შემოგვიერთდი

20.02.2011 10:38

მამხილებელი „ვერსია"

David Mchedlidze
ახლო ხედით

რედაქტორის კუთნვილ სახლში, მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ჟურნალისტები მუშაობენ იმისათვის, რომ კვირაში სამჯერ გაზეთი „ვერსია" გამოუშვან.

სინამდვილეში,  „ვერსიას" იმ გამოცემასთან, რომელიც „ახალ ვერსიის" სახელწოდებით გამოდიოდა, ბევრი არაფერი აკავშირებს. 2007 წელს გაზეთ „ქრონიკიდან" წამოსულმა რედაქტორმა მაია ფურცელაძემ ახალი გამოცემის შექმნა გადაწყვიტა. მუშაობის პროცესში ფურცელაძეს „ახალი ვერსიის" უმუშევრად დარჩენილი ჟურნალისტები შეუერთდნენ და ახალ გაზეთსაც „ვერსია" დაარქვეს.

2007 წელს ოპოზიცია  აქტიურდებოდა, სწორედ იმ პრიოდში რამდენიმე თვის შექმნილმა „ვერსიამ" სკადალური სტატია გამოაქვეყნა - მასალის მიხედვით ტელეკომპანია „იმედის" მფლობელი და ოპოზიციის  დამფინანსებელი ბადრი პარატკაციშვილი საქართველოს რკინიგზის შესყიდვას ცდილობდა, სანაცვლოდ კი ხელისუფლებას „იმედს" უთმობდა. „ამ გარიგების გამჟღავნება შოკი იყო როგორც ოპოზიციისთვის, ისე ხელისუფლებისთვის. მაშინ უარყვეს ეს ინფორმაცია, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენ მართლები  ვიყავით და მსგავსი მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობდა", - იხსენებს რედაქტორი მაია ფურცელაძე.

იმავე პერიოდში „ვერსიამ" ოპოზიციის გუსლისწყრომა კიდევ ერთხელ დაიმსახურა. მაშინ ეს გაზეთი მიტინგზე სახალხოდ დაწვეს და განაცხადეს, რომ აქ დაბეჭდილი მასალები ოპოზიციურ ლიდერებს შორის ურთიერთობის გაფუჭებას ისახავდა მიზნად. „ვერსია" კიდევ ერთხელ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებმაც დაწვეს, ამჯერად, რედაქციის ფანჯრების წინ. მათი გაღიზიანება კი გაზეთში დაბეჭდილმა ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც გამსახურდიას პირველ მეუღლე დალი ლოლუა პრეზიდენტზე ბევრისთვის უცნობ დეტალებს ჰყვებოდა .

გაზეთი პოლიტიკური ამბების გარდა სოციალურ, კულტურულ, რელიგიურ საკითხებსაც აშუქებს. „ძალიან დიდ ყურადრებას ვაქცევთ ეკონომიკის გაშუქებას, ფაქტობრივად, ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა  კანონპროექტი, ჩვენ რომ არ გამოვხმაურებოდით. სად არის ლაფსუსები, სად რა იხარჯება და ასე შემდეგ", - ამბობს მაია ფურცელაძე.

იმ ჟურნალისტურ გამოძიებებში, რომელიც ამჟმად „ვერსიაში" იბეჭდება, ეკონომიკურ საკითხებზე არაერთი მასალა გამოქვეყნდა. სტატიები ეხებოდა საქართველოს რკინიგზას, სამთომომპოვებელ კომპანია „მადნეულს", „თბილისის წყალს", „ზარაფხანას".  მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს  არაერთი თანამდებობის პირი უმხილებიათ, მაია ფურცელაძის თქმით, რეაგირება არაფერს მოჰყოლია.

„მე არ მაქვს ხელი ჩაქნეული.  მიმაჩნია, რომ მაინც უნდა დაიწეროს, მიუხედავად იმისა მოჰყვება თუ არა მამხილებელ მასალებს კონკრეტული ქმედება. ნუ ექნება გამოხმაურება დღეს, გაზეთი ისტორიაა და ეს მასალები სხვა დროს შეასრულებს მნიშვნელოვან როლს," -ამბობს რედაქტორი.

მისი თქმით, საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მუშაობა ძალიან რთულია, გარდა იმისა, რომ ამ ტიპის მასალების მომზადება ფინანსებთანაა დაკავშირებული, უჭირთ დოკუმენტების მოპოვება სახელმწიფო სტრუქტურებიდან, გართულდა ურთიერთობა საზოგადოებასთანაც, ვინაიდან მათ აღარ აქვთ სურვილი საჯაროდ ილაპარაკონ.

„ვერსიამ" უზენაესი სასამართლოს მიერ გამოცხადებული ტენდერი 2010 წლის დეკემბერში მოიგო და  ნომერს ამ უწყების მიერ მომზადებული ოთხგვერდიანი ჩანართი „სამართალი" მოჰყვება.

მთლიანად გაზეთი 16 გვერდიანია, კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს გამოდის. მისი ტირაჟი საშუალოდ სამიდან-ოთხიათასამდეა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. გაზეთი 60 თეთრი ღირს, მაია ფურცელაძის განმარტებით, მთავარი შემოსავალი გამოცემას სწორედ გაყიდვებიდან და სარეკლამო გვერდებიდან აქვს. საარჩევნო პერიოდის დროს საგამომცემლო საქმიანობასაც ეწევიან და პოლიტიკურ პარტიებს თუ მაჟორიტარ კანდიდატებს სარეკლამო გაზეთების, ბუკლეტების, საინფორმაციო ცნობარების შექმნასა და კორექტირებაში ეხმარებიან. „ამ საქმიანობას გაზეთთან არაფერი აკავშირებს, არც ნომერში ჩაგვიდია და არც მის შინაარსზე ასახულა. მხოლოდ დამატებითი შემოსავალია," - აღნიშნავს რედაქტორი, რომელიც გაზეთის ერთადერთი მეპატრონე და მფლობელია.

რედაქციაში ყველა ნომერზე 6-7 ჟურნალისტი მუშაობს, თუმცა „ვერსიასათან" სხვა ადამიანებიც თანამშორომლობენ და პერიოდულად აწვდიან მასალებს, მათი რაოდენობა ჯამში 30 ადამიანს შეადგენს.

„ვერსიას" საკუთარი ვებ გვერდიც აქვს www.versia.ge, სადაც უკვე დაბეჭდილი მასალებიდან რედაქტორი საუკეთესო სტატიებს ათავსებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test