შემოგვიერთდი

27.04.2011 19:06

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა" რეგიონული შეხვედრების შედეგები შეაჯამა

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

27 აპრილს სასტუმრო „თბილისი მერიოტში"  ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა" რეგიონული შეხვედრების შედეგები წარადგინა.

2010 წელს  პროექტ „დიალოგი მედიას, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის" ფარგლებში, ორგანიზაციამ საქართველოს რეგიონებში 6 შეხვედრა გამართა (ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, გორი, სიღნაღი, ოზურგეთი).

ყველა შეხვედრაში  მონაწილეობდნენ ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და საზოგადოების წევრები.  დახურული დისკუსიის მიზანი იყო,  ერთის მხრივ, მედიასა და მეორე მხრივ სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციებს შორის ურთიერთობის პრობლემის განსაზღვრა და მათი  გადაჭრის გზების ძიება.

პროექტი  „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა" „საქართველოში მედიის ხელშემწყობი პროგრამის" ფარგლებში განახორციელა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.

„ყველა რეგიონში ხელისუფლება იყო წარმოდგენილი გუბერნატორის, გუბერნატორის მოადგილის, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლების დონეზე, ეს იყო შეხვედრა, სადაც მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ადგილზე წყვეტენ ყველაფერს", განაცხადა „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" დირექტორმა ია ანთაძემ.

საერთო ჯამში, დისკუსიებში 122-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, მედიას 33 ადამიანი (27%) წარმოადგენდა,  არასამთავრობო ორგანიზაციებს - 28, (23%) ხელისუფლებას - 26 (21%), ოპოზიციას - 17 (14%) საზოგადოებას კი - 18 (15%).

მონაწილეებს უნდა განესაზღვრათ 3 მთავარი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის მედიის ურთიერთობას ხელისუფლებასა და საზოგადოებასთან.

დისკუსიებმა  გამოკვეთა 4 უმთავრესი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის   მედიის, ხელისუფლების  და საზოგადოების  ურთიერთობას.  ესენია:

1)      პროფესიონალიზმის დაბალი ხარისხი (67 ხმა);
2)      პოლიტიკური ნება (51 ხმა);
3)      საზოგადოების სისუსტე (49 ხმა);
4)      შიში (36 ხმა).

თუმცა, გორსა და ოზურგეთში სხვა ქალაქებისგან განსხვავებული პრობლემა წარმოჩინდა.

ოზურგეთში კომუნიკაციის პრობლემა დასახელდა. (18 ხმა)

გორში კი შეხვედრის მონაწილეებმა პრობლემად ფავორიტიზმი დაასახელეს (7 ხმა). ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის თქმით, ხელისუფლებას ფავორიტი ჟურნალისტები ჰყავს, რომელთაც კომენტარის მიცემაზე უარს არ ეუბნება.

ზემოთაღნიშნული 4 მთავარი ბარიერის დაძლევისათვის 4 რეკომენდაცია შემუშავდა:

1)      დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება - რომელიც  თავის მხრივ დაიყო სამ ნაწილად: მედიის გათავისუფლება კონტროლისგან, ექსპერტული და ანალიტიკური ჟურნალისტიკის გაძლიერება, საზოგადოების ზუსტი ინფორმირება;
2)      საზოგადოების გააქტიურება-რაშიც მოიაზრება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი ლიდერების გამოკვეთა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა;
3)      განათლება  (იგულისხმება საუნივერსიტეტო და პროფესიული განათლება);
4)      დიალოგი მედიას, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის.

აქვე დასახელდა ორი რისკფაქტორი, რომელმაც, მონაწილეთა  აზრით, შესაძლოა რეკომენდაციის შესრულებას ხელი შეუშალოს: ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა, ფინანსების ნაკლებობა და მძიმე სოციალური ფონი.

შეხვედრის მონაწილეებს დახურული კითხვარიც დაურიგდათ, რომელიც სამი ბლოკისაგან შედგებოდა: სექტორთაშორისი თანამშრომლობის შეფასება, თანამშრომლობაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სექტორის როლის შეფასება ბოლო სამი წლის განმავლობაში. შეკითხვებს პასუხი 107-მა ადამიანმა გასცა. ( შეხვედრის 15-მა მონაწილემ კითხვარი არ შეავსო).

აღმოჩნდა, რომ  თანამშრომლობა მედიაორგანიზაციებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და  ბიზნესსექტორს შორის არ არსებობს , ან ურთიერთსარგებლიანობაზეა ორიენტირებული. ყველაზე წარმატებული ურთიერთობა 5-ივე სექტორის წარმომადგენლებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქვთ.

ურთიერთანამშრომლობაში არსებულ პრობლემათა მთავარ მიზეზად შეხვედრებისათვის საჭირო ფინანსების არარსებობა დასახელდა. რესპონდენტთა აზრით, აუცილებელია ნდობის გაზრდა, ადვოკატირებისა და მონიტორინგის ცოდნის გაღრმავება.

რესპონდენტებმა ბოლო სამ წელიწადში ხუთივე სექტორის როლიც შეაფასეს. კრიტერიუმები ასეთი იყო:  საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, საზოგადოების ნდობა და მედიის მიერ საქმიანობის გაშუქება.

მედიის მიერ პრობლემების უფრო ინტენსიურად გაშუქებას  ეთანხმებიან, ან ნაწილობრივ ეთანხმებიან არასამთავრობო,  მედიაორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.  რესპონდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საზოგადოების ნდობა სექტორის წარმომადგენლებთან მიმართებაში გაზრდილია, ასევე გაიზარდა მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სამივე კრიტერიუმში გამონაკლისია ბიზნესსექტორი, რომლის პრობლემებსაც მედია ნაკლებად აშუქებს, არ გაზრდილა საზოგადოების ნდობა და მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„ბიზნეს სექტორი ცალკე სახელმწიფოა სახელმწიფოში, მათ არ უნდათ მედიასთან ურთიერთობა", აღნიშნა ია ანთაძემ.

რეგიონული შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების  მენეჯერმა, ისტორიკოსმა და ქართველოლოგმა  ოლივერ რაისნერმა. მისი თქმით, დისკუსიებმა ის პრობლემები გამოკვეთა, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს.

„ყველაზე მთავარია, რომ  მედია სექტორში დაიწყო ფიქრი, რომ არ არის საკმარისი მარტო გადამზადების ტრენინგები  და საჭიროა სტრუქტურული ცვლილებები მედია სექტორის გასაუმჯობესებლად. შეიქმნა მედიათანამშრომლების პროფკავშირი, ეთიკის ქარტია, ეს არის ის ელემენტები, რომლის დახმარებით  მედიასექტორი ინსტიტუციონალურად უნდა გაძლიერდეს",  უთხრა media.ge -ს რაისნერმა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test