.

ტურისტების რაოდენობის ზრდის გამო ინგლისური ენის ცოდნაცაა  საჭირო. ტელეკომპანიის ყველა თანამშრომლისათვის "გაკვეთილებს"  "სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრში" ჩამოსული მშვიდობის კორპუსის მოხალისე, ამერიკელი კონსულტანტი რუტა კასაბიანკა (Ruta Kasabyanka) ატარებს. ერთადერთი "ანაზღაურება" რასაც ის "სანაცვლოდ მოითხოვს", ქართული ენის შესწავლაში ხელშეწყობაა.

ტელეკომპანია "ბორჯომის" გადაცემების ნახვა ცოტა ხანში უკვე "სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრის"  ვებგვერდზეც იქნება შესაძლებელი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test