შემოგვიერთდი

06.03.2011 21:40

„გურჯაანი" - გამარჯვებული ტელევიზია

David Mchedlidze
ახლო ხედით

ტელეკომპანია  „გურჯაანი" 1993 წლიდან მაუწყებლობს. „როდესაც მაუწყებლობა დავიწყეთ, მხოლოდ ერთი კამერა და ერთი კასეტა გვქონდა" - იხსენებს ტელეკომპანიის დამფუძნებელი და ასპროცენტიანი წილის მფლობელი თამარ აბელაშვილი. იმ პერიოდში „გურჯაანის" ეთერში საინფორმაციო გამოშვებასა და მხატვრულ ფილმებთან ერთად სხვადასხვა ტიპის გადაცემებიც გადიოდა. მათ შორის იყო „საუბრები მოძღვართან", „აზრი და საზოგადოება", მომგებიანი ლატარეა „შანსი", რომელიც თავად არხისათვის არ აღმოჩნდა მომგებიანი და მალევე დაიხურა.

დღეს „გურჯაანს" მკაფიოდ განსაზღვრული სარედაქციო პოლიტიკა აქვს - მთელს რესურსს საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემების მოსამზადებლად ხარჯავს და მხოლოდ ადგილობრივ, თუ რეგიონულ პრობლემებს აშუქებს. მაუწყებლობა ყოველდღიურად რვა საათზე იწყება და ღამის პირველ საათამდე გრძელდება. სატელევიზიო ბადე ანალიტიკური გადაცემებით, მხატვრული ფილმებით, სერიალებით („მხოლოდ არა ლათინოამერიკული") და მუსიკალური კლიპებითაა შევსებული. აღსანიშნავია, რომ „გურჯაანი" არც ერთი სხვა არხის რეტრანსილაციას არ ახდენს.

გადაცემებიდან ყველაზე მეტად ანალიტიკური ტოქ-შოუ „ძალა უძალოთა" გამოირჩევა, რომელიც ადგილობრივ პრობლემებს ეხება და ყოველ ოთხშაბათს პირდაპირ ეთერში გადის. ტოქ-შოუს დებატების სახე აქვს და მასში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას ან სამოქალაქო სექტორს უპირისპირდებიან. „ძალა უძალოთა" ინტერაქტიულია და დებატებში დარბაზთან ერთად სატელეფონო ზარების საშუალებით მაყურებელიც ერთვება. გადაცემას უკვე ზედიზედ მესამე წელია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო" აფინანსებს. „მისი მომზადება საკმაოდ რთულად დავიწყეთ. კამერისთვის  შტატივი  არ გვქონდა და  მის ფუნქციას  სკამი ასრულებდა. ერთხელ პირდაპირ ეთერში ჩამოვარდა კიდეც" - იხსენებს გადაცემის წამყვანი და ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ალექსიშვილი.

ტელეკომპანიის მაუწყებლობა გურჯაანისა და მისი მიმდებარე სოფლების გარდა, ყვარლის, ლაგოდეხისა და სიღნაღის ნაწილშიც ვრცელდება. შესაბამისად, ყოველკვირეული გადაცემა „თვითმმართველობის ექსპერტი" ოთხივე რეგიონის შესახებ მზადდება. გადაცემის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მოსახლეობის ცოდნის ამაღლება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართვაა. „თვითმმართველობის ექსპერტში" ერთსა და იმავე თემაზე ოთხივე რეგიონში ინდივიდუალური სიუჟეტი მზადდება. შემდეგ კი სიუჟეტებში ნაჩვენებ პრობლემებზე ექსპერტი საუბრობს და მოსახლეობას მათი გადაჭრის გზებისკენ მიუთითებს.

ორშაბათს  და ხუთშაბათს ეთერშია გადაცემა „ჯანმრთელობა", რომელშიც ადგილობრივი ექიმები სხვადასხვა დაავადებებსა და მათი პრევენციის საშუალებებზე საუბრობენ.  თვეში ერთხელ კი „გურჯაანი" ადგილობრივი საკრებულოს სხდომების პირდაპირ ტრანსლაციასაც ახორციელებს.

შაბათ-კვირის  გარდა, ყოველდღე - ოთხ, შვიდ და ათ საათზე - გადის საინფორმაციო გამოშვება „დღეს", სადაც ძირითადად გურჯაანის რაიონში მიმდინარე მოვლენები შუქდება. საინფორმაციო გამოშვების ხანგრძლივობა თხუთმეტი წუთიდან ნახევარ საათამდეა და მასზე ოთხი ჟურნალისტი მუშაობს. სულ ტელევიზიაში 30 თანამშრომელია.

გადაცემების პარალელურად, „გურჯაანი" „ევრაზის თანამშრომლობის ფონდთან" პარტნიორობით საგამოძიებო სიუჟეტებსაც ამზადებს. გამოძიება სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში გამოვლენილ დარღვევებს - უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოსა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვას - ეხება.

ტელეკომპანიის საეთერო დროის ნაწილს ადგილობრივი  თვითმმართველობა სარეკლამო გადაცემა „დიალოგში" ყიდულობს. ლევან ალექსიშვილის თქმით, „გურჯაანი კომერციული ტელევიზიაა და არ არის ვალდებული, რომ ყველა სამთავრობო პროგრამაზე ვრცლად ისაუბროს." სწორედ ამიტომ, როდესაც ხელისუფლებას სურს მოქალაქეებს მის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ინფორმაცია ვრცლად მიაწოდოს, მას ტელეკომპანიაში დროის შეძენა უწევს. გადაცემა R ნიშნით გადის, რათა მაყურებელი მიხვდეს, რომ ის სარეკლამოა.

ტელევიზიაში რეკლამა ადგილობრივი საწარმოებიდანაც შემოდის, მაგრამ გურჯაანი პატარა ქალაქია, საწამოების რაოდენობაც მცირეა და სარეკლამო შემოსავალი მცირეა. „დონორების მხარდაჭერა რომ არა, ამ გადაცემების გაკეთება, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა" - აღნიშნავს ლევან ალექსიშვილი - „თუმცა, გვინდა, რომ ნელ-ნელა მათი დამოუკიდებლად მომზადება შევძლოთ"

"გურჯაანის" აუდიტორია დაახლოებით 175 ათასი მაყურებელია. მის „დაჭერას" მოსახლეობა ჩვეულებრივი ანტენების საშუალებით ახერხებს. „ გვსურდა საკაბელო ტელევიზია „გორდას" ქსელში ჩავრთულიყავით, მაგრამ პროცესი ისე გაიწელა, რომ ეს მათგან ფაქტობრივად უარის თქმას ნიშნავდა" - აღნიშნავს ლევან ალექსიშვილი.

ტელევიზია თანამშრომლობს არასამთავრობო  ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვისა და სამოქალაქო განვითარების რეგიონულ ცენტრთან", რომლის თავმჯდომარეც ლევან ალექსიშვილია. ორგანიზაციას, რომელიც სხვადასხვა ტიპის მონიტორინგს ახორციელებს,  ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის რესურსი აქვს, მედიას კი მისი გავრცელება შეუძლია.

ცოტა ხნის წინ გურჯაანის ტელევიზიამ ბათუმის „25-ე არხთან" ერთად „მედია პარტნიორობის პროგრამაშიც" გაიმარჯვა და მის ფარგლებში აშშ-ს შერჩეულ ტელევიზიებთან გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს დაამყარებს. პარტნიორობა პროფესიულ გაცვლებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ამ ტელევიზიებში სტაჟირებასა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის  მიერ ფინანსდება და მას  IREX ახორციელებს.

„გურჯაანის" ეთერში გასული გადაცემები მის ვებგვერდზე იტვირთება. მარტიდან კი ტელეკომპანიის გადაცემების პირდაპირ ეთერში ხილვა, „myvideo.ge"-ს საშუალებით, ქვეყნის (ან მსოფლიოს) ნებისმიერ ინტერნეტიზებულ წერტილშია შესაძლებელი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test